რეზიუმე: ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნული განცხადება 21 ივლისს გააკეთა. მოცემული თარიღისათვის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული პირი უკვე დარეგისტრირებული იყო. მათგან 121 520 პირს 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე მიღებული ჰქონდა. სულ 36 456 000 ლარი გადაირიცხა. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული რიცხვები რეალურ მონაცემს არსებითად ჩამოუვარდება და ივნისის დასაწყისში, განცხადების გაკეთებამდე ერთი თვით ადრე, არსებულ სურათს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ დაკმაყოფილებული განაცხადების წილობრივი მაჩვენებელი 56%, ორ თარიღს შორის არსებითად არ შეცვლილა და ახლოსაა იმ შეფარდებასთან, რაც პოლიტიკოსის განცხადებაში ფიქსირდება (50%). რაც შეეხება აბსოლუტურ მონაცემებს, განცხადების გაკეთების მომენტში, დახმარება არა 66 000-ს, არამედ 3.3-ჯერ მეტს, 218 791 პირს ჰქონდა მიღებული.

ამავდროულად პოლიტიკოსის პათოსი, რომ თვითდასაქმებულებს დაწესებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება უჭირდათ, მთავრობის მიერ მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებით, დადასტურდა. პრემიერ-მინისტრის 6 აგვისტოს განცხადების თანახმად, დახმარების მიმღებად დარეგისტრირებული პირებისათვის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობა მოიხსნა.

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროება დახმარების მიმღებთა რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, ცალსახად უსამართლოა. კერძოდ, დახმარების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდა იმ პირებს, ვინც წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და რეგისტრაციისგან თავი შეიკავა. ამავდროულად კი დახმარებას 80 000-მდე პირი მიიღებს, ვინც ასევე კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, თუმცა, დახმარების მიმღებად მაინც დარეგისტრირდა. თუ ხელისუფლება დახმარების გაცემის წესს ცვლიდა, ეს პოტენციური ბენეფიციარებისთვის დახმარების მიმღებად დარეგისტრირების დასრულებამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი.

სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ მოცემული გადაწყვეტილებით, დამატებითი საბიუჯეტო ხარჯის გაწევის გარეშე, პოლიტიკური დივიდენდის მიღება სცადა. კერძოდ, კრიტერიუმის მოხსნის შემთხვევაში დამხარების მიმღებთა მაქსიმალური ოდენობა 251 ათასამდე პირია და მათი დახმარებით უზრუნველყოფა დამატებით მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსის მოძიების გარეშეა შესაძლებელი, რადგან დახმარება თავიდანვე 250 ათასამდე პირისთვის იყო გათვლილი. შესაბამისად, თუ კრიტერიუმი არ მოიხსნებოდა, უკვე გამოყოფილი 75 მლნ ლარის სრულად ათვისება ვერ მოხდებოდა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კრიტერიუმის მოხსნაზე რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე გასაჯაროვდებოდა, დასახმარებელ პირთა ოდენობა არსებითად გაიზრდებოდა, რასაც დამატებითი სახსრების გამოყოფა დასჭირდებოდა.

ანალიზი

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 132 ათასმა თვითდასაქმებულმა შეაგროვა საბუთები და 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით სახელმწიფოს მიმართა, საიდანაც ხაბეიშვილის განცხადებით მხოლოდ 66 ათასმა მიიღო დახმარება.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულ პირებზე გასაცემი კომპენსაცია ორ პაკეტად იყო გაყოფილი და შემდეგი სახით იყო განსაზღვრული:

1. დაქირავებით დასაქმებულ პირებს, ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფება - 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარი, ჯამში 1 200 ლარი უნდა მიეღოთ. წინასწარი შეფასებით, დახმარებით სარგებლობას 350 000-მდე ადამიანი შეძლებდა და ბიუჯეტს აღნიშნული 460 მლნ ლარამდე დაუჯდებოდა.

2. თვითდასაქმებულ მოქალაქეს ერთჯერადად 300 ლარი უნდა მიეღო, თუ ის შემოსავლის დაკარგვას დაასაბუთებდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 75 მლნ ლარის გამოყოფა და 250 ათასამდე მოქალაქის დახმარება იყო დაგეგმილი.

მთავრობამ თვითდასაქმებულებს დაქირავებულებთან შედარებით 4-ჯერ ნაკლები დახმარება შესთავაზა, ამასთან, საკმაოდ რთულად დასაკმაყოფილებელი პირობებით. შესაბამისად, თვითდასაქმებულთა ჯგუფებში „გამორჩენის“ მაღალი ალბათობა დაუშვა. შედეგად, საწყის ეტაპზევე მარტივად პროგნოზირებადი იყო, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი კომპენსაციის მიღებას ვერ შეძლებდა. აღნიშნული საკითხი დეტალურად „ფაქტ-მეტრის“ სტატიაშია განმარტებული.

21 ივლისის მდგომარეობით, [1] დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია 121 520 პირმა მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული რიცხვები რეალურ მონაცემს არსებითად ჩამოუვარდება და ივნისის დასაწყისში, განცხადების გაკეთებამდე ერთით თვით ადრე, არსებულ სურათს შეესაბამება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაკმაყოფილებული განაცხადების წილობრივი მაჩვენებელი (56%) ორ თარიღს შორის არსებითად არ შეცვლილა და ახლოსაა იმ შეფარდებასთან, რაც პოლიტიკოსის განცხადებაშია მოყვანილი (50%). რაც შეეხება აბსოლუტურ მონაცემებს, განცხადების გაკეთების მომენტში დახმარება არა 66 000-ს, არამედ 3.3-ჯერ მეტ 218 791 პირს ჰქონდა მიღებული.

უშუალოდ საკითხთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებთა რეგისტრაცია 31 ივლისს დასრულდა და ჯამში დახმარების მიმღებად 251 690 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა, საიდანაც 10 აგვისტოს მდგომარეობით, დახმარება 171 801 პირზე (68%) იყო გაცემული, ჯამში 51 540 300 ლარი.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრ გახარიას 6 აგვისტოს განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 300 ლარიან დახმარებას, მიუხედავად იმისა აკმაყოფილებს, თუ - არა წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს, ყველა დარეგისტრირებული თვითდასაქმებული მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულთა უპირობო (კრიტერიუმების გარეშე) დახმარებას ოპოზიციის ნაწილი თავიდანვე ითხოვდა. თუმცა, დახმარების გაცემის პრინციპი მაინც გაურკვეველი რჩებოდა, რადგან უმუშევრებისა და სამუშაო ძალის მიღმა მყოფი პირებისაგან თვითდასაქმებულთა გამორჩევა ობიექტური კრიტერიუმით შეუძლებელი იყო (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). აქვე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დახმარება თავიდანვე 250 000-მდე პირისთვის იყო განკუთვნილი და ოფიციალურად დახმარების მიმღებად, დაახლოებით ამდენივე პირი დარეგისტრირდა, საიდანაც 80 ათასამდე პირი, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დახმარების გაცემის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, იმ სახსრების სრულად ათვისება, რაც მოცემული კომპონენტისთვის იქნა გამოყოფილი, კრიტერიუმების მოხსნის გარეშე ვერ მოხდებოდა. დახმარების მიმღებთა სიის გაფართოება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი დამატებითი სახსრების მოძიებას არ საჭიროებს, რადგან უკვე გამოყოფილი სახსრებიდან ვერ ათვისებული ნაწილი საჭირო მოცულობას თითქმის სრულად დაფარავს. მეორე მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ დახმარება მიიღო იმ თვითდასაქმებულებმა ვინც აცნობიერებდა, რომ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც მოითხოვა დახმარება, უსამართლოა თვითდასაქმებულთა იმ კეთილსინდისიერი ნაწილის მიმართ, ვინც გააცნობიერა, რომ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებდა და დახმარების მიმღებად არ დარეგისტრირდა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

1.პოლიტიკოსის მიერ განცხადების გაკეთების თარიღი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი