ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: მსოფლიო ბანკის „საწარმოთა კვლევაში“ ქრთამის მოთხოვნის სიხშირის კრიტერიუმით, საქართველოს მაჩვენებელი 0.1 %-ით გაუმჯობესდა და 1.3 %-ით განისაზღვრა. ამ მაჩვენებლით საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნების საუკეთესო ათეულშია. ამავე კვლევის მიხედვით, მთელი რიგი კრიტერიუმებით, კორუფციის დონე საქართველოში გაუარესდა. საგრძნობლად გაიზარდა იმ საწარმოების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც კორუფციასა და სასამართლო სისტემას ბიზნესის კეთების მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორებად მიიჩნს. ირაკლი მეზურნიშვილი განცხადებაში კვლევის, მხოლოდ ერთ, პოზიტიურ მაჩვენებელს იყენებს და მისი განზოგადებით ცდილობს, კორუფციის კუთხით ქვეყნის მდგომარეობა დადებითად წარმოადგინოს, მიუხედავას იმისა, რომ, როგორც ამ კვლევაში, ასევე, სხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და ანგარიშებში (მაგალითად: CPI, Freedom House, WJP და ა.შ.), კორუფციის კუთხით საქართველოს მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი.

ანალიზი:

2020 წლის პირველ სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კორუფციისგან ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა. მისი განცხადებით, „რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის კვლევა, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, სადაც საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნებს შორის, საუკეთესო ათეულშია შესული და ეს, რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი მესიჯი და გზავნილი ჩვენი საერთაშორისო ინვესტორებისთვის”.

ირაკლი მეზურნიშვილი განცხადებაში „მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაზე“ საუბრობდა, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს განახლდა. „საწარმოთა კვლევა“ კერძო სექტორის მდგომარეობას მსოფლიოს 144 ქვეყანაში, მრავალი კრიტერიუმით, მათ შორის: ფინანსებზე წვდომა, კორუფცია, ინფრასტრუქტურა, კრიმინალი, კონკურენცია, აანალიზებს. იგი საშუალოდ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

საქართველოში ბოლო „საწარმოთა კვლევა” [1] 2019 წლის მარტიდან, 2020 წლის იანვრის პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 581 დიდი, საშუალო და მცირე საწარმოს [2] მფლობელი და მენეჯერი გამოიკითხა. კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კორუფციის დონის განსაზღვრა წარმოადგენს და ამ მიზნით, 13 სხვადასხვა კრიტერიუმს იყენებს.

“საწარმოთა კვლევის” მიხედვით, ქრთამის მოთხოვნის სიხშირის კუთხით, საქართველოს მაჩვენებელი 0.1 %-ით გაუმჯობესდა და 1.3 %-ით განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს, იმ საწარმოების პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებისთვისაც ქრთამი, ერთხელ მაინც მოუთხოვიათ. ამ მაჩვენებლით საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნების საუკეთესო ათეულშია. ამავე კვლევის მიხედვით, მთელი რიგი კრიტერიუმებით კორუფციის დონე საქართველოში გაუარესდა. კერძოდ, საქართველოში 0.8 %-ით გაიზარდა, იმ საწარმოთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც საგადასახადო უწყებებთან შეხვედრისას, მათთვის იძულებითი საჩუქრის მიცემის მოლოდინი აქვთ. გაიზარდა იმ საწარმოთა რაოდენობა, რომლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მისაღებად, „საჩუქრის“ გაცემა დასჭირდებათ. საქართველოს მაჩვენებელი, „საქმის მოგვარებისთვის“ ქრთამის მიცემის კრიტერიუმითაც გაუარესდა და 2.7 % შეადგინა, რაც, წინა მაჩვენებელზე 0.9 %-ით მეტია. ასევე, საგრძნობლად გაიზარდა, იმ საწარმოების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც კორუფციასა და სასამართლო სისტემას ბიზნესის კეთების მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორებად მიიჩნევენ.

„საწარმოთა კვლევის“ რიგი კრიტერიუმებით საქართველოს დადებითი შეფასების მიუხედავად, აღნიშნული ქვეყანაში კორუფციის დონის სრულ სურათს არ გვაძლევს. „საწარმოთა კვლევა“ საჯარო უწყებების ოფიციალურ მონაცემებს, საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებს არ ითვალისწინებს. კვლევაში წარმოდგენილი მონაცემები გამოკითხული რესპოდენტების შეხედულებებსა და აღქმებს ეყრდნობა, რაც მათ სუბიექტურობაზე მიუთითებს. შესაბამისად, კვლევის შედეგების განზოგადება და მათზე დაყრდნობით ქვეყანაში კორუფციის ზოგადი დონის მიმოხილვა მართებული არ არის. ამასთან, ირაკლი მეზურნიშვილი „საწარმოთა კვლევის“ მრავალი მაჩვენებლიდან, მხოლოდ ერთ-ერთ, პოზიტიურ მაჩვენებელს იყენებს, ხოლო, იმ მაჩვენებლებს, რომლებშიც საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია, უგულებელყოფს. შესაბამისად, ირაკლი მეზურნიშვილი განცხადებაში ფაქტებით მანიპულირებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშთან ერთად, ქვემოთ გთავაზობთ, იმ საერთაშორისო ანგარიშების მოკლე მიმოხილვას, რომლებშიც 2019-2020 წლებში საქართველოში კორუფციის დონეა შეფასებული.

კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ყოველწლიურად აქვეყნებს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევას, რომელიც მსოფლიოს 180-მდე სახელმწიფოს მოიცავს. 2019 წელს საქართველომ 56 ქულა მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 ერთეულით ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით“. ასევე, საყურადღებოა, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს დემოკრატიის სფეროში უკუსვლა ემუქრება. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა, სამართალდამცავი ორგანოებში ძალაუფლების მომეტებული კონცენტრაცია და სასამართლოში პოლიტიკური გავლენებისა და კორუფციის არსებობა იყო დასახელებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

Freedom House

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, “Freedom house", 2020 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2020“, საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლების მშვიდობიანმა ცვლილებამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუწყო, თუმცა ბოლო წლებში, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. ოლიგარქის ძალაუფლება გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის პოლიტიკაზე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, ასევე მედიაგარემოზე. ქვეყანაში კანონის უზენაესობა და შესაბამისად, სასამართლო პოლიტიზებულია. სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები კი არათანმიმდევრულადაა დაცული. ანგარიშის თანახმად, „ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტიანი გამოყენება შეფერხებულია სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობით, ასევე წარმატებული საქმეების ნაკლებობაა იმ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაშია“.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (WJP)

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ 2006 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ და ოცდაერთმა სხვა წამყვანმა ორგანიზაციამ დააფუძნეს. აღნიშნული ქვეყნებს 8 ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს შკალაზე 0-დან 1-მდე, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია კორუფციის, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვისა და სასამართლოს თავისუფლების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი რეგრესი შეიმჩნევა სასამართლოს სანდოობის და ეფექტიანობის ინდიკატორიშც. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 8 საფეხურით გაუარესდა.

ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის ანგარიში

10 ივლისს ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის მესამე ანგარიში გამოქვეყნდა. [3] დოკუმენტი ისეთ სპეციფიკურ სფეროებს ეხება, რომლებშიც პროგრესის შესანარჩუნებლად დამატებითი ქმედებებია აუცილებელი. ეს სფეროებია: არარეგულარული მიგრაცია, განაცხადები თავშესაფარზე, რეადმისია, საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება (მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა და კანონის აღსრულება). კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ანტიკორუფციულ რეფორმებს აგრძელებს. კერძოდ, ანტიკორუფციული სტრატეგია და 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა ანტიკორუფციულ პრიორიტეტებს ისეთ სექტორებში ასახავს, როგორიცაა მართლმსაჯულება, კერძო სექტორი, შესყიდვები და ა.შ. მიუხედავად ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მაღალი დონის კორუფცია კვლავაც გარკვეული შეშფოთების საგანია.

[1] საწარმოთა კვლევა საქართველოში 2008 და 2013 წლებშიც ჩატარდა.

[2] საწარმოთა კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, საწარმო, რომელშიც 5-20 ადამიანია დასაქმებული პატარა საწარმოდ ითვლება. საწარმო, რომელშიც 20-99 ადამიანია დასაქმებული საშუალო საწარმოდ, ხოლო თუ საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, იგი დიდ საწარმოდ ითვლება.

[3] ანგარიში „ევროსტატის“ 2019 წლის მონაცემებს მოიცავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი