Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული პოსტებისა და ვიდეო მასალის მიხედვით, იტალიელი პროფესორი, რობერტო პეტრელა კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებას აკეთებს, რომლებიც პანდემიის შესახებ არსებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება და დაუსაბუთებელი მტკიცებებით შეთქმულების თეორიებს ასაზრდოვებს.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ყალბი ამბის შემცველი პოსტები და ვიდეო მასალა სხვადასხვა წყაროს მიერ ათეულობით ჯგუფში გაზიარდა და ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

იხ. Facebook პოსტებისა და ვიდეო მასალის გამავრცელებელი ჯგუფები და დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბები:

მასალის მომზადებისას გამოყენებულია Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle

დეზინფორმაციული Facebook პოსტების გამავრცელებელი პირადი ანგარიშები:

Facebook-ზე სხვადასხვა წყაროს მიერ იტალიელი გინეკოლოგის, რობერტო პეტრელას ორი ვიდეო მასალა გამოქვეყნდა (ვიდეო 1; ვიდეო 2). ერთი მათგანი იტალიურ ენაზეა და მას აღწერის სახით ქართული ტექსტი ერთვის.

იხ. ტექსტი:

აღნიშნული ტექსტი პანდემიის, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის შესახებ რამდენიმე ცრუ მტკიცებას შეიცავს:

მტკიცება: „როცა ტამპონს გიკეთებენ, იცოდეთ, რომ მათ არ აინტერესებთ, გაქვთ, თუ არა კოვიდ 19. ისინი დაინტერესებული არიან თქვენი გენეტიკური რუქით, რათა გენეტიკური თანმიმდევრობის საფუძველზე შექმნან შერჩევითი ბაქტერიოლოგიური იარაღი. ამით შესაძლებელი იქნება მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გენეტიკური რუქის შედგენა ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, რომლის საშუალებითაც შესაძლო იქნება კონკრეტულ აუდიტორიაზე დარტყმის მიყენება“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. მისი დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ/PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-2-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი. დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, PCR მეთოდი მიიჩნევა. PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან მიიღება. აღსანიშნავია, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის მიღება კორონავირუსის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირების დროს. ხოლო ჩხირი („ტამპონი“, როგორც ეს ტექსტშია მითითებული), რომელიც ამ მასალის ასაღებად გამოიყენება სრულიად უსაფრთხოა.

რაც შეეხება ტესტირების პროცესში მიღებული მასალის მეშვეობით „გენეტიკური რუქის“ შექმნას, რომლის გამოყენებითაც „შერჩევითი ბაქტერიოლოგიური იარაღი შეიქმნება“, ის შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

მტკიცება: „ვაქცინის შექმნის მიზანი კი, არის ჩვენი დნმ-ის მოდიფიცირება და მისი სამიზნე იარაღად გამოყენება სამიზნე ობიექტის არჩევის საფუძველზე“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის ვაქცინები, რომლებიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია, ადამიანის დნმ-ს არ ცვლის, შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინა იარაღად იქნება გამოყენებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება : “ტამპონები ხშირ შემთხვევაში ყალბია და ტყუის. არის მათი დაინფიცირებულობის შემთხვევებიც მსოფლიო მასშტაბით. არ გაიკეთოთ ტამპონი არავითარ შემთხვევაში. ის არ არის სავალდებულო. ის რაც დაგეგმილი აქვთ, ამ ტამპონების გაკეთების სახით, 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა განახორციელონ. გათვალისწინებულია ბავშვების დატესტვაც. ესენი არიან მკვლელები. არ გააკეთოთ ის, რასაც მოითხოვენ თქვენგან”.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემიის პერიოდში მსოფლიოში და საქართველოში COVID – 19-ის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც ფაქტ-მეტრიც წერდა. ტესტირება ადამიანის ვირუსით ინფიცირებულობას 100%-იანი სიზუსტით ვერ ადგნეს. სწორედ ამიტომ, რიგ შემთხვევებში, ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების დასადგენად ტესტირება რამდენჯერმე ტარდება. არსებული ტესტირების მეთოდები კი სრულიად უსაფრთხოა და ნებისმიერი მტკიცება, რომ ისინი სახიფათოა ან ინფიცირებულების გამოვლენის გარდა, სხვა მიზანს ემსახურება, შეთქმულების თეორიაა და ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებულია.

მტკიცება: „გეტყვით იმასაც, რომ ყველა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შტამი, რომელიც მოხმარებაშია 2019-2020 წლებში, შეიცავს კოვიდ 19-ს. იტალიაში გარდაცვლილი პაციენტებიდან 58-ს 60-დან გაკეთებული ჰქონდა ეს ვაქცინა, რომელიც გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, OPEN-ის მიხედვით, რობერტო პეტრელამ აღნიშნული ამბავი წყაროს დასახელების გარეშე გაავრცელა და მას სინამდვილეში ახალი არაფერი უთქვამს, რადგან მანამდე, სანამ პეტრელა ამ საკითხზე ისაუბრებდა, აღნიშნული ყალბი ამბავი იტალიაში ვირუსულად უკვე გავრცელებული იყო. თავის მხრივ კი, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ხსენებული 60 პაციენტის ქეისის შესახებ სამეცნიერო კვლევა, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდებოდა, უბრალოდ, არ არსებობს და მტკიცება, რომ გარდაცვლილები გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყვნენ აცრილნი, რომელიც, “COVID – 19-ს შეიცავდა“, სიცრუეა.

მტკიცება: „არ გაიკეთოთ ვაქცინა, რადგან ის თქვენი დაავადების მიზანს ემსახურება“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინა პრეპარატია, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების აქტიური იმუნიზაციისათვის დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით გამოიყენება. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის პროცესს კი ვაქცინაცია ეწოდება და ის მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან იცავს. ვაქცინა ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის მომზადებას ინფექციებთან საბრძოლველად, ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმის (ბაქტერია ან ვირუსი) არააქტიური ფორმის შეყვანით. ვინაიდან მიკროორგანიზმი დეაქტივირებულია, იგი ვერ გამოიწვევს დაავადებას. თუმცა, ის იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. შემდგომში, თუ ეს მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, იმუნური სისტემა უკვე მზად არის მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაქცინებმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე იქონია. ამის ერთ-ერთი მაგალითი, 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმართული მრავალწლიანი კამპანიის შედეგად, ინფექციური დაავადების, ყვავილის დამარცხებაა. დანიშნულების მხრივ კი, რასაკვირველია, არც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა განსხვავდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიზანს, რომელიც ტესტირების მკაცრი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება, არა ადამიანების დაავადება, არამედ ვირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის იმუნიტეტის შექმნა წარმოადგენს (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე).

მტკიცება: „კორონავირუსი იკურნება და არავითარ საშიშროებას არ უქმნის თქვენს ჯანმრთელობას“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მართალია, კორონავირუსი ხშირ შემთხვევაში იკურნება, თუმცა COVID-19-მა საქართველოში 19, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, 870,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. COVID-19 სეზონურ გრიპთან შედარებით, გაცილებით უფრო საშიშია. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ COVID – 19-ის სიკვდილიანობის კოეფიციენტის განსაზღვრას, თუმცა, არსებული მონაცემებით, მიიჩნევა, რომ ის სეზონური გრიპის ვირუსის შტამების უმრავლესობის სიკვდილიანობის კოეფიციენტზე გაცილებით მაღალია (შესაძლოა 10-ჯერ, ან უფრო მეტჯერაც). სეზონური გრიპისგან განსხვავებით, COVID – 19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული და მასობრივ მოხმარებაში მიღებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის. სწორედ ამიტომ, ქვეყნები პანდემიის საწინააღმდეგოდ მკაცრ ზომებს იღებენ და, მათ შორის, ადამიანთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, ეპიდემიის გავრცელების შეკავებას ცდილობენ. მასობრივი გამოყენებისთვის ვარგისი ვაქცინის მიღება კი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ამ შეზღუდვების მოხსნას შესაძლებელს გახდის.

რობერტო პეტრელას ვირუსულად გავრცელებული მეორე ვიდეო მასალის განხილვას ფაქტ-მეტრი ცალკე სტატიის სახით შემოგთავაზებთ.

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული სიკვდილიანობის კოეფიციენტი 3.4% ივლისის კვლევების მონაცემი იყო, თუმცა ახალი კორონავირუსის კვლევა გრძელდება და დაზუსტებული საბოლოო მონაცემები ჯერ არ არსებობს. ბოლო განახლების (სექტემბერი) მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი სეზონური გრიპის შტამებზე 10-ჯერ ან უფრო მეტჯერ საშიშია თუმცა დაზუსტებული კოეფიციენტი მიღებული არ არის. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ახალი კორონავირუსის ირგვლივ მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს კვლავაც მიადევნებს თვალყურს და შემოგთავაზებთ განახლებებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი