რეზიუმე: საერთაშორისო რეიტინგები და ანგარიშები პირდაპირ მიუთითებენ, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ კუთხით, ბოლო პერიოდის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია. სასამართლოს მდგომარეობის გაუარესებაზე საზოგადოებრივის აზრის კვლევებიც მეტყველებს. მიმდინარე წელს, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სასამართლოს მუშაობას მოსახლეობის 38 % ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს უარყოფითი შეფასება 2015 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება და ამჟამინდელი მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

ანალიზი:

2020 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასამართლოს ნაწილზე “Freedom House-ის” ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, „ჩვენ ამ მიმართულებით უმჭიდროვესი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არის. დღეს ეს პროგრესი აბსოლუტურად ნათელია, თუ შევადარებთ გუშინდელ დღეს. ხვალ ეს პროგრესი იქნება კიდევ უფრო მეტი“.

4 სექტემბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ „Freedom House” ახალი ანგარიში “Nation in Transit 2020” გამოაქვეყნა, რომელშიც 2019 წლის მოვლენებია ასახული. ანგარიშში, საქართველოს დემოკრატიულობის შეფასებამ 3.29-დან 3.25-მდე დაიკლო. ასევე, საქართველოს მდგომაროება „სამართლებრივი ჩარჩოებისა და დამოუკიდებლობის კუთხითაც" გაუარესდა. აღნიშნული კრიტერიუმი ქვეყნის მდგომარეობას ადამიანების უფლებების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეთნიკური უმცირესობების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, ეჭვმიტანილებთან და პატიმრებთან მოპყრობისა და სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კუთხით აფასებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეფასების გაუარესება 2019 წლის ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პოლიტიკურმა პროცესმა გამოიწვია.

ქვემოთ გთავაზობთ, იმ საერთაშორისო ანგარიშების მოკლე მიმოხილვას, რომლებშიც 2019-2020 წლებში საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაა შეფასებული.

კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ყოველწლიურად აქვეყნებს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევას, რომელიც მსოფლიოს 180-მდე სახელმწიფოს მოიცავს. 2019 წელს საქართველომ 56 ქულა მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 ერთეულით ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით“. ასევე, საყურადღებოა, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის ანგარიშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს დემოკრატიის სფეროში უკუსვლა ემუქრება. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა, სამართალდამცავ ორგანოებში ძალაუფლების მომეტებული კონცენტრაცია და სასამართლოში პოლიტიკური გავლენებისა და კორუფციის არსებობა იყო დასახელებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

Freedom House – „თავისუფლება მსოფლიოში 2020“

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, “Freedom house", 2020 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2020“, საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლების მშვიდობიანმა ცვლილებამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუწყო, თუმცა ბოლო წლებში, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. ოლიგარქის ძალაუფლება გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის პოლიტიკაზე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, ასევე მედიაგარემოზე. ქვეყანაში კანონის უზენაესობა და შესაბამისად, სასამართლო პოლიტიზებულია. სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები კი არათანმიმდევრულადაა დაცული. ანგარიშის თანახმად, „ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტიანი გამოყენება შეფერხებულია სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობით, ასევე წარმატებული საქმეების ნაკლებობაა იმ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაშია“.

Heritage Foundation

ამერიკული, გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია “Heritage Foundation-ის“ 2020 წლის ანგარიშის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2020“ თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით, წინა წელთან შედარებით საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და 57.9 ქულით განისაზღვრა. მცირე პროგრესის მიუხედავად, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს 2020 წლის შეფასება 8.6 ქულითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეფასება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 2.5 ქულით ნაკლებია. [1]

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (WJP)

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ 2006 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ და ოცდაერთმა სხვა წამყვანმა ორგანიზაციამ დააფუძნეს. აღნიშნული ქვეყნებს 8 ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს შკალაზე 0-დან 1-მდე, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია კორუფციის, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვისა და სასამართლოს თავისუფლების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი რეგრესი შეიმჩნევა სასამართლოს სანდოობის და ეფექტიანობის ინდიკატორშიც. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 8 საფეხურით გაუარესდა.

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში

2020 წლის 7 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მეოთხე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ის მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისას პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. ამასთან, გაიზარდა ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესში, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა. ასევე აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესმა „სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შესახებ საკუთარი მოსაზრება ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა, რომელშიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესია გაკრიტიკებული (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიმართ ნეგატიური განწყობებია მოსახლეობაშიც.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიმდინარე წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 33 %-ს დადებითი, ხოლო 53 %-ს სასმართლოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. სასამართლოს გამჭვირვალობისა და ღიაობის კუთხით, მოსახლეობის მხოლოდ 30 %-ს მიაჩნია რომ სასამართლო მუშაობა ძალიან ან მეტნაკლებად გამჭვირვალეა. რესპოდენტთა 55 % ფიქრობს, რომ სასამართლო სრულად ან ნაწილობრივ დახურული და გაუმჭვირვალეა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია. კვლევის მიხედვით, საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, ხოლო ამ ადამიანებიდან 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს. ასევე, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ „კლანის“ გავლენის ქვეშ არის. მოსახლეობის 65 %-ს აზრით, სასამართლო მთლიანად ან ნაწილობრივ მიკერძოებულია, ხოლო 49 % ფიქრობს, რომ სასამართლო მთლიანად ან ნაწილობრივ კორუმპირებულია.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)

მიმდინარე წლის 16 იანვარს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ შესრულებული კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 12 % სასამართლოს მუშაობას დადებითად, 31 % საშუალოდ, ხოლო 38 % ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს. აღსანიშნავია, რომ სასმართლოს უარყოფითი შეფასება 2015 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება და ამჟამინდელი მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

ზემოთ განხილული ანგარიშები ნათლად მიუთითებენ, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, სასამართლო სისტემა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საზოგადოებრივი განწყობები და საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ მიუთითებენ კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე, ასევე სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ გავლენებსა და კორუფციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ბოლო პერიოდის საერთაშორისო ანგარიშებში კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია. შესაბამისად, გიორგი გახარიას განცხადება, არის ტყუილი.

[1]ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი დამუშავებულია დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, რადგან საანგარიშო პერიოდში იგი ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყო

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი