დეზინფორმაცია: უკონტაქტო თერმომეტრებით მოქალაქეების დასხივებას ცდილობენ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი სხეულის ტემპერატურის მატებაა, შესაბამისად, არსებული რეგულაციების თანახმად, სხვადასხვა ღია თუ დახურულ საჯარო სივრცეში შესვლის წინაპირობას ტემპერატურის გაზმოვა წარმოადგენს. ასეთებია, მაგალითად, კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, საგამოცდო ცენტრები. 2020-2021 სასწავლო წლისთვის სკოლებისთვის შემუშავებული რეგულაციების თანახმადაც, სკოლის შენობაში შესვლის ერთ-ერთი წინაპირობა თერმოსკრინინგია.

საჯარო სივრცეებში ტემპერატურის გასაზომად, როგორც წესი, უკონტაქტო თერმომეტრები გამოიყენება. აღნიშნულ თერმომეტრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, პოსტების მიხედვით, თერმომეტრს გააჩნია მავნე გამოსხივება, რომელიც ადამიანის ტვინსა და ფსიქიკას აზიანებს. აღნიშნული მანიპულაციები ძირითადად ფეისბუქ ჯგუფ „კორონავირუს/COVID-19 ერთად დავამარცხოთ“ გავრცელდა, სადაც 19 ათასზე მეტი მომხმარებელია.

დეზინფორმაციული Facebook პოსტების გამავრცელებელი პირადი ანგარიშები:

როგორ მუშაობს უკონტაქტო თერმომეტრი და არის თუ არა საზიანო ჯანმრთელობისთვის?

უკონტაქტო თერმომეტრებს სხვაგვარად ინფრაწითელ თერმომეტრებსაც უწოდებენ. ბაზარზე სხვადასხვა სახის უკონტაქტო თერმომეტრი არსებობს, თუმცა მათი მუშაობის სპეციფიკა მსგავსია.

როგორც ერთ-ერთი მწარმოებლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, უკონტაქტო თერმომეტრებს გააჩნია ობიექტივი, რომელიც ობიექტებიდან, მათ შორის, ადამიანის სხეულიდან [1] გამოყოფილი ინფრაწითელი გამოსხივების ფოკუსირებას ახდენს. როდესაც ინფრაწითელი შუქი თერმომეტრის დეტექტორის ზედაპირზე ხვდება, სითბოდ გარდაიქმნება, რაც შემდეგ ტემპერატურაში გამოისახება. რაც უფრო დიდია სხეულის ინფრაწითელი ენერგია, დეტექტორი უფრო ცხელდება, და, შესაბამისად, თერმომეტრი მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტიპის თერმომეტრი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენებით ადამიანების დასხივება შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ უკონტაქტო თერმომეტრს ლაზერი გააჩნია, რომელიც თერმომეტრით მიზნის ფოკუსირებას ემსახურება.

უკონტაქტო თერმომეტრები, ძირითადად, შუბლზე გამოიყენება, რამდენადაც აღიარებულია, რომ აღნიშნული არე ერთ-ერთია, რომელზეც ტემპერატურის გაზომვა მაღალი სიზუსტით შეიძლება. თუმცა, არასათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, თერმომეტრმა არაზუსტი ტემპერატურა გვიჩვენოს.

ამერიკის „კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტოს“ (USFDA ) ინფორმაციის მიხედვით, უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრების გამოყენება დაავადებათა გავრცელების რისკს ამცირებს და სწრაფად ზომავს ტემპერატურას; ასევე, მარტივია გამოსაყენებლად და გასასუფთავებლად. თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ სხვადახვა ფაქტორებმა (მაგალითად, გარემომ, თავსაბურავებმა, არასწორი პოზიციის შერჩევამ) შესაძლოა, ტემპერატურის სიზუსტეზე იმოქმედოს.

აღსანიშნავია, რომ უკონტაქტო თერმომეტრის მავნებლობასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია (მაგალითად, ის რომ თერმომეტრებს ტვინის უჯრედებისა და მხედველობის დაზიანება შეუძლია) არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ვრცელდება, მათ შორის ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ფაქტების გადამმოწმებელი არაერთი ორგანიზაცია წერს, რომ მსგავსი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება (იხილეთ ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4).

ფოტო: Shutterstock.com

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი