ბოლო დროს აჭარის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, ყოველდღიურად, 100-ს აღემატება. საზოგადოების ნაწილი ვირუსის არსებობას მაინც სკეპტიკურად უყურებს და აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და წესებს არ იცავს. ეს, თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებს, პრევენციის მიზნით, არაერთი შეზღუდვა დაუწესა, ქვეყანაში პანდემიის შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა და აგვისტოს მეორე ნახევრიდან COVID-19-ის ახალი კერები გაჩნდა. ეპიდსიტუაციამ განსაკუთრებული ძალით ბათუმსა და ქობულეთში იფეთქა. ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, წყაროს მიკვლევადობა გართულდა და ბოლოს შემთხვევების კლასტერებად დაყოფაც შეწყდა.

აჭარა, სადაც 30 აპრილის შემდეგ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, „მწვანე ზონა“ იყო და ამ სტატუსს აგვისტოს ბოლომდე ინარჩუნებდა. 8 სექტემბერს კი ინფექციური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ „აჭარა წითელი ზონაა“.

საქართველოში ტესტირებების რაოდენობა გაიზარდა. ბათუმში ტესტირებას ყოველდღიურად ასობით ადამიანი იტარებს, მათ შორის ბევრი - განმეორებითაც. ვინაიდან კოვიდვირუსი ბევრს დაუდასტურდა, ერთი საავადმყოფო პაციენტების სამართავად საკმარისი არ აღმოჩნდა და პროცესში კიდევ რვა კლინიკა ჩაერთო.

ბათუმში კლინიკა „მედალფამ“ პირველმა მიიღო კოვიდპაციენტები. მაშინ ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული დირექტორი ლევან ანთაძე იყო. ის, ასევე, ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მას შემდეგ, რაც კლინიკამ თავისი მისია დაასრულა და კოვიდით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გაეწერა, ლევან ანთაძემ დირექტორის პოსტი დატოვა, მაგრამ მიზეზზე არ უსაუბრია. თუმცა, პანდემიის მართვის მეთოდებთან დაკავშირებით, კრიტიკული მოსაზრება არაერთხელ გამოთქვა, მათ შორის, ფაქტ-მეტრთანაც. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს, „ციხეკარანტინებში“ფულის ხარჯვის ნაცვლად, თანხა მედპერსონალის სახელფასო დანამატებში, პირველადი ჯანდაცვისა და ლაბორატორიების გაძლიერებაში უნდა დაეხარჯა.

ამის შემდეგ, ლევან ანთაძემ მედიასთან განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ PCR ტესტირების რაოდენობის მატებამ ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია, რის გამოც პასუხი იგვიანებს, ან ნაკლებად სანდოა. მისივე თქმით, არსებობს მედპერსონალის დეფიციტი და არასაკმარისია საწოლების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მოქმედი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ყველა პაციენტი საავადმყოფოში უნდა მოხვდეს, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, ხოლო კლინიკების მწირი დაფინანსება და მედპერსონალის, ასევე, კლინიკების გადატვირთულობა ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის, რადგან შედარებით რთულად ან რთულად მიმდინარე დაავადების მქონე კოვიდპაციენტების განთავსება პრობლემა ხდება. ლევან ანთაძემ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციები შესთავაზა:

აჭარაში გაიზარდოს PCR ლაბორატორიების რაოდენობა; შეიცვალოს კოვიდინფექციის მართვის პროტოკოლი, რაც გულისხმობს მსუბუქად მიმდინარე დაავადების მართვას თვითიზოლაციის პირობებში, რისთვისაც აუცილებელია პროცესში პირველადი ჯანდაცცვის რგოლის აქტიური ჩართვა; მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, კოვიდთან მომუშავე ყველა პერსონალს დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი და ეს უნდა შეეხოს როგორც კოვიდკლინიკებს, ისე - PCR ლაბორატორიებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ცხელების ცენტრის თანამშრომლებს.

ლევან ანთაძის განცხადებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა კოვიდს ებრძვის და იმის დრო არ აქვს, „პოლიტიკურად ანგაჟირებულ სპეკულაციებში ჩაერთოს და ეს არის პასუხი ყველას, მათ შორის, პოლიტიკოსების მიმართ, განსაკუთრებით, ეპიდემიოლოგების მიმართ, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური მოტივები, როცა გარკვეულ გეგმებს წარმოადგენენ.“

ლევენ ანთაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, თუმცა პროფესიით ექიმი და ასევე, წინა ხელისუფლების პერიოდში, მას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტიც ეკავა. იყო, თუ - არა მისი რეკომენდაციები პოლიტიკურად მოტივირებული, ან არის, თუ - არა ის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს კითხვა ასეთივე წარმატებით შეიძლება დავუსვათ უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიის გავრცელების დღიდან მიიჩნევენ, რომ ერთადერთი სწორი მიდგომა იპოვეს და არანაირი საწინააღმდეგო აზრის მოსმენა არ სურთ. თუმცა ანთაძის განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში აჭარაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩამოვიდნენ, რამდენიმე დღე დარჩნენ და პანდემიის მართვის ახალ მეთოდებზე შეთანხმდნენ. ეს მეთოდები კი ოპოზიციის რეკომენდაციების ნაწილს ემთხვევა. გამოდის, რომ მთავრობისთვის თავად რეკომენდაციები კი არ იყო მიუღებელი, არამედ ის, რომ მათი ავტორი ოპოზიცია იყო.

მოკლედ, ამირან გამყრელიძემ თქვა: „დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით, აჭარაში, მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა ჩატარდება, შემდეგ, მესამე-მეოთხე დღიდან კი - საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე, აჭარაში მალე იწყება სახლში ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ. ეს ეხება მხოლოდ მსუბუქ შემთხვევებს“. მისივე თქმით, აჭარაში ოჯახის ექიმები ხელმეორედ გადამზადდებიან.

ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ მარტში, პანდემიის საწყის ეტაპზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინა ტიკარაძე აცხადებდა, რომ 80-82%-მდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ასეთი პაციენტები სახლში მიიღებენ ოჯახის ექიმის მომსახურებას. ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინ დააანონსა, რომ დაწყებული იყო 2 000 ოჯახის ექიმის გადამზადება და პროცესი, დაახლოებით, ორ კვირას გასტანდა.

სანამ საქართველოს მთავრობა და ეპიდემიოლოგები პანდემიის მართვაში არავის რჩევებს არ ითვალისწინებენ და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ (ან ვერ სწავლობენ), საზოგადოების ნაწილი პანიკამ და უკმაყოფილებამ მოიცვა. დეზინფორმაციაზე, რომ კოვიდი არ არსებობს, აღარაფერს ვამბობთ, ამის გასაბათილებლად ფაქტ-მეტრი აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი წერს საზოგადოებრივ ქსელებში, რომ ტესტის პასუხი ხშირად მცდარია და განმეორებით ტესტირება სხვა შედეგს აჩვენებს. ასევე უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ პასუხის მიღება გვიანდება, ან აღმოჩნდება, რომ ტესტირების შედეგს, სანამ თვითონ მოქალაქე არ მოიკითხავს, მანამდე ვერ იგებენ. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა სიმპტომებიანი მოქალაქეები სახლში იყვნენ და ითხოვდნენ, რომ მათთან ვინმე მისულიყო და კლინიკაში გადაეყვანა. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა - პერსონალისა და სხვა რესურსების დეფიციტზე, რის გამოც პანდემიის კონტროლი და ინფიცირებულების მართვა სულ უფრო ძნელი ხდება.

18 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სერგი კაპანაძემ ნათია თურნავას ჰკითხა, მიაჩნდა, თუ - არა სწორად, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე „დრაკონული შეზღუდვები“ შემოიღეს და ახლა, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 200 ადამიანს აღწევს, მსგავსი შეზღუდვები საჭირო აღარაა. კაპანაძემ მინისტრს სთხოვა, გადაწყვეტილების ლოგიკა საზოგადოებისთვის აეხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რომ მთავრობა პროცესს წარმატებულად მართავს.

ამ „წარმატებული“ მართვის შედეგად აჭარის სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, როგორც მთავრობა აცხადებს, კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო. თუმცა ფაქტია, რომ სკოლების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის, შესრულება ვერ მოასწრო. ამის შესახებ ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა. გარდა ამისა, დაიხურა არაერთი კერძო ობიექტი და ადამიანები სამსახურების გარეშე დარჩნენ. აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, თუმცა კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს მაინც მართავენ. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, სოციალურ ქსელში გამოჩნდა უმრავლესობის მაჟორიტარი კანდიდატების ფოტოები, როცა საარჩევნო კამპანიაში ბავშვების ჩართულობა სახეზეა. უფრო მეტიც, რამდენიმე შემთხვევაში არასრულწლოვნები „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი მაისურებითა და ატრიბუტებით არიან წარმოდგენილი. ეს მაშინ, როცა მთავრობა ბავშვებს საკლასო ოთახებში იმიტომ არ უშვებს, რომ, მისივე თქმით, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, სეზონი არ შედგა. აჭარაში საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მფლობელებმა არაერთი აქცია გამართეს და სესხის გადავადება მოითხოვეს, რადგან, როგორც თვითონ აცხადებენ, მათ ქონების დათმობა ვალის სანაცვლოდ მოუწევთ. მათი მდგომარეობა კრიტიკულია, მით უფრო, იმ ფონზე, როცა სახელმწიფომ არაერთ დიდ სასტუმროში საკარანტინო სივრცე მოაწყო და ამისთვის მილიონობით ლარი გადაიხადა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრმა ჯერ კიდევ მაისში გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოგვიანებით, საერთაშორისო გამოცემა bellingcat-მა თავის სტატიაში წყაროდ გამოიყენა.

საზღვრების დაკეტვამ დააზარალა თურქეთში სეზონურად და ყოველდღიურად გადამსვლელი თვითდასაქმებულები, რომელთა ნაწილიც დღემდე საზღვრების გახსნას ითხოვს, რადგან აუცილებელი სამთვიანი მიწვევა ვერ მიიღო (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდის მართვის პროცესში რვა კლინიკაა ჩართული, საწოლფონდის ჯამური რაოდენობა 600 ერთეულს აღემატება. ეს რესურსი საკმარისი არ არის და ჯერჯერობით, არც ბინაზე მკურნალობა მიმდინარეობს, რადგან ოჯახის ექიმების ტრენინგი ახლა მიმდინარეობს ორ პირველადი ჯანდაცვის რგოლში. ზუსტი რაოდენობა ოჯახის ექიმებისა, რომლებსაც ტრენინგები უტარდებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ დაგვისახელა. ტესტირების დაგვიანებული პასუხები, გადატვირთული კლინიკები, მედიკოსების ინფიცირების მომატებული შემთხვევები და უკმაყოფილო პაციენტების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები სულ უფრო მეტი მოქალაქის უნდობლობის მიზეზი ხდება. მთავრობა კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი