აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსი COVID-19 მთელი ძალით მძვინვარებს. კოვიდპაციენტების მიმღები რვა კლინიკა ინფიცირებული მოქალაქეების მომსახურებას ვერ აუდის, პაციენტების ნაწილი სახლში მკურნალობაზე გადავიდა, ნაწილი - კოვიდსასტუმროებში შეიყვანეს (ამ მიმართულებით დიდი გაურკვევლობაა, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ), რესტორნები საღამოს 10 საათიდან დილამდე დახურულია, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები აქციას აქციაზე მართავენ და სესხების ერთი წლით გადავადებას (პროცენტის დარიცხვის გარეშე) ითხოვენ, სკოლებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ბაღები არ გახსნილა, აჭარის უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, სწავლა დისტანციურად განახლდება. მოკლედ, მოქალაქეების დიდი ნაწილი მთავრობას კოვიდსიტუაციის მართვის უნარებს უწუნებს.

ამ ვითარებაში კი აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო - გამარტივებული წესით შეისყიდა მომსახურება, რომელის საგანსაც წარმოადგენს კვების ობიექტების (მათ შორის, საოჯახო სასტუმროების) წარმომადგენლებისთვის აჭარის ტრადიციული სამზარეულოს თემაზე კულინარიული ღონისძიებების უზრუნველყოფა, რაც მასტერკლასების ორგანიზებას, ლექციების ჩატარებასა და ტურისტული სერვისის მიმწოდებლებისთვის სახელმძღვანელო ვიდეოების შექმნას გულისხმობს.

კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დეპარტამენტმა, ა(ა)იპ „ქართული სამზარეულოს განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციასთან“ გამარტივებული წესით გააფორმა 56 245-ლარიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელმა მომსახურება 2020 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა განახორციელოს.

ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, 26 445 ლარი პროექტის საორგანიზაციო საკითხების, მათ შორის, ადამიანური რესურსებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო პროექტის ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის, რაც, ასევე, ადამიანურ რესურსსაც მოიცავს, გამოყოფილია 29 800 ლარი.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანს რეგიონის ტურისტული ობიექტების სერვისის დონის ამაღლება და სამომავლოდ სტუმრებისთვის მეტი ტრადიციული კერძის შეთავაზება წარმოადგენს. ასევე საუბარია ავთენტური კერძების სერვირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, აჭარული გასტრონომიის პოპულარიზაციაზე, თემატური ვიდეორგოლებისა და ტრადიციული სამზარეულოს ფოტომასალის შექმნაზე.

პროექტის ფარგლებში, სავარაუდო ლოკაციებად შერჩეულია ქობულეთის, ხელვაჩაურის ან/და ხულოს, ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტები. მასტერკლასებს ხუთი ცნობილი შეფმზარეული ჩაატარებს.

რა აუცილებლობით იყო გამოწვეული აღნიშნული პროექტის განხორციელება, მით უფრო, მომსახურების გამარტივებული შესყიდვა მაშინ, როცა არსებულ ვითარებაში, ტურისტული სეზონი ჩავრდა, საოჯახო სასტუმროებს მომხმარებელი, ფაქტობრივად, არ ჰყავდათ და დიდი ალბათობით, მიმდინარე წელი ისე დასრულდება, რომ სტუმრიანობის მოლოდინი არც უნდა ჰქონდეთ? - ფაქტ-მეტრმა ამ კითხვით აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიაა, მთლიანად შეგვეცვალა რიგი პროექტები. თუმცა არის პროექტები, რომლებიც ეხება ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას. მათ შეცვლილი ფორმატით ვახორციელებთ, მოვარგეთ კოვიდსტანდრტებს. ნებისმიერ წუთში, როცა ტურიზმი ამუშავდება, კონკურენცია იქნება დიდი. მოგეხსენებათ, ეკოტურიზმი, სოფლად ტურიზმი, მთიანი აჭარა არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი, რადგან ღია ცის ქვეშ მოგზაურობას ენიჭება პრიორიტეტი. იმისთვის, რომ ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე, სერვისი და ტურისტული პროდუქტი არის განსაკუთრებული გამოწვევა. ჩვენ შევქმენით ელექტროპლატფორმა, ვწერთ ვიდეოგაკვეთილებს და ის განთავსდება ამ პლატფორმაზე. რაც შეეხება მასტერკლასს, ეს არის განსხვავებული ფორმატის, შოუს ელემენტებით. ცალკე ვიღებთ ვიდეომასალას.

კოვიდპანდემია საგანმანათლებლო პროგრამებთან ნაკლებად არის დაკავშირებული. ჩვენ ეს პროგრამები არ გავაჩერეთ. დიახაც, პანდემიის დროს არსებული სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად განვითარებისთვის და ახლა უნდა მოვამზადოთ ის პლატფორმები, რომლებიც ჩვენ შემდეგ მუშაობას გაგვიადვილებს. დღეს რომ მთიანი აჭარა შემოვიაროთ, შესაძლებელია, რესტორანში აჭარული ტრადიციული კერძები ვერ აღმოვაჩინოთ. ავტორიტეტული შეფმზარეულების დახმარებით, შევეცდებით, მოდურად ვაქციოთ ის კერძები, რომლებზეც აქამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია. ჩვენს მეწარმეებს თუ დავეხმარებით ახლა, რომ იცოდნენ, როგორ უნდა მიიტანონ მაგალითად, ბორანო სუფრასთან, რათა აქციონ ტურისტულ პროდუქტად, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთდეს. საუბარია ყველაზე ცნობილ შეფმზარეულებზე, რომლებიც მასტერშეფში მონაწილეობენ და ასეთი სულ ოთხი ადამიანია საქართველოში, რომლებიც ჩვენ ამ პროექტისთვის შევარჩიეთ და შედეგზე გასვლა გვინდა.

შედეგისა და მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო, რომ შესყიდვა მომხდარიყო გამარტივებულად, რადგანაც ეს არის ინტელექტუალური შოუს ელემენტებით სპეციალურად დადგმული ამბის მოტანა, რომელიც მათ უნდა გახადონ პოპულარული. ერთადერთი აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ იმაზე, რომ ორგანიზაცია არ ყოფილიყო სტანდარტული ტრენინგების განმხორციელებელი. ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება სამ კულინარიულ ორგანიზაციასთან, მივმართეთ მათ კვლევისთვის, ამის დოკუმენტაცია არსებობს. შევარჩიეთ ერთი ორგანიზაცია ფასის მიხედვით, რომელმაც წარმოადგინა ის შეფმზარეულები, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. ჩვენ ინტელექტუალურ პროდუქტს ვყიდულობთ, თორემ თვითონაც არ მივესალმებით გამარტივებულ შესყიდვებს“, - განმარტა ჩვენთან კომენტარისას თინათინ ზოიძემ.

ჩვენ საოჯახო სასტუმროების მფლობელებსაც გავესაუბრეთ. მათ ვინაობის გასაჯაროება არ ისურვეს, თუმცა გვითხრეს, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, მათი თქმით, ამ ეტაპზე პირველი რიგის პრობლემას ჩავარდნილი ტურისტული სეზონით მიღებული ზარალი ქმნის და მასტერკლასები არაფერში გამოადგებათ, რადგან, შესაძლია, მომავალ წლამდე ბიზნესის შენარჩუნება ვერც შეძლონ.

ფოტო: მთის ამბები

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი