მიხეილ სააკაშვილი: მთლიან ეროვნულ [შიდა] პროდუქტში შიდა [მთლიანი] ვალის ოდენობა აღემატება 60%-ს

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი

რეზიუმე: პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებაში ბუკვალურად შიდა ვალს ახსენებს, თუმცა მისი სრული ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ მთლიანი სახელმწიფო ვალის მოცულობას გულისხმობს. სახელმწიფოს ან მთავრობის მთლიანი ვალი შიდა და გარე სახელმწიფო/სამთავრობო ვალის ჯამს წარმოადგენს. 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით, მთლიანი სახელმწიფო ვალი დაახლოებით 27 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის, შიდა ვალი - 6.2 მლრდ ლარი, ხოლო საგარეო ვალი 20.7 მლრდ ლარია.

რაც შეეხება დასახელებული მონაცემის შესაბამისობას რეალობასთან, არათუ საშინაო ვალის, მთლიანი სახელმწიფო ვალის განხილვის შემთხვევაშიც, განცხადება მაინც არ იქნებოდა ზუსტი. აგვისტოს მონაცემებით, მთლიანი სახელმწიფო ვალი მოსალოდნელი მშპ-ს დაახლოებით 53.6%-ს შეადგენს, შიდა ვალი 12.4%-ს, საგარეო ვალი კი - 41.2%-ს. მიმდინარე მონაცემებით, არც მთლიან სახელმწიფო ვალს და მით უფრო, არც საშინაო ვალს, მშპ-ს 60%-სთვის არ გადაუჭარბებია, უშუალოდ დასახელებული საშინაო ვალის მოცულობა მშპ-ს 12.4%-ია, რაც თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებელი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელზე დაყრდნობით მსჯელობა ძნელია, ვინაიდან მისი მოცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული პანდემიის გავრცელების მასშტაბებსა და მასზე რეაგირების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების სიმკაცრეზე. ასევე, უშუალოდ მიმდინარე წელს, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის არსებითი ზრდა სხვა ფაქტორებთან ერთად (მაგ. ლარის კურსის ცვლილება), პანდემიის გავლენაზე რეაგირების მიზნით აღებული ახალი ვალდებულებებით არის განპირობებული.

ანალიზი:

ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა (3:30-დან): „ერთიან ეროვნულ პროდუქტში, შიდა ვალის ოდენობა აღემატება 60%-ს... რამდენიმე თაობას მოუხდება ამ საშინაო თუ საგარეო ვალების გადახდა“

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ვალის ანალიზი ფარდობითი [მშპ-თან) მონაცემების საშუალებით მსჯელობა, სწორი მიდგომაა. ხშირად, პოლიტიკოსები, ვალზე საუბრისას მხოლოდ აბსოლუტურ მონაცემებს ასახელებენ (მაგ: ვალი გაიზარდა 20 მლრდ ლარით), რაც არასწორი მიდგომაა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი.

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ პოლიტიკოსი ხაზს უსვამს შიდა ვალის მოცულობას, როდესაც სახელმწიფოს ან მთავრობის მთლიანი ვალი, [1] წარმოადგენს შიდა და გარე ვალის ჯამს. ცხრილ 1-ში გამოსახულია სახელმწიფო ვალის აბსოლუტური [2] სტატისტიკა. [3] 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით, მთლიანი სახელმწიფო ვალი შეადგენს დაახლოებით 27 მლრდ ლარს, მათ შორის, შიდა ვალი - 6.2 მლრდ ლარს, ხოლო საგარეო ვალი 20.7 მლრდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, მთლიანი ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 17.8 მლრდ ლარით გაიზარდა, მათ შორის, შიდა ვალის მოცულობა - 4.3 მლრდ ლარით, ხოლო საგარეო ვალის მოცულობა 13.5 მლრდ ლარით გაიზარდა.

ცხრილი 1: სახელმწიფო ვალის აბსოლუტური სტატისტიკა 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებლის მონაცემები ასახულია ცხრილ 2-ში. როგორც წესი, მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლად გამოიყენება ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. აგვისტოს მონაცემებით, მთლიანი სახელმწიფო ვალი მოსალოდნელი მშპ-ს დაახლოებით 53.6%-ს შეადგენს, ხოლო შიდა ვალი - 12.4%-ს, საგარეო ვალი კი - 41.2%-ს.

ცხრილი 2: სახელმწიფო ვალის აბსოლუტური სტატისტიკა 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ვალის მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს გარკვეულწილად პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისით არის განპირობებული. თუმცა, მიმდინარე მონაცემებით არც სახელმწიფო და მით უფრო, არც საგარეო ვალს, მშპ-ს 60%-სთვის არ გადაუჭარბებია.

[1] სახელმწიფო ვალი წარმოადგენს მთლიან სამთავრობო (შიდა+გარე) ვალისა და ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჯამურ მაჩვენებელს.

[2] რიცხვებში და არა ფარდობით მაჩვენებელში წარმოდგენილი მონაცემი.

[3] ვალის მოცულობა დაანგარიშებულია ე.წ ისტორიული ვალისჩათვლით. ისტორიული ვალიშეადგენს საბჭოთა კავშირის დროს წარმოქმნილ ვალდებულებებს, რომელთა მხოლოდ საორიენტაციო ოდენობაა ცნობილი (672.3 მლნ ლარი)

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი