ანალიზი

რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა. მოსკოვის თანახმად, ის ვაქცინის მასობრივი წარმოების დაწყებას სექტემბერში, ხოლო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და, მეტიც, ის მისმა ქალიშვილმა უკვე მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.

რეალურად რუსული ვაქცინის ტესტირება საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა. ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. დანიელ სალმონის მსგავსად, სხვა მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილიც რუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევს.

რუსეთის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ეჭვი აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც, შეიტანა. მისი აზრით, ყველას შეუძლია გამოაცხადოს, რომ ვაქცინა აქვს, თუმცა მთავარია, მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დადასტურდეს. ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ „რუსები და ჩინელები ვაქცინას რეალურად ტესტავენ, სანამ მას ვინმეს გამოუწერენ“. ერთ-ერთ ინტერვიუში, ფაუჩიმ ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები ღიად გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ კვლევებზე არ სმენია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, რუსულ ვაქცინას ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია - მისი შედეგები გამოქვეყნებული არ არის. ამდენად, გამყრელიძე რუსულ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს: „ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი-მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის“. ამავე საკითხზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა და შეთქმულების თეორიის მიმდევრებს მიმართა: „გულწრფელად მაინტერესებს, აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც ჰგონია, რომ ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს?! სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა. მის ხარისხზე, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო დატესტილი, რა შედეგები ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ“.

კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინა გამოყენებისთვის ტესტირების მესამე ფაზის გავლის გარეშე დაამტკიცა (ვაქცინის ტესტირების შესახებ ზოგად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

საქართველოში პრორუსულმა მედიამ რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცება სხვადასხვანაირად გააშუქა. „ფაქტ-მეტრის“ წინა სტატიებში პრორუსული გამოცემების -„საქართველო და მსოფლიო“ და „სპუტნიკი“ - პროპაგანდა და დეზინფორმაცია იყო განხილული.

„ნიუსფრონტის“ ქართულმა რედაქციამ რუსული ვაქცინის საკითხი სხვა პრორუსული მედიებისგან განსხვავებული ტაქტიკით გააშუქა. მას რუსულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიოსა“ და „სპუტნიკის“ მსგავსი პროპაგანდისტული მასალა არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ამავდროულად, „ნიუსფრონტმა“ არც რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებული კრიტიკული შეკითხვები გააშუქა. მისი განსხვავებული ტაქტიკა ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ახალი ამბებს შერჩევითად აქვეყნებდა. მან გააშუქა მხოლოდ ის სიახლეები, სადაც რუსული ვაქცინა გაკრიტიკებული არ იყო.

„ნიუსფრონტის“ სტატიაში - „კორონავირუსის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა - პუტინი“ ძირითადად რუსეთის პრეზიდენტისა და ჯანდაცვის მინისტრების ციტატებია მოყვანილი. სტატიაში წყაროდ „სპუტნიკის“ შემდეგი სამი მასალა გამოიყენა:

1. მსოფლიოში პირველი: რუსეთი კორონავირუსის ვაქცინას დაარეგისტრირებს;

2. რუსეთმა ანტიკორონავირუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაასრულა;

3. „ვექტორი“: ვაქცინის მასობრივი წარმოება რუსეთში წლის ბოლოს დაიწყება.

გარდა ამისა, „ნიუსფრონტმა“ „ნიუპოსტის“ სიახლე გამოაქვეყნა სათაურით: „ვლადიმირ პუტინი: მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა, ჩემი ქალიშვილი უკვე აიცრა“. „ნიუსფრონტმა“ კიდევ ერთი სტატია რუსული ვაქცინის ცხვირში ჩაწვეთების გზით გაკეთებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

„ნიუსფრონტმა“ ვებგვერდზე ახალი ამბების სააგენტო GHN-ის სიახლე, სათაურით „კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი სამამულო ვაქცინა შევქმენით - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო“ გამოაქვეყნა.

ახალი ამბების შერჩევითად გამოქვეყნების ხერხი გამოჩნდა „ნიუსფრონტის“ კიდევ ორ სიახლეში, რომლებიც „პრაიმტაიმიდან“ და „ინტერპრესნიუსიდან“ გადაიტანეს -

1) მოლდოვას პრეზიდენტი მზად არის რუსული ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადოს

2) ფილიპინების პრეზიდენტი: მჯერა, რომ ვაქცინა, რომელიც რუსეთმა შექმნა, ნამდვილად სასიკეთოა მსოფლიოსთვის; მე ვიქნები პირველი, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდება.

ამასთან, 18 აგვისტოს „ნიუსფრონტმა“ მანიპულაციური Facebook-პოსტიც გამოაქვეყნა ტექსტით:

რეალურად, აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინასთან მიმართებით ეჭვები მართლაც აქვს. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ რუსი ჰაკერები ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში დაადანაშაულეს. ამდენად, ნიუსფრონტის სატირული პოსტი უსაფუძვლოა, რადგან მოსკოვი თავად ცდილობდა ამერიკული, ბრიტანული და კანადური კვლევითი ცენტრებიდან ინფორმაციას მოპარვას.

წყაროს შესახებ

„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front-ი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან („ეფ-ეს-ბე“) ფინანსდება. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტი“ რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს „როსკომნადზორის“ ბრძანებით არის დაარსებული. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა Russia Today, „სპუტნიკი“ და RIA Novosti.

„ნიუსფრონტის“ საქართველოს ოფისსაც არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია მათ შორის, კორონავირუსის შესახებ. მისი Facebook-გვერდის ადმინისტრატორი იყო - კონსტანტინე ჩიკვილაძე, რომელიც ამავდროულად პრორუსული გაზეთის - „საქართველო და მსოფლიო“ – Facebook-გვერდსაც მართავდა. „ნიუსფრონტის“ ქართული ოფისის რედაქტორები შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე არიან. გულბაათ რცხილაძე „ევრაზიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მისი ინტერვიუების მიხედვით, ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან იდეალური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, საქართველოს NATO-ში შესვლა ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას გამოიწვევს. რაც შეეხება შოთა აფხაიძეს, იგი 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის გამო დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი გახდა. მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტის დროს ბრიფინგებსა და ინტერვიუებში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობას სააკაშვილის მხრიდან“.

30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც წაიშალა. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით „ნიუსპრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა. თუმცა „ნიუსფრონტი“ Facebook-ში აქტიურობას კვლავ განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - „როგორ განაგრძობს საქმიანობას „ნიუსფრონტი“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი