პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ სამოქმედო პროგრამები წარადგინეს და დაპირებები გასცეს. დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიმართულებით პარტიების დაპირებები შემდეგნაირია:

„ქართული ოცნება“: „მომავალ 4 წელიწადში დამატებით 13 000 დევნილ ოჯახს ექნება ღირსეული საცხოვრებელი“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:„ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 თვეში ყველა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფა“.

„ლელო“: „პრიორიტეტულად დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით“.

„ევროპული საქართველო“: „საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამები იქნება მრავალფეროვანი (ახალი მშენებლობები, არსებული შენობების გარემონტება, სოფლად სახლების შესყიდვა, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ა.შ.), დაცული იქნება პარიტეტი კომპაქტური დასახლებების დევნილებსა და ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულ დევნილ ოჯახებს შორის და აღნიშნული ღონისძიებები თავიდან აგვაცილებს დევნილთა მიერ წლობით საცხოვრებლის რიგში დგომას“.

როგორც ვხედავთ, კონკრეტულ დროში გაწერილ დაპირებას მხოლოდ ორი პარტია გასცემს, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ჩვენ, შევეცდებით, განვიხილოთ, რამდენად რეალურია ეს დაპირებები.

დღეის მონაცემით დევნილთა ბაზაში 90 156 ოჯახია რეგისტრირებული, არც რაოდენობრივად 283 271 პირია.

ბოლო მონაცემით, საცხოვრებელი ფართით დევნილთა 43 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 48.6%-ია. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ დევნილი ოჯახების 51,4%-ია დარჩენილი (69 156 ოჯახი).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართობი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათგან 10 804 დევნილი ოჯახი ახლადაშენებულ კორპუსში შესახლდა, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ სახლი 4 117 დევნილ ოჯახს შეუსყიდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობი კი მასში მცხოვრებ 5 334 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. შესაბამისად, 8 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 2 625 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კიდევ 26 წელი მაინც დასჭირდება. 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 1480 ოჯახი კმაყოფილდებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას 12 თვეში გეგმავს. განვლილი წლების სტატისტიკის მიხედვით, ერთ წელიწადში 69 156 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, როდესაც წინა წლების პრაქტიკით, წელიწადში საშუალოდ 2625 ოჯახი კმაყოფილდებოდა, წარმოუდგენელია. მომავალ წელს კოვიდპანდემია, როგორც სპეციალისტები აანონსებენ, კვლავ იქნება. პანდემიის პირობებში, როდესაც ფინანსური რესურსი შეზღუდულია, ძნელი წარმოსადგენია, რომ მხოლოდ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მობილიზება გახდეს შესაძლებელი. ბოლო 8 წლის განმავლობაში დევნილთა საცხოვრებელი ფართის უზრუნველსაყოფად ჯამში დაახლოებით 400 მილიონი ლარი დაიხარჯა, რისი საშუალებითაც 21 000 ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა. 69 ათასი ოჯახის დაკმაყოფილებას, უხეში გათვლებით, სულ მცირე 1.2 მილიარდი ლარი დასჭირდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებები 17 მილიარდი ლარია. პანდემიის პირობებში, ბიუჯეტის 7%-ის (წინა წლების პრაქტიკით, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტის 0.42- 1.5 პროცენტი იხარჯებოდა) მხოლოდ ერთ პროგრამაზე მიმართვა, ძნელად წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეს დაპირება არის არარეალური (პოპულიზმი).

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დაპირებას, 4 წელიწადში 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განვლილ 8 წელიწადში საცხოვრებლით 21 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, წელიწადში საშუალოდ 2 625 ოჯახი. თუ „ქართული ოცნება“ ამ ტემპს შეინარჩუნებს, მომავალ ოთხ წელში 10 500 ოჯახის დაკმაყოფილებას შეძლებს. მათ დასახელებული რაოდენობის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად 5 წელი დასჭირდებათ, დაპირებული 4 წლის ნაცვლად. თუმცა გამორიცხული არ არის ამ მიმართულებით ტემპის ზრდა და, შესაბამისად, ქართული ოცნების დაპირება მეტნაკლებად რეალურია. მიუხედავად ამისა, აქაც ჩნდება კითხვა - მომდევნო წლებში კოვიდპანდემიისა და პოსტპანდემიური კრიზისით გამოწვეული სირთულეების ფონზე, რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ (თუ რა თქმა უნდა ის ხელისუფლებაში დარჩება) დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილების ტემპის შენარჩუნებასა და გაზრდას.

დევნილთა თემა ზოგადად, და მით უმეტეს, მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, მეტად სენსიტიური საკითხია. დევნილები წლობით ელოდებიან საკუთარ ჭერს. ამიტომ, სასურველია, ამ მიმართულებით მაინც, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭარბებული და შეუსრულებელი დაპირებები არ გასცენ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი