ანალიზი

30 ოქტომბერს Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელების მეტროში შეჭრა და მოქალაქეებზე ძალის გამოყენების ფაქტებია ასახული. Facebook-მომხმარებელი ვიდეოს თან ურთავს აღწერას: „არ მჯერა რომ ასეთი რამე რეალობაში ხდება...პირბადეების გამო“. აღნიშნული ვიდეო ასევე გავრცელდა facebook-ჯგუფებში: საქართველო და მსოფლიო, ნიუს რუსთავი, კორონა მაფია, , GMTV, თავისუფალი სივრცე, Georgia • საქართველო ✔️. ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა კი Facebook-ჯგუფში კორონა აფიორა იგივე ვიდეოს თან დაურთო აღწერა, რომ პარიზის მეტროში პოლიცია პირბადეების გამო ხალხს ფიზიკურად გაუსწორდა.

სავარაუდოდ, დეზინფორმაციის პირველწყარო არის ვიდეო, რომელიც 26 ოქტომბერს Youtube-ზე გამოქვეყნდა აღწერით: „გაეროს პოლიციის პირბადეების პოლიტიკა რუმინეთში.“ Youtube-ზე ასევე ვხვდებით 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ იგივე ვიდეოს, რომელიც ესპანური წარწერით: „ასე უსწორდება საფრანგეთის პოლიცია მათ, ვინც არ იყენებს პირბადეებს.“

მასალის InVID & WeVerify-ს საძიებო ხელსაწყოთი გადამოწმების შემდეგ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, ვიდეო ბუქარესტის მეტროშია გადაღებული. Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო-მასალა 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელში განათავსა აღწერით: „დაპირისპირება დინამოს, სტიაუა ულტრასა და ჟანდარმებს შორის ბუქარესტის მეტროში!“ რეალურად, მასალაში ასახულია ბუქარესტის ორი საფეხბურთო კლუბის - სტიაუა ბუქარესტისა და დიანამო ბუქარესტის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების ფაქტები. ბუქარესტის მეტროს სადგურში პოლიციის ხელკეტებით შევარდნაც სწორედ დაპირისპირებულ მხარეთა გაშველებას ისახავს მიზნად და არანაირ კავშირში არაა პირბადეების ტარებასთან. ამას ადასტურებს კიდევ ერთი Youtube ვიდეო და მისი აღწერა: „სტიაუა ბუქარესტი პოლიციელების წინააღმდეგ 02.10.2020.” რუმინეთში 2 ოქტომბერს ნამდვილად გაიმართა საფეხბურთო მატჩი Dinamo Bucuresti II -სა და CSA Steaua-ს შორის, რომელიც Dinamo Bucuresti II-ის სასარგებლოდ 1:3 ანგარიშით დამთავრდა.

შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ვიდეოში პოლიციელები ცდილობენ ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ მოქალაქეებს, ვინც მეტროში პირბადეს არ ატარებს, არის ყალბი ამბავი. სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოში პოლიციის მიზანი ბუქარესტის ორ საფეხბურთო კლუბს შორის წარმოქმნილი უთანხმოებისა და დაპირისპირების განეიტრალებაა.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ ფაქტ-მეტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი