რეზიუმე: Facebook-გვერდი „პოლიტიკანო“ პოსტს ავრცელებს, სადაც „დიდი დეპრესიისა” და „ჰოლოდომორის შედეგების” ერთმანეთთან გაიგივებას ცდილობს. ფოტოზე არსებული წარწერა აღნიშნავს, რომ 1928-1934 წლებში, „დიდი დეპრესიის“ დროს, აშშ-ში პროდუქტების დიდ ნაწილს მიზანმიმართულად ანადგურებდნენ. პოსტის თანახმად, საერთო ჯამში 7 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, ე.წ. defarming-ის შედეგად. „საზოგადოებას დღეს მხოლოდ „გოლოდომორი ახსოვს”- ნათქვამია პოსტში. პოსტს თან ორი სურათი ერთვის: მარცხენა სურათზე დიდი დეპრესიის დროს გადაღებული სურათია გამოსახული , მარჯვენა მხარეს კი - ჰოლოდომორის ამსახველი სურათი. ფოტოს თან ერთვის წარწერა პოლიტიკანოსგან: „რა ლამაზი სახელი მოუფიქრეს ამ უმძიმეს დანაშაულს - defarming.”

ანალიზი

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დიდი დეპრესიის გარკვეულ ეტაპზე, პროდუქტების ნაწილის განადგურება მიზანმიმართულად მოხდა, სიმართლეა. დიდი დეპრესიის პერიოდი, რომელიც მასიურ გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას მოიცავდა, 1929 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა. პოსტში ნახსენები პროდუქტის კონკრეტული რაოდენობის განადგურების წინაპირობა პრეზიდენტ რუზველტის მიერ 1933 წელს მიღებული სამეურნეო რეგულირების აქტი- Agricultural Adjustment Act (AAA) იყო. რუზველტის ადმინისტრაციის აზრით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირება არა ნაღდი ფულის სიმცირით, არამედ პროდუქციის სიჭარბით იყო განპირობებული. შესაბამისად, AAA-ზე ხელის მოწერით, რუზველტმა დაამტკიცა კანონი, რომელსაც სოფლის მეურნეობის ბაზარზე პროდუქციის „სიჭარბე“ უნდა შეემცირებინა. კანონის შედეგად, ამერიკელ ფერმერებს, მინიმალური კომპენსაციის სანაცვლოდ, პროდუქციის განადგურება დაევალათ, რის შედეგადაც მრავალი პროდუქტის მოსავლის 10%-დან 20%-მდე განადგურდა. აქედან გამომდინარე, სიმართლეა პოსტის ის ნაწილი, რომ 1933 წელს მიღებული კანონის შედეგად ამერიკაში წარმოებული პროდუქციის ნაწილი განადგურდა.

რაც შეეხება, იმ მტკიცებას, რომ აშშ-მა თავის დროზე ამ პროცესს Defarming უწოდა, ის ყალბია. სინამდვილეში, ტერმინი რუსი მკვლევრის ბორის ბორისოვის სტატიაში „The American Famine” გვხვდება. სიტყვა Defarming მან პირველად სტატიაში გამოიყენა და ის როგორც საბჭოთა კავშირში, ეკონომიკურად ძლიერი ფერმერებისთვის ქონების წართმევის პროცესის ანალოგიურ მოვლენად განმარტა. აღსანიშნავია, რომ ბორის ბორისოვის კონკრეტული სტატია, რომელიც მან ვიკიპედიაზე - თანამედროვე მრავალენოვან, თავისუფალ ენციკლოპედიაზე განათავსა, ვიკიპედიის გვერდის წესების დარღვევის ან მათთან შეუსაბამობის გამო, თავად ვიკიპედიამ წაშალა.

რაც შეეხება, პოსტში ნახსენებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდმა დეპრესიამ შიმშილის გამო 7 მილიონი ამერიკელი შეიწირა, ეს რიცხვი ზემოთ ხსენებულ რუს მკვლევარს, ბორის ბორისოვს ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხზე სტატისტიკა და სხვადასხვა კვლევა არსებობს, რომლებიც ამტკიცებს, რომ დიდი დეპრესიის დროს AAA-ის აქტის ფუნქციონირების პროცესში, 1933-1935 წლებში, შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა და კონკრეტულ პროცესს ე.წ. „დეფარმინგის“ გამო 7 მილიონი ადამიანის სიკვდილი არ გამოუწვევია. „Vital Statistics of the United States 1943” -ის თანახმად, სადაც 1900-1943 წლების განმავლობაში ამერიკის ტერიტორიაზე შობადობისა და სიკვდილიანობის დეტალური სტატისტიკა გვაქვს მოცემული, 1933-1935 წლებში, როცა ამერიკის ტერიტორიაზე AAA აქტი მოქმედებდა, ყოველ 1000 მოსახლეზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 10.9-ს წარმოადგენდა. თუ ამ მაჩვენებელს 1933 წლამდე სამ წლიანი შუალედის მაჩვენებლებს შევადარებთ, 1930-1932 წლების განმავლობაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11.1 -ს წარმოადგენს. ე.წ. „დეფარმინგის“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი 11.16-ს. აქედან გამომდინარე, 1933-1935 წლებში, მაშინ როცა AAA-ს აქტი ფუნქციონირებდა, მიუხედავად იმისა, რომ მოიმატა სიდუხჭირემ, შიმშილის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა. 1930-35 წლებში აშშ-ს მოსახლეობა 123-დან 127 მილიონამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ 7 მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპებოდა, ბუნებრივია აღნიშნული სიკვდილიანობის მაჩვენებელში აისახებოდა. 1000 მოსახლეზე გარდაცვლილი 11 ადამიანი ნიშნავს წელიწადში, საშუალოდ, აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ის გარდაცვალებას, რაც იმ პერიოდში 1.2 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. 6 წლის განმავლობაში 7 მილიონი ადამიანის შიმშილით გარდაცვალებას, ეს ციფრი მკვეთრად უნდა გაეზარდა, თუმცა ამგვარი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მეტიც, თუ 1928 წელს 1000 მოსახლეზე 12 ადამიანი იღუპებოდა, 1935 წელს ამ რიცხვმა უკვე 10,9 შეადგინა.

დეივიდ სტაქლერი ნაშრომში „Banking crises and mortality during the Great Depression: evidence from US urban populations, 1929-1937“ აღნიშნავს, რომ დიდი დეპრესიის დროს მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, რაც დამოკიდებული იყო სხვადასხვა ისეთი დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის კლებაზე, როგორებიცაა: ფილტვების ანთება, გრიპი, ტუბერკულოზი, ან რიგ შემთხვევებში უმნიშვნელო მატებაზე ისეთი დაავადებების, როგორიცაა გულის შეტევა, სიმსივნე და დიაბეტი. სტატისტიკაში არ ფიგურირებს მონაცემები შიმშილით გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით, ამასთან ერთად, კონკრეტულ პერიოდში, რამე პანდემიის სერიოზული გავრცელება, რომელსაც შეეძლო, მოსახლეობის რაოდენობაზე მოეხდინა გავლენა, არ შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ 1933-1935 წლებში, განხორციელებულ რეფორმებს, ამერიკაში შიმშილით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა არ გაუზრდია. იმავეს ვკითხულობთ დეივიდ სტაქლერის ნაშრომში, რომ დიდი დეპრესიის პერიოდში დემოგრაფიულ ცვლილებებს კავშირი არ აქვთ ეკონომიკურ ცვლილებებთან.

ამასთან ერთად, ამერიკის 114 ქალაქის მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული კვლევის თანახმად, დიდი დეპრესიის დროს საკვების ნაკლებობამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია, თუმცა მას გაზრდილი სიკვდილიანობა არ გამოუწვევია. ცუდი კვება ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენდა, შიმშილი კი არა.

რაც შეეხება დიდი დეპრესიის შედეგებისა და ჰოლოდომორის შედეგების ერთმანეთთან გათანასწორებას, ის არაა მართებული ამ ორი მოვლენის განსხვავებული პოლიტიკური ხასიათის გამო. Agricultural Adjustment Act, რომელიც კონკრეტული ეკონომიკური პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა, 3 წელში არაკონსტიტუციურად იქნა გამოცხადებული და აქტის მიერ დაწესებული ვალდებულებები ამერიკელ ფერმერებს მოეხსნათ. ამასთან ერთად, ზემოთ მოცემული კვლევების ფონზე გამოჩნდა, რომ აქტის მიერ გამოწვეულ შედეგებს, ამერიკელი ხალხის დემოგრაფიაზე გავლენა არ მოუხდენია. ჰოლოდომორმა კი, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინელების დენაციონალიზაციას და მათგან ახალი ფორმის საბჭოთა ერის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, 10 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ის 16 ქვეყნის მიერ გენოციდადაა აღიარებული. სტალინმა გეგმის შესრულება უკრაინულ სოფლებში კოლექტივიზაციით დაიწყო, რომლის დროსაც უკრაინელი გლეხების აქტიური გაკულაკება და ყველანაირი კერძო საკუთრების ჩამორთმევა დაიწყო. უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობას მასობრივი გადასახლება მოჰყვა.

1932 წლის 18 ნოემბრის დადგენილების მიხედვით სოფლებს, რომლებიც ხორბლის ჩაბარების გეგმას ვერ შეასრულებდნენ, გარე სამყაროსთან კავშირი აეკრძალებოდათ. 1933 წლის 22 იანვარს გამოცემული აქტის მიხედვით, უკრაინელებს აეკრძალათ ჰოლოდომორის ტერიტორიის დატოვება. 1933 წელს ჰოლოდომორის ტერიტორიაზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 1933 წლისთვის ყოველ დღე შიმშილით 28 ათასი ადამიანი იხოცებოდა, ყოველ საათს - 1168, ხოლო ყოველ წუთს - 20 ადამიანი. მართალია, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ ჰოლოდომორმა საერთო ჯამში, 7-დან 10 მილიონამდე ადამიანის, სიცოცხლე იმსხვერპლა.

საბჭოთა კავშირი მრავალი გზით ეცადა, არ გაეხმაურებინა როგორც ჰოლოდომორის დანაშაული და 7 მილიონზე მეტი უკრაინელის გენოციდი, ასევე სხვადასხვა რეგულაციებით ჰოლოდომორის ეროვნული მეხსიერებიდან ამოშლას შეეცადა. ამის მიუხედავად, ჰოლოდომორი საბჭოთა ისტორიის ის ნაწილია, რომელიც კარგად აღწერს საბჭოთა კავშირის სასტიკ პოლიტიკას, ასევე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ხაზს უსვამს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი