რეზიუმე: საქსტატის განახლებული მონაცემებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, (2004-2012 წლებში) [1] მოსახლეობის რაოდენობა 199 ათასით შემცირდა. 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი მოსახლეობის რიცხოვნობა 220 ათასით არის შემცირებული.

ირაკლი კობახიძე 2014 წლის აღწერის შედეგებს და განახლებულ მონაცემებს ეყრდნობა. წინა ხელისუფლების პერიოდზე საუბრისას ის მიახლოებულ მონაცემებს ასახელებს, თუმცა მტკიცება, რომ 2014 წლის შემდეგ მოსახლეობის კლება არ ფიქსირდება, მცდარია. გასულ 2 წელში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 13 ათასით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, აღწერათაშორის პერიოდში (2002-2014 წლები) მოსახლეობის რაოდენობის და სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშება/განახლება მოხდა. კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის რაოდენობა მცირდებოდა, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, 2014 წლის აღწერამდე პერიოდში კონკრეტული წლების მაჩვენებლები რამდენად ზუსტია.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა: „მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 230 ათასით შემცირდა წინა ხელისუფლების დროს, პირველად ჩვენ დავასტაბილურეთ ეს მაჩვენებელი 2014 წელს. 2014 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის კლება არ არის“.

საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2004 წლიდან 2012 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა 199 ათასით შემცირდა. მტკიცება, რომ 2014 წლიდან ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა არ მცირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. გასულ 2 წელში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 13 ათასით შემცირდა. მოსახლეობის რიცხოვნობა ასევე შემცირდა 2017 წლის მონაცემებითაც (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით, ათასი კაცი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი აღწერის შესაბამისად დაანგარიშებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. ახალი აღწერით, მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა.

საქსტატის ძველი მონაცემებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში (2002-2014 წლებში), ჯამში, მიგრაციული სალდოც და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც, დადებითი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა. თუმცა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმა საპირისპირო აჩვენა. სტატისტიკაში არსებული შეუსაბამობის გამო, წინა წლების მონაცემების გადაანგარიშება მოხდა. 2002 წლის აღწერის შედეგები შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის შედეგების საფუძველზე დაკორექტირდა და დაახლოებით 9%-ით შემცირდა. 2002 წლის კორექტირებულ მონაცემებსა და 2014 წლის აღწერის შედეგებს შორის დაფიქსირებული სხვაობა კი ძირითადად მიგრაციულ მაჩვენებლებზე გადანაწილდა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საქსტატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივმა კვლევის - „მოსახლეობის დინამიკა საქართველოში“ თანახმად, 2002 წლის საყოველთაო აღწერით მიღებული მოსახლეობის რიცხოვნობა გადაჭარბებული იყო და რეალობას არ ასახავდა. ამასთან, აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) იყო უარყოფითი. მიუხედავად იმისა რომ, განახლებული მონაცემები ტენდენციას სწორად ასახავს, მოსახლეობის რიცხოვნობაზე საუბრისას სადაოა, 2014 წლამდე პერიოდში, რამდენად ზუსტია კონკრეტული წლების მაჩვენებლები.

1.მოსახლეობის რიცხოვნობა ქვეყნდება 1 იანვრის მდგომარეობით, შესაბამისად 2012 წლის 1 იანვარი შედარებულია 2004 წლის 1 იანვართან

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი