აჭარაში ზაფხულის საკურორტო სეზონი, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ძირითადად შიგა ტურიზმზე იყო ორიენტირებული. საზღვრების ჩაკეტვამ სტუმარმასპინძლობის სერვისზე ორიენტირებული ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა.

აგვისტოში რეგიონს ეპიდემიის ახალი მძლავრი შემოტევა დაატყდა და მას შემდეგ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. კოვიდინფიცირების დინამიკა მზარდია, შეზღუდვები კი გრძელდება. მოთხოვნას, რომ შეზღუდვები გაუქმდეს, საზღვრები გაიხსნას და სახელმწიფომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესოს, ბიზნესსექტორის სულ უფრო მეტი წარმომადგენელი უერთდება.

აჭარაში მალე ზამთრის საკურორტო სეზონიც უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება კურორტები ვიზიტორებისთვის. სავარაუდოდ, ეს დეკემბრის მეორე ნახევრიდან მოხდება. მანამდე კი მთის კურორტებზე არსებული ობიექტები ემზადებიან, რათა სტუმრებს ეპიდუსაფრთხოების სრული დაცვითა და გამართული ინფრასტრუქტურით დახვდნენ. თუმცა რამდენად დატვირთული იქნება წელს მათი სასტუმროები, ამის პროგნოზირება უჭირთ.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ ზამთრის სეზონისთვის აჭარის მაღალმთიან კურორტებს. ჩვენ „გოდერძისა“ და „გომარდულის“ რამდენიმე წარმომადგენელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ პანდემიამ ისინი არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

ბადრი ქათამაძე, შპს „გომარდულის“ წარმომადგენელი: „ჩვენი ქონება, რომელიც შედგება ხუთი სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტისგან, იჯარით, ხუთი წლის ვადით, აღებული აქვს უკრაინის მოქალაქეს. თითო სასტუმრო სახლი, კოტეჯის ტიპის, თორმეტ ადამიანზეა გათვლილი. ჯამში, ერთდროულად, სამოცი პერსონის მიღება შეგვიძლია. მოიჯარე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავს. გათბობის სისტემა მთლიანად შეიცვალა. იატაკი ხის ფაქტურით დაიფარა. თბილი წყლის საკითხიც მოგვარებულია. გზა მოდის ორი მხრიდან, როგორც შუახევიდან, ასევე ჭვანის ხეობის მხრიდან და არის ასფალტირებული. შარშანდელი ზამთრის სეზონი, კოვიდის გამო, ადრე დავასრულეთ. წელს ორმა ადამიანმა დაგვირეკა მხოლოდ და სიტუაცია მოიკითხა. ნომრები ჯერჯერობით არავის დაუჯავშნია. ძირითადად შიგა ტურიზმზე ვართ ორიენტირებული.

სახელმწიფოს მხრიდან ყადაღა გვაქვს დაკისრებული მიწაზე, 60 000 ლარის ფარგლებში. 4 000 ლარს ვიხდით ყოველთვიურად. 12 ათასზე მეტი უკვე გადახდილი გვაქვს. მძიმე ტვირთია ეს ჩვენთვის. გვინდოდა გადავადება ახალ წლამდე მაინც, მივმართეთ საგადასახადო სამსახურს, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. არ ვიცით, სხვას ვის მივმართოთ. ვიხდით ამ თანხას, მაგრამ ამ პერიოდში რომ ჩვენ დაგვრჩეს, ზამთრისთვის მზადებას მოვახმართ. აქ ბუნებრივი აირის ქსელი ჯერ არაა და შეშას ვიყენებთ, რომელიც უნდა მოვიმარაგოთ. ამ გადასახადის გადახდაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ცოტახნით რომ გადაგვივადებდნენ, ამოვისუნთქავდით.

ჩვენ გარდა, აქ საოჯახო სასტუმროებიც მუშაობს. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ისეთი დაძაბული სიტუაციაა აჭარაში პანდემიის მხრივ და რამდენი გაბედავს კურორტზე ამოსვლას, ვერ გეტყვით. ეს შეზღუდვაც, ათი საათის შემდეგ რომ აკრძალულია გადაადგილება, პრობლემას ქმნის. ადამიანი რომ ამოდიოდა ერთი დღით და დღის ბოლოს უკან ბრუნდებოდა, ახლა იძულებული გახდება, რომ აქ დარჩეს, ან საერთოდ აღარ ამოვა“.

ზურა შანთიძე, სასტუმრო „არსიანი“, გოდერძი: „მიწა შევიძინე და ავაშენე სასტუმრო. ახლა დამოკიდებული ვართ ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და საზღვრების გახსნაზე. ამ ეტაპზე მთლიანად გვაქვს 30 ნომერი და აქდან 20 ნომერი უცხოელებმა უკვე დაჯავშნეს. შიგა ტურისტებისგან ჯერ ჯავშანი არ გვაქვს. შარშანაც მარტამდე ვიმუშავეთ და მერე გავჩერდით. სეზონი დასრულებული არ იყო.

თუ ვერ ვიმუშავებთ, პრობლემა პრობლემაზე დაგვემატება. ხარჯი გვაქვს: შუქი, ტექნიკა, თანამშრომლები... მაინც ვემზადებით საზამთროდ. გულგატეხილი კი ვართ, მაგრამ იქნებ იმდენი შემოვიდეს, რომ ბანკის ვალები არ დაგვრჩეს. ამ პერიოდში ადრე ქართული ტურისტული კომპანიებისგანაც გვქონდა ჯავშნები, შემოჰყავდათ ტურისტები. წელს ჯერ არავის დაურეკავს. ზაფხულშიც რამდენიმე შეკვეთა გაგვიუქმდა, რადგან კომპანიებმა ტურისტები ვერ შემოიყვანეს.

ჩვენ გვაქვს სასტუმრო და ერთ სართულზე განთავსებულია რესტორანი. გვყავს სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ტურისტებს ვემსახურებით და გადაგვყავს მთებში, სათხილამურო ტრასებთან. იანვარში ავსტრიიდან შემოგვყავს თანამედროვე ვერტმფრენები და Heli-skiing ტურებს ვემსახურებით. წინა სეზონზე სამი ვერტმფრენი გვყავდა.

შარშან ზამთარში ოთახი ორ პერსონაზე 100 ლარი ღირდა. მუშაობა რომ აღარ იყო, დავწიეთ, 70 ლარი და 50 ლარიც კი გვქონდა, ოღონდ ვინმე მოსულიყო. კვება სამჯერადი 45 ლარია, ორჯერადი - 30 ლარი. წელს არ ვიცი ჯერ, როგორი ფასები გვექნება.

კარგი იქნება, სახელმწიფომ გადასახადების შემცირების მიმართულებით მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება და ასევე ხელი შეგვიწყოს, რომ შიგა ტურიზმმა იმუშაოს“.

გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორი მალხაზ მახარაძე. ამ ორგანიზაციის 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის მთავრობაა. დირექტორი ჩვენთან საუბარში აქცენტს ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე აკეთებს და კურორტის მომავალ პერსპექტივაზე საუბრობს.

„ჩვენთან კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს კომპეტენციაში შემოდის, მოწესრიგებულია. ხულო-ზარზმის გზის მოწესრიგებაც დაიწყო. სავარაუდოდ, წელს ვეღარ მოესწრება, უკვე გათოვდა და კლიმატური პირობები მუშაობას ხელს უშლის. მომავალ გაზაფხულზე უკვე აქტიურად გაგრძელდება. რაც შეხება კურორტზე განთავსების ადგილებს, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები შესრულებული გვაქვს.

შარშან აქ სახელმწიფომ ქონება გაასხვისა. ახლა 20 ობიექტი შენდება და 150 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. წელს სამი სასტუმრო დასრულდება და 300-მდე ნომერი დაემატება უკვე არსებულს. მთავარია, კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყოს ხელი. ამ ეტაპზე გვაქვს 250 ადგილი. აქტიური მოლაპარაკებები მიდის მესამე საბაგიროს დამატებაზე, რაც 2021 წლიდან მოხდება. ამ ეტაპზე ერთი საბაგირო 1 765 მეტრიდან ადის 2 025 მეტრზე და მეორე - 2 025 მეტრიდან 2 365 მეტრზე.

აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის პერიოდი ხანმოკლეა. ფაქტობრივად, ოთხი თვეა ისეთი, როცა სტაბილურად მუშაობა შეიძლება. თან არანაირი სამშენებლო მასალები არ მოიპოვება. ყველაფრის შემოტანა ან ახალციხის, ან ბათუმის მხრიდან გვიწევს. აღსანიშნავია, რომ გოდერძი ერთადერთი კურორტია, რომელსაც განაშენიანების რეგულირების გეგმა აქვს და მას მკაცრად მიჰყვება,“- აცხადებს მალხაზ მახარაძე.

პრობლემებზე საუბარს არ გაურბის სასტუმრო „მეტეოსა“ და გოდერძის ვილების მმართველი კომპანია „ხიდი 2006-ის“ დირექტორი ჯუმბერ ჭყონია: „წლევანდელი სეზონისთვის მაინც ვემზადებით, რეკომენდაციების დასაცავად მოვემზადეთ. ოღონდ, როგორც წინა წლებში ვიყავით უცხოელ ტურისტებზე ორიენტირებული, ისე არ ვართ. ძირითადად შიგა ტურიზმზე გვაქვს ორიენტაცია. როგორც დალაგდება ქვეყანაში სიტუაცია, იმის მიხედვით.

ერთდროულად შეგვიძლია 145 ადამიანის მიღება. გვაქვს დაახლოებით 40-მდე ადგილზე შეკვეთა. წელს პანდემია რომ დაიწყო, 1 მარტს დავკეტეთ უკვე. ფინანსურად ცუდად აისახა ეს ვითარება ჩვენზე. თუმცა როგორც სხვები, ჩვენც მივყვებით ამ ყველაფერს. სახელმწიფომ რა შეღავათებიც მოგვცა, ვგულისხმობ აჭარის მთავრობის განკარგულებას პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და ვადების გაგრძელების შესახებ, ამით ვისარგებლეთ. ეს შეღავათი ეხება სამშენებლო ნაწილში არსებულ ვალდებულებებს. ამის გარდა, სხვა ვალდებულებებიც გვაქვს. ჩვენ ბევრი თანამშრომელი გვყავს. ბათუმშიც გვაქვს რესტორანი. ეს ობიექტები რომ დავკეტეთ პანდემიის გამო, თანამშრომლები შევინარჩუნეთ, ხელფასებს ვუხდიდით, საშუალოდ 450-500 ლარის ფარგლებში. მეტს ვერ გადავიხდიდით. ჩვენც გაგვიჭირდა, მაგრამ ყველას თანადგომა სჭირდებოდა და გავითვალისწინეთ. არ ვიცი, სახელმწიფომ ბიზნესთან მიმართებით რა ნაბიჯები უნდა გადადგას. კარგი იქნება, ის დადგენილება, რომელიც მხოლოდ სამშენებლო ნაწილში ითვალისწინებს გადავადებას, საინვესტიციო თანხასაც შეეხოს. ჩვენ ქონება შევიძინეთ, 3 მილიონამდე ლარი გვაქვს გადასახდელი სახელმწიფოსთვის და თუ გაითვალისწინებენ, კარგი იქნება.

ჩვენი სერვისი სარესტორნო და სასტუმრო მიმართულებითაა და ახალ პროდუქტს ვერ დავამატებთ. შიგა ტურიზმისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაზეც აისახა უარყოფითად ეს პანდემია. ადამიანები ისეთ დღეში არიან, რომ თავის გატანა უჭირთ. ბუნებრივია, ჩვენს ფასებსაც გადავხედავთ. გასულ წელთან შედარებით, იაფი იქნება.

თუ 22.00 საათიდან 05.00 საათამდე შეზღუდვა გაგრძელდა, ჩვენზე ესეც უარყოფითად იმოქმედებს. ერთდღიანი ვიზიტორები არ გვეყოლება“.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროების მფლობელებს ზამთრის სეზონი შიგა ტურიზმზე აქვთ გათვლილი, მათი მოლოდინი ოპტიმისტური არ არის. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის გადახდისუნარიანობა გააუარესა. უცხოელ ტურისტებს, რომლებიც შარშან კურორტ გოდერძიზე მრავლად იყვნენ, წელს არ ელოდებიან. ამ ვითარებაში ფასების კორექტირება და მათი საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგება რომ დიდად ეფექტიანი არ იქნება, სასტუმროს მეპატრონეებმა იციან. ფაქტია, რომ წლს, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო სეზონი შედარებით უმტკივნეულო მხოლოდ იმ სასტუმროებისთვის აღმოჩნდა, რომლებშიც საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი.

რედაქტორის შენიშვნა: შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის სახელი, სტატიის თავდაპირველ ვერსიაში შეცდომით ეწერა და მოგვიანებით გასწორდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი