სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სათაურით, „სიმართლე კორონა ვირუსზე-სპექტაკლი დასრულდა!“. ვიდეო კორონავირუსთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციას თუ შეთქმულების თეორიას შეიცავს.

მტკიცება: კორონავირუსი მდიდარი ადამიანების მიერ კარგად დადგმული სპექტაკლია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ პანდემიის დასაწყისიდანვე მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათ გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მეცნიერების მტკიცებით, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა.

მოსაზრება სხვადასხვა ორგანიზაციამ, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც, მალევე გააბათილა. ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთმა გავლენიანმა სამეცნიერო გამოცემამ Health Feedback-მა, რომელიც მთელი მსოფლიოდან დარგის წამყვან ექსპერტებს აერთიანებს, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. Health Feedback-მა დაადასტურა, რომ მოსაზრებები კორონავირუსის ხელოვნურად წარმოქმნის შესახებ არარეცენზირებად კვლევებს ეყრდნობოდა და აღნიშნულ განცხადებებს მეცნიერული მტკიცებულებები არ ამყარებს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

მტკიცება: გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

კორონავირუსის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, რადგან პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია. გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოწმების ფაზები არ დასრულდება და ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდება (თუ რა ფაზების გავლა უწევს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მიუხედავად ამისა, მეცნიერები, გარკვეულ ვარაუდებს ინფექციის ლეტალობასთან დაკავშირებით, გამოთქვამენ. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის კოეფიციენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მაღალია, (შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც), ვიდრე რესპირატორული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევის, გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის და გარდაცვალების მაჩვენებელზეც შესაბამის გავლენას ახდენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, გრიპთან დაკავშირებული მიზეზებით, 290 000-650 000 ადამიანი იღუპება. COVID-19-ით კი, უკვე მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა (უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია).

მტკიცება: კორონავირუსის შექმნის მიზანი ხანშიშესული ადამიანების მოკვდინება და ამით ეკონომიკური სარგებლის მიღება იყო.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის შეთქმულების თეორია.

ინფორმაცია, თითქოს, მოხუცების გარდაცვალებით ქვეყნებმა საპენსიო დანახარჯები შეამცირეს და ამით ეკონომიკური სარგებელი მიიღეს, აქამდეც გავრცელდა. მაგალითად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ხანდაზმულთა მაღალ წილს, შეთქმულების გამავრცელებლები, სწორედ ეკონომიკურ მიზნებს უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაცია შეთქმულების თეორიაა, რომელიც რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება და მხოლოდ დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების მანიპულაციური ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში, პანდემიის დაწყებიდან, იტალიამ კორონავირუსით ინფიცირებულების დასახმარებლად მრავალი ღონისძიება განახორციელა. ექიმებსა და ექთნებს პირდაპირი მითითება ჰქონდათ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით უფრო მოწყვლად ჯგუფებს მოპყრობოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეფექტური სამკურნალო საშუალება და/ან ვაქცინა არ არსებობს, ბუნებრივია, ვირუსისადმი უფრო მოწყვლადი ჯგუფები განსაკუთრებით დაზარალდნენ და შემთხვევების ნაწილი სიკვდილითაც დასრულდა.

პანდემიის დასაწყისიდანვე კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი