სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში ჯორჯ სოროსის ფოტო, თანდართული წარწერით გამოქვეყნდა: „ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ არა - ჯორჯ სოროსი“ აღნიშნული ფოტო რამდენიმე დღის წინ ისევ გავრცელდა სხადასხვა საჯარო Facebook-ჯგუფში: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კოლხთა სამეფო / Kolkheti Kingdom, МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა. ფოტოზე არსებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული სიტყვები ჯორჯ სოროსს არასდროს უთქვამს. ფოტო-მასალა შეთქმულების თეორეტიკოსთა მიერ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

ჯორჯ სოროსი, სხვა ცნობილი ფილანტროპების მსგავსად, შეთქმულების თეორეტიკოსთა მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. კონსპირატორთა მტკიცებით, ჯორჯ სოროსი ყველანაირ ეროვნულ მახასიათებელს, ტრადიციებს, რელიგიას ებრძვის და მსოფლიო მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად. მას ქართველი კონსპირატორები ხშირად მოიხსენიებენ „სატანის აგენტად“ და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების და მთლიანად საქართველოს მმართველად. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ფოტო-მასალა სოროსის გარშემო ფართოდ გავრცელებული კონსპირაციის ნაწილია და ანტიდასავლური პროპაგანდის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. არ არსებობს არანაირი ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების სიზუსტეს ამტკიცებს. შესაბამისად, ციტატა გაყალბებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით გავრცელებულ მსგავსი სახის დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

ვინ არის ჯორჯ სოროსი სინამდვილეში?

ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანტროპია. Forbes-ის თანახმად, იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების სიაში 162-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2020 წლისთვის 8.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჯორჯ სოროსის სახელს უკავშირდება ორგანიზაციის - „ღია საზოგადოების ფონდის“ დაარსება, რომელიც მსოფლიოს 120 ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის საქართველოშიც. „ღია საზოგადოების ფონდი“ ფინანსურ დახმარებას უწევს სამოქალაქო ჯგუფებს განათლების, ჯანდაცვის სისტემის, დამოუკიდებელი მედიის განვითარების საკითხებში. ფონდი მსოფლიოს მასშტაბით დისკრიმინაციის ფორმების აღმოფხვრას და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლას უწყობს ხელს. ფონდმა საქართველოში საქმიანობა 1994 წელს დაიწყო. ის ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას. იგი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შესაბამისად, ფოტოზე არსებული წარწერა, თითქოს, სოროსი მიზნად ისახავს ქართული ეროვნული იდენტობის გაქრობას და მის ასიმილაციას სხვა ერებთან, არანაირ სანდრო წყაროს არ ეყრდნობა და ანტიდასავლურ პროპაგანდას წარმოადგენს. მასალა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი