ვიდეოში მოცემული ფაქტი 3: „დეზინფორმაციაა, რომ 2020 წელს ჭარბი, დიდი რაოდენობით შესწორების ოქმია. სინამდვილეში წელს იყო 1171 შესწორების ოქმი და თითქმის ასეთივე რაოდენობა იყო 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს. 2016 წელს იყო ნაკლები შესწორების ოქმი, მაგრამ მაშინ იყო 23 რეგისტრირებული სუბიექტი, წელს კი 50. ამასთან, ტარდებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები“.

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია: „დეზინფორმაციაა, რომ 2020 წელს ჭარბი, დიდი რაოდენობით შესწორების ოქმია. სინამდვილეში წელს იყო 1171 შესწორების ოქმი და თითქმის ასეთივე რაოდენობა იყო 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს. 2016 წელს იყო ნაკლები შესწორების ოქმი, მაგრამ მაშინ იყო 23 რეგისტრირებული სუბიექტი, წელს კი 50. ამასთან, ტარდებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები“.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 1228 შესწორების ოქმი შედგა, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესწორების ოქმების რაოდენობას 356-ით აღემატება (იხ. ცხრილი 3). შესაბამისად, ვიდეორგოლში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ 2017 და 2020 წლების არჩევნებში შესწორების ოქმების რაოდენობა, თითქმის თანაბარია, არის ტყუილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციულ სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 507 საარჩევნო უბანზე 552 შესწორების ოქმი დაიწერა. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 584 საარჩევნო უბანზე 644 შესწორების ოქმი დაიწერა. ცხრილი 3 -დან ნათლად ჩანს, რომ, როგორც შესწორების ოქმების რაოდენობა, ისე იმ უბნების რაოდენობა, სადაც შესწორების ოქმი დაიწერა, წინა წლებში ჩატარებული არჩევნების ანალოგიურ მონაცემებს, საგრძნობლად აღემატება.

ცხრილი 3: შესწორების ოქმებისა და იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც შესწორების ოქმი დაიწერა, 2016-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით. [1]

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

ვიდეორგოლში შესწორების ოქმების გაზრდილი რაოდენობას საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებით და ბევრი საარჩევნო სუბიექტის არსებობით (50) ხსნიან. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცება, იმთავითვე არასწორი და მანიპულაციურია. კენჭისყრის პროცესი ხარვეზების გარეშე, გამართულად ჩატარება ცესკოს ერთ-ერთი, უმთავრესი ვალდებულებაა. წინასაარჩევნო პერიოდში ცესკომ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი იმგვარი მომზადება, რომ საარჩევნო სუბიექტების სიმრავლისა თუ სხვა, ფაქტორების მიუხედავად, კენჭისყრის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს. შესაბამისად, ვიდეორგოლში გაჟღერებული არგუმენტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ, საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს არათუ აბათილებს, არამედ, პირიქით, აძლიერებს და ცესკოს კომპეტენტურობის მიმართ კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს. ამასთან, სხვადასხვა წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედარებით დგინდება, რომ 2020 წელს 2016 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შესწორების ოქმების რაოდენობა მკვეთრად მაღალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მსგავსად, 2016 წელს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ტარდებოდა, თუმცა გამოქვეყნებულ ვიდეოში მოცემული მტკიცება იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ თითქოს 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ჩატარებულა და 2020 წელს გაზრდილი მაჩვენებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებით უნდა აიხსნებოდეს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესწორების ოქმებთან დაკავშირებით, ვიდეორგოლში არსებული მტკიცება არის ფაქტებით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

[1] ცხრილში ასახულია, მხოლოდ არჩევნების პირველი ტურების მონაცემები.

[2] ზოგ შემთხვევაში ერთი უბნის შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს ახლავს ერთზე მეტი შესწორების ოქმი.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი