რეზიუმე: ვებ-გვერდმა 24news.com.ge პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში გოგავა გერმანიის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მიმოიხილავს. სტატიის ავტორის თქმით, გერმანიაში „კორონავირუსის მითი“ მეცნიერულად დაინგრა. მსგავს დასკვნას ავტორი რეალურად ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით აკეთებს, თუმცა კვლევების შედეგებს დამახინჯებულად და მანიპულაციურად წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკა ხელოვნურად არის გაზრდილი. გოგავა ამ ფაქტს, სიკვდილიანობის გამოთვლის არასწორ მეთოდს აბრალებს. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მაჩვენებლების სხვაობა, სიკვდილიანობის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდის არსებობით შეიძლება იყოს განპირობებული და ამას ციფრების ხელოვნურ გაზრდასთან კავშირში არ აქვს. გოგავას თქმით, გერმანიაში კორონავირუსს, რეალურად, პაციენტების სიკვდილი არ გამოუწვევია, რადგან გაკვეთის შედეგად არ გამოვლენილა არც ერთი გარდაცვლილი, რომელიც COVID-19-ით იყო ინფიცირებული და არ ჰქონდა სხვა თანმხლები მძიმე დაავადება/დაავადებები. ეს მაშინ, როდესაც შემთხვევათა 94 %-ზე მეტში გარდაცვალების მიზეზად სწორედ კორონავირუსი იყო მითითებული. გოგავას კიდევ ერთი მოსაზრება, რომ პოპულაციური იმუნიტეტი პანდემიასთან ბრძოლის კარგი სტრატეგიაა, ასევე არასწორია და მოგვიანებით შვედური მოდელის მაგალითითაც დამტკიცდა.

ამასთან, სტატიის შინაარსის მანიპულაციურობასთან ერთად, სტატიის სათაურიც ყალბია. სათაურში საუბარია, რომ გარდაცვლილებს გაკვეთისას კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ხოლო სტატიაში გაშლილ ანალიზში სხვა საკითხებზეა აპელირება. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ მიერ სტატია შეფასდა ვერდიქტით - ყალბი ამბავი.

ანალიზი:

2020 წლის 6 ივლისს, ვებ-გვერდმა 24news.com.ge სტატია გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით: „მსოფლიო-სკანდალი - გერმანიაში კორონა ვირუსით გარდაცვლილი ხალხის გაკვეთისას მათში კორონავირუსი არ აღმოჩნდა - კორონა ვირუსის მითი გერმანელმა ექიმებმა ყველანაირი სიზუსტით დაანგრიეს“. სტატიის ავტორი პოლიტოლოგი ირაკლი გოგავაა. მისი თქმით, გერმანელმა მეცნიერებმა ეპიდემიის მედია-მითი მეცნიერული სიზუსტით ფუნდამეტურად დაანგრიეს. გოგავას საკუთარ სტატიაში გერმანელი ვირუსოლოგის ჰენდრიკ შტრიკის კვლევა და ჰამბურგის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის ინსტიტუტის დირექტორის კლაუს პოიშელის მოსაზრებები მტკიცებულებად მოჰყავს. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ფაქტებით მანიპულაციასა და დეზინფორმაციას შეიცავს.

ჰაინსბერგში ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები

ირაკლი გოგავა სტატიის მნიშვნელოვან ნაწილს ბონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს უთმობს. პოლიტოლოგის თქმით, აღნიშნულ ქალაქში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა ხელოვნურად გაზრდილია, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა ამ მიზანს არ ემსახურებოდა და არც მსგავს შედეგებს ადასტურებს.

აღნიშნული კვლევა ნამდვილად განხორციელდა და ის 2020 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ჰენდრიკ შტრიკისა და სხვა მეცნიერების მიერ ჩატარდა. კვლევამ პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი მოიცვა. ჰაინსბერგის რაიონში, განგელტში, თებერვლის თვეში გამართულმა ფესტივალმა COVID-19-ის აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ქალაქს „გერმანიის ვუჰანადაც“ კი მოიხსენიებდნენ. კვლევის მიზანი რაიონში ინფიცირებული ადამიანებისა და გარემოს შესწავლა იყო.

გოგავას სტატიაში შემდეგი მტკიცება ჰყავს მოყვანილი: „პროფესორი ჰენდრიკ შტრიკი აცხადებს, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის მეთოდოლოგია არის მცდარი, რადგან მათ სიკვდილიანობის მაჩვენებელი რეგისტრირებული და ტესტირების შედეგად დადასტურებული ინფიცირებულთა ციფრიდან გამოყავთ“. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი შტრიკი მსგავსს განცხადებას არც ერთ ინტერვიუში არ აკეთებს და არც რობერტ კოხის ინსტიტუტისა (RKI) და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეთოდებს ეწინააღმდეგება. პროფესორმა შტრიკმა საკუთარ კვლევაში აქცენტი ნამდვილად ინფექციის სიკვდილიანობის დონეზე (IFR) გააკეთა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემთხვევათა სიკვდილიანობის დონეზე (CFR) დაყრდნობილი მონაცემები მცდარია. შესაბამისად, გოგავას აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ვირუსული ინფექციის შეთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა გამოითვალოს ორი გზით - შემთხვევათა სიკვდილიანობის დონით (Case Fatality Ratio - CFR) და ინფექციის სიკვდილიანობის დონით (Infection Fatality Ratio - IFR). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ინფექციის სიკვდილიანობის დონე (IFR) ინფექციით გარდაცვლილი პაციენტებისა და ინფიცირების რეალური (და არა რეგისტრირებული) მაჩვენებლის შეფარდებით გამოითვლება, ხოლო შემთხვევათა სიკვდილიანობის დონე (CFR) ინფექციით გარდაცვლილი პაციენტებისა და ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან (სასურველია შემთხვევების PCR ტესტით დადასტურება). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ COVID-19-ის შემთხვევებს და სიკვდილიანობის დონეს ქვეყნები სხვადასხვა მეთოდით განსაზღვრავენ და ეს მიდგომა მეტად ინდივიდუალურია.

ჰოპკინსის უნივერსიტეტი ნამდვილად შემთხვევათა სიკვდილიანობის დონით (CFR) ხელმძღვანელობს. ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სიკვდილიანობის სტატისტიკების სხვაობა შეიძლება ჩატარებული ტესტების რაოდენობით, დემოგრაფიული მაჩვენებლით ან ჯანდაცვის სისტემის მუშაობის ხარისხით იყოს განპირობებული.

პროფესორი შტრიკის კვლევის თანახმად, განგელტში ინფექციის სიკვდილიანობის დონის (IFR) მიხედვით, COVID-19-ის სიკვდილიანობის დონე 0.37 პროცენტს შეადგენს. სხვადასხვა ფაქტორების და ცდომილების გათვალისწინებით კი ეს რიცხვი შესაძლოა 0.26-დან 0.43 პროცენტამდე მერყეობდეს. გოგავა 0,37 პროცენტს მანიპულაციურად იყენებს და მას მთლიანად გერმანიის სიკვდილიანობის სტატისტიკად წარმოაჩენს, რაც მცდარია. თავად პროფესორების თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები ვერც მთლიან გერმანიაზე და ვერც რომელიმე სხვა ქალაქსა და ქვეყანაზე განზოგადებული ვერ იქნება.

გოგავა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ვირუსით ინფიცირებაზე შემთხვევითი შერჩევით შემოწმებული მოსახლეობის 15%-ს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ. მართლაც, კვლევაში მონაწილე პირების (919 ადამიანი) ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ 14%-ს ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულები ჰქონდა, ხოლო ვირუსი აქტიურ ფაზაში მხოლოდ 2.4%-ში მიმდინარეობდა. აღნიშნული ციფრი (15%) ოფიციალურ (3%) მაჩვენებელზე დაახლოებით 5-ჯერ მაღალი აღმოჩნდა, რამაც მეცნიერებს (ინფექციის სიკვდილიანობის დონის (IFR) გათვალისწინებით) აფიქრებინა, რომ მთელი გერმანიის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი იმ დროისთვის შესაძლოა, 1.8 მილიონი ყოფილიყო (2020 წლის 2-3 მაისის მონაცემებით). რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონკრეტული კვლევის შედეგების განზოგადება, (მისი ავტორიც ამ აზრს იზიარებს) მთელ ქვეყანაზე არ შეიძლება, მაგრამ ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ მეცნიერების ვარაუდით ინფიცირებულთა რაოდენობა გერმანიაში დადასტურებულზე ბევრად მეტი იყო. 24news.com.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ამ შედეგებს მკითხველის წინაშე პირიქით წარმოაჩენს, რომ თითქოს გერმანიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა დაბალია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს.

სტატიის ავტორი, ჰენრიკ შტრიკს გარდაცვალების სტატისტიკის გამოთვლის მეთოდებით უკმაყოფილებას მიაწერს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პროფესორი შტრიკი, ნამდვილად აღიარებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გარდაცვალების მაჩვენებლებს შორის სხვაობა ამ ქვეყნებში ინფიცირების დონის დადგენის განსხვავებული მიდგომის შედეგია. გერმანიაში სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს, ის ტესტირების მაღალ რაოდენობას უკავშირებს. ამ შემთხვევაში, ექიმებს საშუალება აქვთ ვირუსი ადრეულ ეტაპზე დააფიქსირონ და გარდაცვალების შემთხვევები მძიმე პაციენტებში ადრეული სამედიცინო ჩარევით შეამცირონ. შესაბამისად, გოგავას მტკიცება, რომ ექიმი შტრიკის განცხადებით კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკის დათვლაში მიკერძოებას აქვს ადგილი და ის ყალბია, სიცრუეა. ექიმი შტრიკი არსებულ სტატისტიკას, კორონავირუსის დადგენისა და მასთან ბრძოლის მეთოდებს არ აკრიტიკებს. აქედან გამომდინარე, ის ყალბად არც არსებულ სიკვდილიანობის სტატისტიკას მოიხსენიებს.

გოგავა აღნიშნავს, რომ ექიმები COVID-19-ით გარდაცვალებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი დაავადების მქონე ყველა პაციენტს მიაწერენ და ამის დასტურად ავტორს იტალიის მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, იტალიაში სასუნთქი გზების ან ფილტვების დაავადებით ყველა გარდაცვლილს, თუ მას ვირუსი ჰქონდა, ავტომატურად კორონავირუსის სტატისტიკაში ახვედრებენ და ამით მოსახლეობაში პანიკის საფუძველს ქმნიდნენ. მსგავსი დეზინფორმაცია სხვა დროსაც ვრცელდებოდა. დეზინფორმაციის წყარო იტალიელი პოლიტიკოსის ვიტორიო სგარბის გამოსვლა გახდა. თავის გამოსვლაში სგარბი ამტკიცებდა, რომ იტალიაში COVID-19-ით გარდაცვალების 96.3% შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი რეალურად სხვა დაავადებებით არის გამოწვეული. პოლიტიკოსის განცხადების საფუძველი Higher Institute of Health-ის მიერ გავრცელებული ანგარიში გახდა. იმ დროინდელი სტატისტიკის მიხედვით (2020 წლის 20 აპრილი), კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა 96.3%-ს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ, ხოლო დანარჩენ 3.7%-ს - მხოლოდ კორონავირუსი. შესაბამისად, ამ ანგარიშში უბრალოდ ჩამოთვლილი იყო ის სხვა თანმხლები დაავადებები, რომლებიც ადამიანებს გარდაცვალების დროს კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდათ. ამ ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ მხოლოდ სხვა თანმხლები დაავადებები იყო, არასწორია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ყალბი ამბავი აშშ-შიც გავრცელდა. ყალბი ამბის საფუძველი CDC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა გახდა. სტატისტიკის მიხედვით გარდაცვალების ერთადერთ მიზეზად COVID-19 მხოლოდ გარდაცვლილთა 6%-ში აღინიშნებოდა. დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა ის ფაქტი უგულებელყვეს, რომ თანმხლები დაავადებების მქონე დანარჩენი 94%-ის გარდაცვალების მიზეზიც COVID-19 იყო. ამ ადამიანებს კორონავირუსის გარდა სხვა დაავადებებიც (მათ შორის მძიმე და ქრონიკული) გააჩნდათ ან ვირუსით ინფიცირების შემდეგ განუვითარდათ, რაც ე.წ. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში (death certificate) აღინიშნა. მაგალითად, ქრონიკული დაავადებად ითვლება ართრიტი, დიაბეტი, ჭარბი წონა და სხვა, რომლებიც CDC-ის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობას აქვს. თუმცა, ამ დაავადებებთან ერთად თანაცხოვრება ადამიანს თავისუფლად შეუძლია. კორონავირუსით დაინფიცირების და შემდგომ გარდაცვალების შემთხვევაში კი აღნიშნული დაავადებები თანმხლებ დაავადებებად მოიხსენიება. ამასთან, ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული დაავადებების მქონე პაციენტები სწორედ იმიტომ ხვდებიან რისკ-ჯგუფებში, რომ COVID-19 იწვევს თანმხლები დაავადებების დამძიმებასაც. ეს ნიშნავს, რომ სხვაგვარად, COVID-19-ით დაავადების გარეშე, ფატალური შედეგი არ დადგებოდა, ან დადგებოდა გვიან. ამ დაავადებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მიმდინარეობისას შეიძლება განვითარდეს პნევმონია, გულის უკმარისობა, სუნთქვის პრობლემები და სხვა. გარდაცვალების სამედიცინო ცნობაში ეს დაავადებები დამატებით ფაქტორებად აღინიშნება. კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადების ქონა ან ვირუსის დროს განვითარებული სხვა დაავადებების არსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ გარდაცვალება ამ დაავადებათა მიზეზით და არა COVID-19-ის ვირუსული ინფექციის გამო დადგა.

კლაუს პოიშელი და ჰამბურგში ჩატარებული აუტოფსიის შედეგები

გოგავა დიდწილად პროფესორი კლაუს პოიშელის მოსაზრებებს ეყრდნობა. პროფესორი COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტებზე აუტოფსიის ჩატარების მომხრეა და მისი თქმით ამით ვირუსის შესახებ მეტი ცოდნის დაგროვებაა შესაძლებელი. სტატიაში მოყვანილი მტკიცების თანახმად, „ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების გვამის გაკვეთისას კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი არის ნული და ყველას გარდაცვალების სხვა მიზეზი ან მიზეზები ჰქონდა“. აღნიშნული მტკიცება იმგვარად არის ფორმულირებული, რომ თითქოს ამ პაციენტების სიკვდილი მხოლოდ სხვა დაავადებების მიერ იყო გამოწვეული და მათ კორონავირუსი საერთოდ არ ჰქონდათ. ეს მტკიცება ყალბია.

სინამდვილეში, ჰამბურგში 80 გვამი ნამდვილად გამოიკვლიეს, რათა COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების კატეგორიზაცია მოეხდინათ 4 ჯგუფში: 1)დანამდვილებით COVID-19-ით გარდაცვალება; 2) სავარაუდოდ COVID-19-ით გარდაცვალება; 3) შესაძლო COVID-19-ით ან სხვა ალტერნატიული მიზეზით გარდაცვალება; 4) გარდაცვალება არაა COVID-19-თან დაკავშირებული.

80 შემთხვევიდან, 6 შემთხვევაში COVID-19-ის დიაგნოზი გარდაცვალების შემდეგ, ხოლო 74-ში კი გარდაცვალებამდე დაისვა. ამასთანავე, კვლევის შედეგების თანახმად, 76 შემთხვევა COVID-19-ით გარდაცვლილთა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიაში კლასიფიცირდა. მხოლოდ 4 შემთხვევაში გარდაცვალება კორონავირუსისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული. ეს 4 შემთხვევა კი, ჰამბურგის კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ შესულა. აქვე, 2 შემთხვევის გარდა, ყველა გარდაცვლილს რაიმე სახის, უმთავრესად გულსისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადება აღმოაჩნდა. საერთო ჯამში, COVID-19-ის პნევმონია გარდაცვლილთა 83%-ში დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა, ვირუსით განპირობებული ფილტვის ცვლილების შედეგი იყო, რაც ფილტვის დიფუზიურ ალვეოლურ დაზიანებაში გამოიხატებოდა. კვლევაში ასევე გარკვევით წერია, რომ SARS-CoV-2 ინფექცია გაკვეთისას პირველივე 30 სხეულში აღმოჩნდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ გაკვეთის შედეგად გვამებში კორონავირუსის კვალი ვერ იპოვეს, სიცრუეა.

სტატიის ავტორი ფოიშელის სიტყვებს შემდეგნაირად ციტირებს: „ დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს კორონავირუსის კვალს ვერ ვიპოვით სიკვდილიანობის საერთო სტატისტიკაში. წელს არ იქნება გარდაცვალების მეტი შემთხვევა ვიდრე წინა წლებში“. სტატიის ეს ნაწილი მეტწილად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ მას აკლია რამდენიმე ელემენტი. მაგალითად ის, რომ პროფესორი მხოლოდ იმედს გამოთქვამს იმის შესახებ, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიურ სტატისტიკაში ჩაიკარგება და საზოგადოება COVID-19-საც ისევე შეეჩვევა, როგორც ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს შეეჩვია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სეზონური გრიპისა და COVID-19-ის ერთმანეთთან, მით უმეტეს სიკვდილიანობის დონით გათანაბრება, არასწორია. აღნიშნულ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებში აქამდეც აქტიურად წერდა.

სტატიაში ხაზგასმულია უკმაყოფილება აუტოფსიების ჩატარების აკრძალვის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ პანდემიის დასაწყისში გაიცა, რადგან გვამის გაკვეთა შესაძლოა, ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი გზა გახდეს.

სტატიის ბოლოს გოგავა იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ ექიმებს უცხოელ მეცნიერებთან კონტაქტი ექნებათ და პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების გზებსაც შეიმუშავებენ. თუმცა, „ფაქტ-მეტრი“ ამ თემაზე აქამდეც წერდა და ხსნიდა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვერ იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის თქმით, ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პოპულაციური იმუნიტეტი პანდემიის დროს ეფექტურ სტრატეგიად გამოეყენებინათ, რადგან ეს მეცნიერული და ეთიკური თვალსაზრისით პრობლემური საკითხია.

პოპულაციური იმუნიტეტის სტრატეგია რომ არ ამართლებს, ამის ნათელი მაგალითია ე.წ. შვედური მოდელიც. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შვედეთმა სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებული გზა აირჩია. ქვეყნის ეპიდემიოლოგის, ანდერ ტეგნელის ვარაუდით, ნაკლებად შემზღუდველი პოლიტიკის ხარჯზე, მოსახლეობას შემოდგომისთვის მაღალი დონის იმუნიტეტი გამოუმუშავდებოდა, რაც კორონავირუსის მეორე ტალღის დარტყმის ეფექტებს უფრო ნაკლებ დამაზიანებელს გახდიდა. ამასთანავე, სახელმწიფო ამ პოლიტიკით იხელმძღვანელებდა მანამ, სანამ მისი არაეფექტიანობა არ დამტკიცდებოდა. როგორც ჩანს, შვედურმა მოდელმა არ გაამართლა, რადგან 16 ნოემბერს სახელმწიფო პირებმა შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. მაგალითად, აიკრძალა 8 პირზე მეტის შეკრება, შეზღუდვები გავრცელდა მოხუცთა თავშესაფრებზე, საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნებსა და ბარებში ალკოლჰოლის გაყიდვაზე. თავად პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა, მოუწოდა ხალხს, რომ არ იარონ სპორტულ დარბაზებში, ბიბლიოთეკებში, არ ივახშმონ გარეთ და თავი შეიკავონ წვეულებების მოწყობისგან.

უკვე ფაქტია, რომ შვედეთის შეზღუდვებისგან თავისუფალი პოლიტიკა ეფექტური ვერ გამოდგა. 10 მილიონიან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა, 17 დეკემბრის მონაცემებით, 350 000-ს, ხოლო გარდაცვლილთა მაჩვენებელი 7 800-ს გადასცდა. შვედეთის მონაცემები გაცილებით აღემატება სხვა სკანდინავიური ქვეყნების მაჩვენებლებს, რომლებმაც შედარებით მკაცრი შეზღუდვების პოლიტიკა აირჩიეს. ასევე, საგულისხმოა, რომ ნოემბერში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შვედეთში უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა და მეფემ თავად აღიარეს, რომ ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა. მხოლოდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკით, შვედეთი ვერც პანდემიის მეორე ტალღას გადაურჩა და მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მიიღო. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც ენტონი ფაუჩი და ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებდნენ, პოპულაციური იმუნიტეტის სტრატეგია პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი ნამდვილად არ არის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი