რეზიუმე:უცნობია, თუ რომელ ქვეყნებს მოიაზრებს ბადრი ჯაფარიძე რეგიონში, თუმცა ცალსახაა, რომ რეგიონი მინიმუმ მეზობელ ქვეყნებს მოიცავს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების გადასამოწმებლად მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ანალიზიც საკმარისია. უახლოეს წარსულში, ეკონომიკური ზრდით საქართველოს მხოლოდ სომხეთი უსწრებდა. 2019 წლის მონაცემებით სომხეთის ეკ. ზრდა იყო 7.6%, საქართველოს 5.1%, აზერბაიჯანის 2.2%, რუსეთის 1.3%, ხოლო თურქეთის 0.9%. პანდემიის შემდგომ წლებშიც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ერთ-ერთი მაღალი იქნება, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ყველა ქვეყნის მასშტაბითაც. შესაბამისად, რეგიონთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის სიმცირეზე აპელირება არასწორი მიდგომაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ 3-დან 5%-მდე ეკონომიკური ზრდა საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის, დაბალია.

2019 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემს. მხოლოდ 4 მლნ აშშ დოლარით აღემატება. თუმცა, აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებლის (მთლიან შიდა პროდუქტთან) დინამიკის განხილვა, რადგან ფარდობითი მაჩვენებელი ასახავს, თუ ინვესტიციები ეკონომიკის რა ნაწილს შეადგენს. 2014-2017 წლებში, პუი-ს ფარდობითი მაჩვენებელი საშუალოდ 11.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2018-2019 წლებში, 7.4%-მდე შემცირდა. უშუალოდ 2019 წლის ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი - 7.4%, 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მცირეა.

ანალიზი:

პოლიტიკური გაერთიანება ლელო-ს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: „ხელისუფლებამ მოახერხა, რომ კოვიდპანდემიის დაწყებამდე, საქართველო რეგიონში ყველაზე ნაკლებად ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, უცხოური ინვესტიციები მინიმუმამდე დავიდა“.

ქვეყნის კეთილდღეობის აღმნიშვნელი საერთაშორისოდ მიღებული ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ). მშპ არის წლის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულება. ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობის ეკონომიკა კლებას განიცდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5%-ით შემცირდება. თუმცა, პოლიტიკოსი პანდემიამდე პერიოდს ასახელებს.

უცნობია, ბადრი ჯაფარიძე, რეგიონში თუ რომელ ქვეყნებს მოიაზრებს, რადგან რეგიონის, რომელშიც საქართველო შედის, სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს. თუმცა, განცხადების ამ ნაწილის გადასამოწმებლად მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ანალიზიც საკმარისია, რომლებიც რეგიონში აუცილებლად შედიან. უახლოეს წარსულში, უშუალოდ მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მხოლოდ სომხეთი უსწრებდა. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, სომხეთის ეკ. ზრდა იყო 7.6%, საქართველოს - 5.1%, აზერბაიჯანის - 2.2%, რუსეთის - 1.3%, ხოლო თურქეთის - 0.9%.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ასევე ერთ-ერთი მაღალი იქნება როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ყველა ქვეყნის მასშტაბითაც. შესაბამისად, რეგიონთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის სიმცირეზე აპელირება არასწორია, თუმცა, ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ 3-დან 5%-მდე ეკონომიკური ზრდა საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის, მეტად დაბალია.

გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებლები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, 2013-2019 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის II კვარტალში, 237.8 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 0.5%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, 2020 წლის 6 თვეში, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 409.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.6%-ით ნაკლებია. ინვესტიციების მიმდინარე მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიიდან გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული თვალსაზრისით, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013-2020 (2 კვარტლის) წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პუი-ს კვარტალური სტატისტიკა წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. 2019 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 4 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2018 წლის მონაცემს. თუმცა, აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებლის (მთლიან შიდა პროდუქტთან) დინამიკის განხილვა, რადგან ფარდობითი მაჩვენებელი ასახავს, თუ ეკონომიკის რა ნაწილს შეადგენს ინვესტიციები. 2014-2017 წლებში, პუი-ს ფარდობითი მაჩვენებელი საშუალოდ 11.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2018-2019 წლებში, 7.4%-მდე შემცირდა. უშუალოდ 2019 წლის ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი - 7.4%, 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მცირეა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი