ანალიზი:

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სათაურით, „პლანეტარული დონის კატასტროფა, რომელსაც ბოლო აღარ უჩანს!!!“. გავრცელებული ვიდეო კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას და ყალბ ამბავს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ორიგინალი ვიდეო 25 აგვისტოთი თარიღდება, მისი ქართული თარგმანი 12 ნოემბერს გავრცელდა, ახლა კი, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოყენებისთვის მტკიცდება, სოციალურ ქსელში ვიდეო კვლავ აქტუალური გახდა.

მტკიცება: მენინგიტისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსისგან. მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა კი სავალდებულო არაა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება.

ვიდეოში საუბარია, რომ ვირჯინიის შტატში კორონავირუსის ვაქცინა სავალდებულო იქნება, მაშინ, როცა მენინგიტი უფრო მძიმე დაავადებაა და მისი ვაქცინა სავალდებულო არაა. აგვისტოში დისკუსიები კორონავირუსის ვაქცინის სავალდებულოობასთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობდა. 30 ნოემბრის ინფორმაციის თანახმად კი, ვირჯინიის შტატში კორონავირუსის ვაქცინა სავალდებულო არ იქნება - წარმომადგენლობათა პალატის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შუძლებელია, ვაქცინა იყოს სავალდებულო, როცა მისი მარაგი ყველასთვის საკმარისი არაა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) 2016 წლის მონაცემების თანახმად, ბაქტერიული მენინგიტით მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 1.2 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. მკურნალობის გარეშე სიკვიდილიანობის მაჩვენებელმა შესაძლოა 70%-საც მიაღწიოს. ადრეული დიაგნოსტირებისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5%-იდან 10%-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა 2005 წლიდან არსებობს, რის შედეგადაც, მენინგიტით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო.

რაც შეეხება კორონავირუსს, 2020 წლის 10 დეკემბრის მონაცემების თანახმად, კორონავირუსით სულ 69 297 281 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 1 576 943 გარდაიცვალა. კორონავირუსის სიკვდილიანობის კოეფიციენტი დაახლოებით 1.4%-ია, თუმცა პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია და შეიძლება, მაჩვენებელი შეიცვალოს.

ხაზგასასმელია, რომ მენინგიტისა და კორონავირუსის ერთმანეთთან გაიგივება არასწორია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი განსხვავებული ტიპის დაავადებებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ მენინგიტი შეიძლება უფრო მძიმე დაავადება იყოს, კორონავირუსისგან განსხვავებით, მენინგიტის პანდემია არ გვაქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიას შემდეგნაირად განმარტავს: ის წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს საერთაშორისო საზღვრებს, გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე და მის საწინააღმდეგოდ ადამიანთა დიდ ნაწილს იმუნიტეტი არ გააჩნია. ჯანმომ Covid-19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). მათ შორის 4 ქვეყანაში: ჩინეთში, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% დაფიქსირდა.

მართალია, მენინგიტი ისეთ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა - ისევე როგორც კორონავირუსი, თუმცა მისი და კორონავირუსის გარცელების გეოგრაფიული არეალი და მასშტაბები განსხვავდება. ამასთან ერთად, 11 მარტის მონაცემებით, კორონავირუსმა, ზემოთ ხსენებული სტატისტიკის თანახმად, მისი გლობალური გავრცელების ფონზე, გლობალური ეპიდაფეთქების პრეცედენტი წარმოქმნა. მაშინ, როცა კორონავირუსის შემთხვევაში ვხვდებით მის ფართო გავრცელებას დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) და ეს უკვე აშკარა იყო 11 მარტის მონაცემებით, მენინგიტის შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. მენინგოკოკურ სარტყელში (სუბსაჰარული ზონა) გვხვდება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კორონავირუსმა გლობალური ეპიდაფეთქების პრეცედენტი წარმოქმნა, მენინგიტის შემთხვევაში არ მომხდარა.

COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სხვა არსებული დაავადებები. დაავადების პანდემიად გამოცხადება გეოგრაფიული გავრცელებიდან გამომდინარე ხდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მენინგიტის სიკვდილიანობის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე კორონავირუსის. თუმცა მტკიცება, რომ მენინგიტით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული კი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით აიხსნება. ვიდეოში აღნიშნული ფაქტი მანიპულაციურადაა გამოყენებული - ის კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარების ნიველირებას ემსახურება. მაშინ, როცა ყოველწლიურად საშუალოდ მენინგიტის 1 მილიონი შემთხვევა აღირიცხება, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 1 წლის განმავლობაში უკვე 68-ჯერ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ეს კი იმის ფონზე, როცა მენინგიტის სამკურნალო წამალი და ვაქცინა ხელმისაწვდომია, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი კი არ არსებობს, ვაქცინები კი გავრცელების და დამტკიცების სტადიაზეა (დამატებით ინფორმაციას ვაქცინებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ).

მტკიცება: CDC-ის დასკვნით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ნიღაბი კორონავირუსით ინფიცირებისგან გვიცავს.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

ვიდეოში მოცემული მტკიცების თანახმად, CDC ექიმებს იმ ფაქტის დაიგნორებას მოუწოდებს, რომ კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებს ნიღაბი ეკეთათ, რადგან ნიღაბი ვირუსისგან არ გვიცავს. მართალია, პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები პანდემიის დასაწყისიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა CDC-ის არასოდეს განუცხადებია, რომ პირბადის ტარება კორონავირუსით ინფიცირებისგან არ გვიცავს და მისი ტარება უშედეგოა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), პანდემიის დასაწყისში პირბადის ყველასათვის სავალდებულოდ ტარების რეკომენდაციებს ნამდვილად არ გასცემდა. ამას კი საფუძვლად, ძირითადად სამედიცინო პირბადეების საგრძნობი დეფიციტი ედო. დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს.

ამასთან ერთად, საინტერესოა CDC-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც სიმპტომატური მოზრდილების 14-დღიან აქტივობებს (ტესტის ჩატარებამდე) იკვლევდა. მისი მიზანი COVID-19-ის შემთხვევებსა და საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტს შორის კავშირის დადგენა იყო. CDC-ის ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირი მობილობა და მჭიდრო კონტაქტები COVID-19-ის გავრცელებას უწყობს ხელს, მხოლოდ პირბადის ტარება კი ვირუსის გადაცემას ვერ შეაჩერებს. СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს, პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის გამოყენებასთან ერთად ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი