ივანე მაჭავარიანი: ბოლო პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით იზრდებოდა, რაც კარგი მაჩვენებელი იყო, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1 %-ის ფარგლებში იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ივანე მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი

რეზიუმე: 2015-2019 წლებში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4.16%-ით იზრდებოდა, 2017-2019 წლებში 4.9%-ით. უახლესი 5 წლის მანძილზე საქართველოში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ერთადერთხელ, 2019 წელს, დაფიქსირდა, 2017-2018 წლებში აღნიშნულ ნიშნულს (4.8%) მიუახლოვდა, 2015-2016 წლებში კი - შესაბამისად მხოლოდ 3% და 2.9%-ს შეადგინა. ამავდროულად, ფინანსთა მინისტრი 5% ეკონომიკურ ზრდას „კარგ“ მაჩვენებელს უწოდებს, რაც სუბიექტურ შეფასებას წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბოლო წლებისა და საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს, მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი აქვს არსებითი ეკონომიკური გაუმჯობესების მისაღწევად არსებული მაჩვენებლები არასაკმარისია. მიმდინარე ტემპი განვითარებადი ქვეყნისათვის ძალიან მცირეა. ამავდროულად უახლოესი წარსულში მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთსა და თურქეთს ცალკეულ წლებში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა უფიქსირდებათ. ასეთი ნიშნულისთვის საქართველოს ბოლო წლებში არ მიუღწევია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, სავაჭრო ბრუნვის (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) მიხედვით, ძირითად პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენდნენ: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, გერმანია, ჩინეთი, აშშ, უკრაინა და ბულგარეთი. აღნიშნული სავაჭრო პარტნიორებიდან, 2019 წელს 1%-თან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა მხოლოდ რუსეთს (1.3%), თურქეთს (0.9%) და გერმანიას (0.5%) გააჩნდათ. 2019 წელს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკა საშუალოდ 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მეზობელ ქვეყნებში 2.9%-ით. 2015-2019 წლების განმავლობაში, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკა საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 2.5%-ით. იმის მიუხედავად, რომ ცალკეული წლისთვის, განხილულ ქვეყნებში 1% ან უფრო მცირე ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა, საშუალოდ, 2015-2019 წლების განმავლობაში, ყველაზე მცირე საშუალო ზრდა სავაჭრო პარტნიორებში 2015 წელს დაფიქსირდა - 1.3%. შესაბამისად, განცხადება, რომ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 1%-ის ფარგლებშია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანალიზი

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა: „ბოლო პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით იზრდებოდა, რაც კარგი მაჩვენებელი იყო, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იყო“.

ქვეყნის კეთილდღეობის აღმნიშვნელი საერთაშორისოდ მიღებული ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ). მშპ არის წლის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულება. მშპ-ს რეალური ზრდის გასაზომად საჭიროა ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის ეფექტის გამორიცხვა, რაც კონკრეტულ წელს წარმოებული საქონლისა და მომსახურების საბაზისო წლის ფასებში გამოსახვით მიიღწევა. საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ტენდენცია წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე.

გრაფიკი 1: საქართველოს მშპ-ს ცვლილების ტენდენცია 2015-2019 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015-2019 წლებში, საქართველოს ეკონომიკა 4.1%-ით იზრდებოდა, 2017-2019 წლებში - 4.9%-ით. უშუალოდ 2019 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა. ფინანსთა მინისტრი 5% ეკონომიკურ ზრდას „კარგ“ მაჩვენებელს უწოდებს, რაც შეფასებას წარმოადგენს. იმის მიუხედავად რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბოლო წლებისა და საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი აქვს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, ზრდის ამგვარი მაჩვენებლები არსებითი ეკონომიკური გაუმჯობესების მისაღწევად არასაკმარისია. ეკონომიკის ზრდის მიმდინარე ტემპი განვითარებადი ქვეყნისათვის ძალიან მცირეა. ამავდროულად უახლოესი წარსულში მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთსა და თურქეთს ცალკეულ წლებში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ. ასეთი ნიშნულისთვის საქართველოს ბოლო წლებში არ მიუღწევია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, სავაჭრო ბრუნვის (ექსპორტისა და იმპორტის ჯამის) მიხედვით, ძირითად პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენდნენ: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, გერმანია, ჩინეთი, აშშ, უკრაინა და ბულგარეთი.

ცხრილი 1: საქართველოს პარტნიორი ქვეყნები სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2019 წელი, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სავაჭრო პარტნიორებიდან, 2019 წელს 1%-თან ახლო ეკონომიკური ზრდა მხოლოდ რუსეთს (1.3%), თურქეთს (0.9%) და გერმანიას (0.5%) გააჩნდათ. 2019 წელს, საქართველოს გარდა, ძირითად პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში ეკონომიკა საშუალოდ 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მეზობელ ქვეყნებში 2.9%-ით. 2015-2019 წლების განმავლობაში, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკა საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 2.5%-ით.

ცხრილი 2: ეკონომიკური ზრდა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში 2015-2019 წლებში, პროცენტული მაჩვენებელი

წყარო: მსოფლიო ბანკი

იმის მიუხედავად, რომ რიგ შემთხვევებში, განხილულ ქვეყნებში 1% ან უფრო მცირე ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა, საშუალოდ, 2015-2019 წლების განმავლობაში ყველაზე მცირე საშუალო ზრდა სავაჭრო პარტნიორებში 2015 წელს დაფიქსირდა - 1.3%.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი