ირაკლი ნადირაძე: კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფებზე მოსაყრელი ქვები თბილისის მერიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კომპანიისგან იყიდა

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

რეზიუმე: კახეთის გზატკეცილის და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოებს კომპანია „გრინ სერვის+“ ახორციელებს, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია თეთრი, გლუვი მარმარილოს ქვებით უნდა მოეპირკეთებინა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და ლევან ხაბეიშვილმა დასახელებულ ტერიტორიაზე მოსაპირკეთებლად განკუთვნილი ქვები ირანული კომპანიის, კერძოდ Arvand Petrochemical Company-ს, კუთვნილ ტომრებში ჩაყრილი ნახეს. შპს „გრინ სერვის+“-ის განმარტებით, დასახელებული ქვები კომპანია „როიალ სტოუნ გრუპი“-სგან შეისყიდეს და ამ კომპანიამ სხვა კომპანიის კუთვნილი ტომრები უბრალოდ ქვების ჩასაყრელად გამოიყენა. კომპანია „როიალ სტოუნ გრუპი“ თავის მხრივ, „გრინსერვის+“-თან კავშირს უარყოფს. ამასთანავე, ტომრებზე მითითებული კომპანია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიების ჩამონათვალში მართლაც არის და ამის მიზეზი კომპანიის მიერ 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ დასახელებული ქვების შესყიდვა აღნიშნული ირანული კომპანიისგან მოხდა, თუმცა ლეგიტიმური კითხვა, თუ რატომ აღმოჩდა ქვები ამერიკის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ ირანული კომპანიის კუთვნილ ტომრებში, არსებობს და შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებმა პასუხი უნდა გასცენ. აქედან გამომდინარე, განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

ანალიზი

საკრებულოს წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და ლევან ხაბეიშვილმა ფეისბუქ-ლაივი გაავრცელეს. ვიდეოში მათ კახეთის გზატკეცილის გზაგამყოფზე მოსაყრელი ქვები გვაჩვენეს, რომლებიც ტომრებში იყო ჩაყრილი, ტომრებზე მკაფიოდ იკითხებოდა წარწერა: დამზადებულია ირანში ( Made in Iran) და ასევე კომპანიის დასახელება Arvand Petrochemical Company. ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით: „კახეთის გზატკეცილის გზაგამყოფზე მოსაყრელი ქვები თბილისის მერიამ ირანული კომპანია Arvand Petrochemical Company-სგან იყიდა. თუ ჩვენ შევალთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე, კერძოდ ხაზინის და ფინანსური მიმართულების საიტზე, ვნახავთ რომ ეს კომპანია სანქციების ჩამონათვალში არის პირველ ადგილზე. ამისთანა კომპანიისგან იყიდა კახი კალაძემ აღნიშნული ქვები“.

კახეთის გზატკეცილის და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში (NAT190012239) შპს „გრინსერვის+“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე გრუნტის მოჭრის, დატკეპნის, ბალახის დათესვის, სარწყავის მოწყობის და შუა ზოლის მარმარილოს თეთრი ქვებით მოპირკეთების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 3 194 940 ლარი იყო და ძალაში 2019 წლის 8 აგვისტოს შევიდა.

როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა შუაზოლის მარმარილოს თეთრი ქვებით (20-30 მმ) მოპირკეთება იყო. ტენდერის პირობებით, პრეტენდენტს შემსყიდველ ორგანიზაციაში (თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში) მისაწოდებელი მარმარილოს დეკორატიული ქვის ნიმუში და მისი იდენტობის (მათ შორის პარამეტრების და ქვის წარმომავლობის (სახეობა) შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გაცემული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ), უნდა წარედგინა. მოთხოვნაში ასევე ეწერა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.

ხელშეკრულების ამოქმედებიდან მასში ცვლილება ხუთჯერ შევიდა. ოთხი ცვლილების საფუძველი „გრინსერვისის“ მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების ძველი ბოძების დემონტაჟს და მათი ახლით ჩანაცვლებას ახორციელებდა, სამუშაოები დროულად ვერ დაასრულა, შესაბამისად, „გრინსერვისი +“ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ახორციელებდა და აღნიშნულის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადა გახანგრძლივდა.

ხელშეკრულების ერთი ცვლილება მარმარილოს ქვების ზომას შეეხებოდა. დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორიის დიდი მასშტაბის გამო, მცირე ზომის ქვები ვიზუალურ მიმზიდველობას კარგავდა, ასევე აღნიშნული ზომის ქვები ნაკლები სიმძიმის გამო, არამდგრადი იყო. ამიტომ, გადაწყდა, ტერიტორიაზე უფრო დიდი ზომის (არანაკლებ 6 სმ) და გლუვი ქვები გაშლილიყო. ტერიტორიის მოსაპირკეთებლად სულ 2 482 მ3 ქვა იყო საჭირო, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 1 427 506 ლარი შეადგინა ( 1მ3 ფასი 575 ლარი).

როგორც ირაკლი ნადირაძემ დასახელებულ ვიდეოში აღნიშნა კახეთის გზატკეცილის და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული ტერიტორიის მოსაპირკეთებლად განკუთვნილი ქვები ირანული კომპანიის კუთვნილ ტომრებში იყო ჩაყრილი.

ვისგან შეისყიდა კომპანია „გრინსერვის+“-მა დასახელებული ქვები? კომპანიის წარმომადგენელი ლაშა ფურცხვანიძე ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ ირანული მხოლოდ ტომრებია და ქვები კომპანია „როიალ სთოუნ გრუპისგან“ შეისყიდეს. თავის მხრივ, „როიალ სტოუნ გრუპის“ წარმომადგენელი ლევან გორდულავა კომპანია „გრინ სერვისთან“ რაიმე ტიპის კავშირს და ხელშეკრულების არსებობას უარყოფს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით კომპანია „როიალ სტოუნ გრუპი“ (ს/კ 405329489) 2019 წლის აპრილში არის რეგისტრირებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს - ლევან გორდულავა (25%), პაკისტანის მოქალაქე - ჯავედ იქბალ ჩოუდრი (50%) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე - მოსს ჰადდად (25%).

რაც შეეხება ტომარაზე მითითებულ კომპანიას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე, ხაზინის მიმართულების საიტზე, სანქცირებულ კომპანიების ჩამონათვალში დასახელებული კომპანია - Arvand Petrochemical Company მართლაც არის. აღნიშნული კომპანია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა და ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში ამის გამო მოხვდა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ კახეთის გზატკეცილის და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოებს კომპანია „გრინ სერვის+“ ახორციელებს, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია თეთრი, გლუვი მარმარილოს ქვებით უნდა მოეპირკეთებინა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და ლევან ხაბეიშვილმა დასახელებულ ტერიტორიაზე მოსაპირკეთებლად განკუთვნილი ქვები ირანული კომპანიის, კერძოდ Arvand Petrochemical Company-ს, კუთვნილ ტომრებში ჩაყრილი ნახეს. შპს „გრინ სერვის+“-ის განმარტებით, დასახელებული ქვები კომპანია „როიალ სტოუნ გრუპი“-სგან შეისყიდეს და ამ კომპანიამ სხვა კომპანიის კუთვნილი ტომრები უბრალოდ ქვების ჩასაყრელად გამოიყენა. კომპანია „როიალ სტოუნ გრუპი“ კი „გრინსერვის+“-თან კავშირს უარყოფს. ამასთანავე, ტომრებზე მითითებული კომპანია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის მართლაც ფიქსირდება და ამის მიზეზი კომპანიის მიერ 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩდება ლეგიტიმური კითხვა - ვისგან შეისყიდა კომპანია „გრინსერვის+“-მა მარმარილოს ქვები და რატომ აღმოჩნდა ისინი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული კომპანიის კუთვნილ ტომრებში ჩაყრილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი