ქართულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს ვისაც D ვიტამინი ნორმის ფარგლებში აქვთ, კორონავირუსი „გვერდს უვლის“, ან ინფიცირების შემთხვევაში მარტივად ახერხებენ მასთან გამკლავებას. მსგავსი ინფორმაცია, ბოლო თვეებში, არაერთ ქვეყანაში ვრცელდებოდა და მან სამეცნიერო საზოგადოებისა და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყურადღებაც მიიპყრო.

რა არის D ვიტამინი?

D ვიტამინი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს არეგულირებს და ორგანიზმში როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ადამიანისთვის D ვიტამინის ორი ძირითადი ფორმაა მნიშვნელოვანი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), რომელიც კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი), რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით ხვდება.

D ვიტამინი სხეულში კალციუმისა და ფოსფორის რეგულირებას უწყობს ხელს, რაც ადამიანის ძვლების, კბილებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. გარდა ამისა, ირლანდიელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით მტკიცდება, რომ D ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ზრდასრულ და ხნიერ ადამიანებში გაცილებით მაღალია დეპრესიის შანსები. კვლევის მიხედვით, ასევე, D ვიტამინის დეფიციტი თავის ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს უკავშირდება. აშშ-ის „ბიოტექნოლოგიების ეროვნული ინფორმაციული ცენტრის“ (NCBI) მიხედვით, D ვიტამინი თანდაყოლილი (innate) და ადაპტაციური (adaptive) იმუნიტეტის ფუნქციონირებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ამრიგად, D ვიტამინი გავლენას ახდენს, როგორც ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე, ასევე იმუნურ სისტემაზე და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. არავინ დავობს, რომ D ვიტამინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. თუმცა დანამატის სახით D ვიტამინის თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული. ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი სპეციალური ანალიზით დგინდება, რომლის შემდეგაც ექიმი შესაბამის ორგანიზმისთვის საჭირო დოზებს განსაზღვრავს.

D ვიტამინი და კორონავირუსი

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დიდ ნაწილს D ვიტამინის ნაკლებობა უფიქსირდებოდა, თუმცა არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ D ვიტამინის მიღება ინფიცირებისგან და ან Covid-19-ით გამოწვეული გართულებისგან გვიცავს.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტის (National Institute for Health and Care Excellence - NICE), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის აღმასრულებელი სააგენტოს (Public Health England - PHE) და ნუტრიციის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს (Scientific Advisory Committee on Nutrition) ექსპერტთა პანელმა, ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ D ვიტამინის მიღება, კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ამცირებს ან მისგან განკურნების პროცესს ხელს უწყობს, არ არსებობს. ამავე კვლევის მიხედვით, შესაძლოა, მართლაც არსებობდეს შემთხვევები, როდესაც D ვიტამინის ნაკლებობის მქონე პაციენტებში, კორონავირუსი უფრო მწვავე ფორმებში მიმდინარეობს, მაგრამ ეს თავად D ვიტამინის ნაკლებობით არ არის გამოწვეული, არამედ ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა, პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მიუთითებდეს, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულების გამომწვევ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. D ვიტამინის ნაკლებობა ხანდაზმულ ადამიანებში ხშირია, რომლებიც ასევე კორონავირუსის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც, D ვიტამინის ნაკლებობა არის გართულებების თანმდევი და არა გამომწვევი ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით ვერ დგინდება კორონავირუსით ინფიცირებასა და D ვიტამინის ნაკლებობას შორის კავშირი, კომისიამ მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (National Health Service – NHS) რეკომენდაციები ორგანიზმში D ვიტამინის დონის კონტროლის შესახებ. NHS-ის მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია D ვიტამინის ნორმის ფარგლებში ქონა, განსაკუთრებით კი ზამთრისა და გაზაფხულის სეზონზე, როდესაც გარეთ და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ნაკლები დროის გატარების გამო, ადამიანებში D ვიტამინის დონე ბუნებრივად იკლებს, რამაც შესაძლოა, ძვლებისა და ნერვ-კუნთოვანი დაავადებები გამოიწვიოს.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის“ (The Oxford University Centre for Evidence-Based Medicine) მიმოხილვის მიხედვით, რომელმაც D ვიტამინსა და კორონავირუსს შორის კავშირის შესახებ არსებული სამედიცინო ლიტერატურა და კვლევები მიმოიხილა, დგინდება, რომ D ვიტამინის კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურობის თაობაზე, არავითარი კლინიკური მტკიცებულება არ არსებობს.

COVID-19-ის შემთხვევების ბინაზე მართვის საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლის თანახმად, COVID-19 პრევენციის ან მკურნალობის მიზნით D ვიტამინის (ასევე C ვიტამინის, ან თუთიის) გამოყენება არ არის რეკომენდებული. პროტოკოლში განმარტებულია, რომ დღესდღეობით არსებული კვლევებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მათი გამოყენება რეკომენდებული იქნებოდა.

როგორც ხედავთ, არსებული კვლევებითა და კლინიკური ცდებით პირდაპირი კავშირი D ვიტამინის ნაკლებობასა და კორონავირუსით ინფიცირებასა თუ სხეულის იმუნურ პასუხზე ვერ დგინდება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ნორმაში ქონა ნამდვილად დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რომ D ვიტამინის დონის კონტროლი კორონავირუსისგან ინფიცირებისგან დაგვიცავს ან მასთან ადვილად გამკლავებაში დაგვეხმარება, არასწორია. მსგავსი მანიპულაციური ინფორმაციის შედეგად, შესაძლოა ადამიანებმა D ვიტამინის ნორმაში ქონის შემთხვევაში, ჩათვალონ, რომ მათ კორონავირუსისგან საფრთხე აღარ ემუქრებათ და ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წესების შესრულებას ნაკლები ყურადღებით მოეკიდნონ, რაც თავად ამ ადამიანების და მათი გარშემომყოფების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და საბოლოოდ, მთლიანად საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხე გახდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოსაზრება რომ სხეულში D ვიტამინის დონე განსაზღვრავს კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შანსებს, მეცნიერულად დაუსაბუთებელი მტკიცება და ფაქტებით მანიპულირებაა.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი