ვასილისა ჯაბახიძე: გორის მერიამ სახელფასო ფონდი 300 ათასი ლარით გაზარდა, უსახლკარო ადამიანების დახმარებაზე კი 2021 წლის ბიუჯეტში 0 ლარი დევს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ვასილისა ჯაბახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ფინანსური დოკუმენტი, ონლაინ რეჟიმში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი 42 მლნ ლარს შეადგენს. სახელფასო ფონდი 4 მლნ 245 ათასი ლარითაა განსაზღვრული, 2020 წელს ანალოგიური მიზნით 3 მლნ 945 ათასი ლარი იყო გაწერილი.

2021 წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვისაც (საბიუჯეტო კოდი 06.05.18) თანხა გაზრდილია. ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის, მომავალ წელს ჯამში 119 ათასი ლარია გათვალისწინებული. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების კაპიტალური ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაც ახალი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 100 ათას ლარამდეა გაზრდილი (საბიუჯეტო კოდი 06.05.21). ორივე შემთხვევაში ასიგნებები 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად - 9 000 და 32 000 ლარით.

ცალკე მუხლშია წარმოდგენილი მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება, რომელიც 2020 წლის მსგავსად, მომავალი წლისთვისაც 0 ლარითაა წარმოდგენილი (საბიუჯეტო კოდი 06.05.16). ამ კატეგორიის მოქალაქეთათვის გასაწევი დახმარება სხვა მუხლებშია გათვალისწინებული (საბიუჯეტო კოდები „06.05.18“ და „06.05.21“), „ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობაში, რამდენად საკმარისია გამოყოფილი სახსრები, თუმცა თავისთავად მტკიცება, რომ დასახელებული კატეგორიის მოქალაქეთა დასახმარებლად ბიუჯეტში არცერთი ლარი არ არის გამოყოფილი, რეალობას არ შეესაბამება.

ანალიზი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი 24 დეკემბერს დაამტკიცა. დისტანციურ რეჟიმში სხდომას გორის მერიც დაესწრო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელფასო ფონდის საკითხი გააკრიტიკა და გორის მერი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.

„ახალ ბიუჯეტში 300 ათასი ლარით არის გაზრდილი სახელფასო ფონდი, გორის მერს არ გასჭირვებია ,,გაპრავება" და თქვა ჩვენ კი არ ვიმატებთ ხელფასს, მერიის თანამშრომლები ბანკების წინ ნაკადს რომ აწესრიგებენ პანდემიის დროს, მათ ვაძლევთო! ამავე ბიუჯეტში მიუსაფარ და უსახლკარო ადამიანების დახმარებაზე 0 ლარი დევს!“ - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 700 ათასი ლარითაა გაზრდილი და ის 42 მლნ ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მატება სახელფასო მუხლსაც შეეხო და 3 მლნ 945 ათასი ლარიდან 4 მლნ 245 ათას ლარამდე გაიზარდა. 300 ათასი ლარით მეტი თანხა მერიამ პანდემიის პირობებში თანამშრომელთა ნაწილის ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევებისთვის გაითვალისწინა.

„2021 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 300 ათასი ლარით არის გაზრდილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასები იზრდება. თუ 2021 წელს გაგრძელდა პანდემია და ალბათ გაგრძელდება, ამის გამო ზეგანაკვეთური შრომის შესრულება თუ მოუწიათ, მოტივაციის სახით შეიძლება რაღაც თანხა მივცეთ. თუ ამის საჭიროება არ იქნება და მათ ზედმეტი მუშაობა არ მოუწიათ პანდემიიდან გამომდინარე, ეს თანხა არ გაიხარჯება ამისთვის, დაბრუნდება უკან და წავა ინფრასტრუქტურულ პროექტებში“,- განაცხადა „ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუში გორის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადების მეორე ნაწილს, კონსტანტინე თავზარაშვილი ოპოზიციას არ ეთანხმება და სოციალური პროგრამის მუხლში გაზრდილ თანხაზე მიუთითებს.

„რაც შეეხება უსახლკარო ოჯახებს, ჩვენ გვაქვს სოციალური პროგრამის მუხლი, სადაც გვაქვს თანხა ჩადებული. 2021 წლის ბიუჯეტში ის 105 ათასი ლარით არის გაზრდილი“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

2021 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 2020 წელთან შედარებით მართლაც 300 ათასი ლარით არის გაზრდილი და ამას გორის მერიც ადასტურებს, მისი ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება კი ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან დამოკიდებულია, მომავალ წელს ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე.

სოციალური პროგრამის ნაწილში კი უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანების დახმარებისათვის სახსრები 2 სხვადასხვა მუხლშია წარმოდგენილი (საბიუჯეტო კოდები 06.05.18 და 06.05.21).

სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის, ერთჯერადი ფულადი დახმარება მომავალი წლისთვის წინა წელთან შედარებით, 110 ათასიდან 119 ათას ლარამდეა გაზრდილი.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების კაპიტალური ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის კი 32 ათასი ლარით მეტი თანხაა გათვალისწინებული და ის 100 ათას ლარს შეადგენს.

ახალ ბიუჯეტში უსახლკარო და მიუსაფარ ადამიანებს კიდევ ერთი მუხლი ეხებათ - „მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება“, თუმცა ამ მუხლში 2019 წლის (18 ათას 700 ლარი) შემდეგ აღარაფერია განსაზღვრული. 2020 და 2021 წლის შესაბამის მუხლში თანხები აღარ ფიქსირდება.

ოპოზიციის წარმომადგენელი განცხადებაში შესაძლოა, სწორედ ამ მუხლს მოიაზრებდა, თუმცა უშუალოდ აღნიშნული კატეგორიის ადამიანებისთვის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ქირის თანხით დახმარებისა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის გორის მერიას უფრო მეტი თანხა აქვს გათვალისწინებული, ვიდრე 2020 წელს და ის სხვა მუხლებშია ასახული.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მთლიანად, სოციალური უზრუნველყოფისთვის (სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული ადამიანების დახმარება) განსაზღვრული თანხა, 50 ათას 700 ლარითაა გაზრდილი და ის 1 მლნ 629 ათას 500 ლარს შეადგენს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი