კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ წესს არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხშირად მიმართავს და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. მათ შორის არის ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოც, რომლის შესყიდვებიც „ფაქტ-მეტრმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით შეისწავლა.

როგორც აღმოჩნდა, 2020 წლის განმავლობაში, სოციალური სერვისების სააგენტომ ბენეფიციარებისთვის, გამარტივებული წესით, ჯამში 2 171 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუნქციას, წესდების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით ის სახელმწიფო შესყიდვებს 2014 წლიდან ახორციელებს. თუმცა 2019 წლამდე მას საკვები პროდუქტის შესაძენად გამარტივებული წესი თითქმის არ გამოუყენებია და ელექტრონულ ტენდერებს აცხადებდა. თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს 2015 და 2016 წლებში, ასევე - ერთ შესყიდვას 2018 წელს. ამ შესყიდვების ჯამური ღირებულება 40 000 ლარზე ოდნავ მეტია.

უკვე 2019 წლის მეორე ნახევრიდან, ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ, საკვები პროდუქტის შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის წესით, ჯამში 51 190 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

პანდემიის გამო, 2020 წლის 1 აპრილიდან ბათუმის მუნიციპალურმა სასადილოებმა ფუნქციონირება შეაჩერა და მხოლოდ ივნისში განაახლა. თუმცა ნოემბერში გამოცხადებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, კვლავ დახურა. ბენეფიციარებზე კუთვნილი ულუფა დაფასოებული სახით გაიცემოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოსთვის წინასწარვე ცნობილი იყო, რამდენი და რა სახის საკვები პროდუქტი უნდა შეეძინა, ასევე იცოდა, რომ წინასაახალწლოდ სასურსათო კალათები უნდა დაერიგებინა, 2020 წლის განმავლობაში, მან გამარტივებული წესით, პროდუქტი 35-ჯერ შეისყიდა. მხოლოდ დეკემბერში, სააგენტომ გამარტივებული წესით თორმეტი ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

ცხრილი 1. ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვები, 2020 წელი

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში ცხრა გამარტივებული შესყიდვის საფუძველს კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სხვადასხვა საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით მან ყველაზე მეტი ხელშეკრულება შპს „ჯიბესთან“ გააფორმა, ჯამში - 281 611 ლარის ღირებულების.

შპს „ჯიბეს“ წლების მიხედვით სხვადასხვა მფლობელი და მეწილე ჰყავს. პერიოდულად იცვლებიან დირექტორებიც. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის 20%-ს ფლობს სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი“, რომლის დირექტორმა გიორგი ბერიანიძემ, 2017 წელს, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 10 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, 2020 წლის განმავლობაში, ელექტრონული ტენდერების საფუძველზე, ჯამურად 3 054 100 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებია გაფორმებული.

უარყოფითი შედეგით დასრულდა ან არ შედგა ჯამში, დაახლოებით, 2 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი, რომელთა საფუძველზეც ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის შეძენა 2020 წლის სახსრებით უნდა დაფინანსებულიყო.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ამ ეტაპზე 345 130 ლარის სავარაუდო ღირებულების შესყიდვა აქვს გამოცხადებული. უკვე ცნობილია, რომ აქედან ერთი ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 37 548 ლარი იყო, არ შედგა. აღნიშნული შესყიდვები 2021 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი