მიშა ბოლქვაძე: ხელვაჩაურის სოფელებში: ყოროლისთავსა და აგარაში გაზიფიცირება [2020 წლის] აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსახლეობა გაზიფიცირების გარეშე დატოვეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიშა ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ და შპს „ლ. და. კ“-ს შორის ხელშეკრულება, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, აგარისა და ყოროლისთავის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, 2019 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 1 543 809 ლარია. სამუშაოები 2020 წლის 10 ივნისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მიმწოდებელმა დადგენილ დროში პროექტი ვერ დაასრულა და ვადა გახანგრძლივდა. საბოლოოდ, მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა.

შემსყიდველის მიერ პროექტის ჩაბარებიდან ხუთი თვე გავიდა, მაგრამ ქსელი „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ექსპლუატაციისთვის დღემდე ვერ გადაეცა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ გაარკვია, ქონება ჯერაც შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ბალანსზეა და ამ დრომდე შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. კერძოდ, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განგვიმარტა, ეს პერიოდი ქონების აუდიტორულ შეფასებას დასჭირდა. ამის შემდეგ, ქონება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ გადაეცემა. თავის მხრივ, სააგენტო მას „სოკარ ჯორჯია გაზს“ გადასცემს, რის შემდეგაც ქსელი ექსპლუატაციისთვის მზად იქნება.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ქსელს კიდევ ერთხელ დატესტავს, თუ სადმე ხარვეზი აღმოჩნდა, გამოასწორებს, რასაც, დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: აგარისა და ყოროლისთავის მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ანალიზი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძემ განაცხადა: „[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში] ყოროლისთავსა და აგარაში გაზიფიცირება უნდა მომხდარიყო და აგვისტოში დასრულებულიყო. თუმცა დღეს იანვარში, ცივ ზამთარში, ეს მოსახლეობა დატოვეს გაზიფიცირების გარეშე“. მისივე თქმით, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია, თანხა გადახდილია, მოსახლეობას კი ბუნებრივი აირი მაინც არ მიეწოდება.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT190020556) 2019 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 575 387 ლარით განისაზღვრა. შემსყიდველს, სამ პრეტენდენტს შორის, ყველაზე დაბალი ფასი შპს „ლ. და კ.“-მ შესთავაზა და 1 543 809-ლარიანი ხელშეკრულება სწორედ მასთან გაფორმდა.

პროექტის განხორციელება, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: აგარისა და ყოროლისთავის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, 2019 წლის 13 დეკემბერს დაიწყო და 2020 წლის 10 ივნისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების შესახებ შეთანხმება 2020 წლის 4 აგვისტოთი თარიღდება. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების, ასევე, რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები შეფერხდა. ამიტომ პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდა.

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოები დასრულებულია და ღირებულებამ 1 505 413 ლარი შეადგინა. მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9 262 ლარის გამოკლებით, კომპანიას 1 496 151 ლარი გადაერიცხა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ყოროლისთავის გაზიფიცირებისთვის 696 938 ლარია გადახდილი, ხოლო სოფელ აგარის გაზიფიცირებისთვის - 808 475 ლარი, სამუშაოების ჩაბარებიდან ხუთი თვის შემდეგაც არც ერთი სოფლის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ განაცხადა, რომ, პრაქტიკიდან გამომდინარე, დასრულებული სამუშაოების გადაცემის პროცედურები ზოგჯერ ხუთ-შვიდ თვესაც კი საჭიროებს: „გამოცდილებიდან გამომდინარე რაც ვიცი, არის შემთხვევები, რომ სამ-ხუთ თვეში გადმოუციათ ქონება, ყოფილა შემთხვევები, რომ ერთი წელიც დააგვიანდა. რაზეა დამოკიდებული, მე არ ვიცი. ჩვენ რომ გადმოგვეცემა, განმეორებით შევამოწმებთ. თუ რამე ხარვეზი აღმოჩნდება, ის არ იქნება რთული აღსადგენი. ამ ყველაფერს დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადა სჭირდება და მერე დაიწყება ექსპლუატაცია“.

„ფაქტ-მეტრი“ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა. ჩვენ ვცადეთ, გაგვერკვია, რატომ სჭირდება ასეთი ხანგრძლივი პერიოდი დასრულებული ქონების გადაცემის პროცედურებს. გიორგი კაპანაძის განმარტებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მთელი რიგი ეტაპებია გასავლელი, სანამ ქონება საბოლოოდ ექსპლუატაციისთვის მზად იქნება.

გიორგი კაპანაძე: „სამშენებლო სამუშაოები რომ დასრულდება, ექსპერტი აფასებს ტექნიკურ და ფინანსურ შესაბამისობას. მერე გეოდეზისტები მიდიან და აკეთებენ აზომვას. ამის საფუძველზე მზადდება საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც იგზავნება მუნიციპალიტეტში, ექსპლუატაციაში მიღებაზე. მუნიციპალიტეტი გამოსცემს ბრძანებას ვარგისად აღიარებაზე. ბრძანება მოდის ჩვენთან და საკადასტრო აზომვით ნახაზებთან ერთად, ჩვენ ხაზოვან ნაგებობას ვარეგისტრირებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, ხდება ქონების აუდიტორული შეფასება, რასაც, ასევე, გარკვეული დრო სჭირდება. შემდეგი პროცესია ქონების გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის. თავის მხრივ, ის გადასცემს ქონებას „სოკარს“. აუდიტორული დასკვნა გაკეთებულია და ხვალ [12 იანვარს]გადაეგზავნება ქონების სააგენტოს“.

„ფაქტ-მეტრმა“ ვერც ერთი რესპონდენტისგან ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რამდენად აუცილებელია აღნიშნული პროცედურებისთვის ასეთი ხანგრძლივი პერიოდი. როგორც გავარკვიეთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის“ ქონების გადაცემის შემდეგ, კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ ქსელს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ჩაიბარებს და ექსპლუატაციაში გაუშვებს. ამიტომ ჯერაც უცნობია, როდის მიაღწევს ბუნებრივი აირი ყოროლისთავისა და აგარის მოსახლეობამდე.

ცოტა რამ კომპანიის შესახებ: შპს „ლ. და. კ“ დავით კაპანაძეს ეკუთვნის. მას 2012 წელს 7 000 ლარი გადარიცხული აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ხოლო 2018 წელს 25 000 ლარი სალომე ზურაბიშვილს შესწირა, 15 000 ლარი კი 2020 წელს - „ქართული ოცნებას“.

შპს „ლ. და. კ“-სთან არაერთი ძვირადღირებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული როგორც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, ისე - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც“.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი