ბიძინა ივანიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 15 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: განცხადებაში დასახელებული მონაცემი, ანუ ნომინალური მშპ ერთ სულზე (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, PPP) 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, 60%-ით არის გაზრდილი და 15.6 ათას საერთაშორისო დოლარს შეადგენს. თუმცა, მშპ-ს დინამიკის განხილვა აღნიშნული მაჩვენებლით, რიგი მიზეზების გამო, შინაარსს მოკლებულია. ის, ერთი მხრივ, ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი არ არის, ანუ ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. დროის ჭრილში, მშპ-ს შედარებისთვის ნომინალური მონაცემების გამოყენება, პრინციპულად არასწორია. მეორე მხრივ, გამოყენებული მაჩვენებელი (PPP მშპ) მხოლოდ სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით შექმნილი ტექნიკური სიდიდეა და მისი გამოყენება ერთი ცალკე აღებული ქვეყნის მშპ-ს დინამიკის შესაფასებლად, არარელევანტურია. მოცემული დანიშნულებით მიზანშეწონილია, ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მშპ იქნას გამოყენებული.

რაც შეეხება უშუალოდ მონაცემებს, მშპ-ს დინამიკის განხილვისთვის საჭიროა რეალური, ანუ ფასების დონით კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის განხილვა. აღნიშნული მაჩვენებელი ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებულ ობიექტურ საზომს წარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ მისი საშუალებით ფასდება. 2019 წლის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე (PPP), 2012 წელთან შედარებით, არა 60%-ით, არამედ დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი და 14.9 ათას საერთაშორისო დოლარს შეადგენს. თუმცა, ბუნდოვანია, რატომ შეფასდა ეკონომიკური ზრდა მშპ PPP მონაცემით, როდესაც კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკაზეა საუბარი და სხვა ქვეყნებთან შედარება არ ხდება. 2012 წელს, რეალური მშპ ერთ სულზე (2015 წლის მუდმივ ფასებში) 8,162 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 10,835 ლარს. შესაბამისად, 2012-2019 წლებში, რეალური მშპ ერთ სულზე 32.7%-ით გაიზარდა, რაც ბუნებრივია, ტენდენციის თვალსაზრისით მსყიდველუნარიანობის მიხედვით დათვლილი რეალური მშპ-ს მსგავსია, თუმცა აბსოლუტურ სიდიდეში (10,835 ლარი ნაცვლად 15 000 საერთაშორისო დოლარისა) განსხვავდება.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ დანართში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოსტს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ახლავს, წარმოდგენილია განცხადება: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 15 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 60%-ით მართლაც გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 15 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. თუმცა საუბარია ნომინალურ და არა რეალურ მაჩვენებელზე. ნომინალური მონაცემის დროში ანალიზის მიზნით გამოყენება კი, აბსურდულ მიდგომას წარმოადგენს და რეალობას დამახინჯებულად წარმოაჩენს (აზვიადებს ზრდის სიდიდეს).

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ-ერთ იმ ეკონომიკურ-სტატისტიკურ მაჩვენებლადაა მიჩნეული, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას კარგად ასახავს. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში ითვლება, რაც ერთი წლის განმავლობაში საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონელი და მომსახურების ერთობლიობას ასახავს.

სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური წარმატების შედარებისთვის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ (GDP per capita in PPP dollars) გამოიყენება, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომია და ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის სხვაობას ასახავს. ერთ სულ მოსახლეზე რაც უფრო მეტი შემოსავალი ნაწილდება, ცხოვრების დონე მით უკეთესია. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასებია, ვალუტის მსყიდველობითი უნარი კი მეტია (1 დოლარით მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი). შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მშპ-ს დინამიკის შეფასებისას ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის ტექნიკურად ასახვას გამორიცხავს.

დასახელებული მონაცემი, ანუ ნომინალური მშპ ერთ სულზე (PPP), 2012 წელთან შედარებით, 60%-ით არის გაზრდილი. თუმცა, მშპ-ს დინამიკის განხილვა აღნიშნული მაჩვენებლით შინაარსს მოკლებულია, რადგან ის ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი არ არის, ანუ ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამგვარად, დროის სხვადასხვა პერიოდში მშპ-ს შედარებისთვის ნომინალური რიცხვების გამოყენება, ეკონომიკურად არასწორია.

მშპ-ს დინამიკის გასაანალიზებლად რეალური, ანუ ფასების დონით კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის განხილვაა საჭირო. აღნიშნული მაჩვენებელი ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებულ ობიექტურ საზომს წარმოადგენს და მისი საშუალებით ფასდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ.

გრაფიკი 1: რეალური მშპ ერთ სულზე, ნომინალური და რეალური მშპ (PPP) ერთ სულზე 2012-2020 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წლის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე (PPP), 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი. ამავდროულად, ბუნდოვანია, ეკონომიკური ზრდა PPP მშპ მონაცემით რატომ შეფასდა, როდესაც საუბარი კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკაზეა და სხვა ქვეყნებთან შედარება არ ხდება. 2012 წელს, რეალური მშპ ერთ სულზე (2015 წლის მუდმივ ფასებში) 8,162 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 10,835 ლარს. შესაბამისად, 2012-2019 წლებში, რეალური მშპ ერთ სულზე 32.7%-ით გაიზარდა, რაც ბუნებრივია, ტენდენციის თვალსაზრისით მსყიდველუნარიანობის მიხედვით დათვლილი მშპ-ს მსგავსია და განცხადებაში დასახელებულ ზრდის მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია.

დროის სხვადასხვა მონაკვეთში მშპ-ს შესადარებლად მხოლოდ მშპ-ს რეალური მაჩვენებელი უნდა იქნას გამოყენებული. ნომინალური PPP მშპ, ისევე როგორც ნომინალური მშპ, ინფლაციის ზეგავლენისაგან თავისუფალი არ არის და ეკონომიკის ზომის რეალურ ცვლილებაზე არასწორ წარმოდგენას ქმნის. შესაბამისად, დროში შესადარებლად ბიძინა ივანიშვილს რეალური მშპ უნდა გამოეყენებინა, რაც ზუსტად გვაჩვენებდა, თუ, ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით, რამდენი პროცენტით გაიზარდა. ამგვარად, რიცხვები, რომელსაც მმართველი პარტიის უკვე ყოფილი ლიდერი ასახელებს, ტექნიკურად სწორია, თუმცა რეალურ კონტექსტს არასწორად წარმოაჩენს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი