დეზინფორმაცია: შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის 3700 უბანზე მომუშავე წარმომადგენლებს, ხელფასს არ გადაუხდის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-გვერდი „სექტა“, kvira.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ და საიტის Facebook-ზე „მედიაჰოლდინგი კვირას“-ს გვერდზე გაზიარებული სტატიის ფოტოს ავრცელებს. მედიაჰოლდინგი „კვირას“ მიერ გაზიარებულ პოსტს, რომელიც შემდგომ Facebook-გვერდმა „სექტა“ ფოტოს სახით გააზიარა, შემდეგი სათაური აქვს: „შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ 3 700 უბანზე მომუშავე თანამშრომელი ხელფასს ვერ მიიღებს, მათ გვიღალატეს და ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება“.

რეალურად, Kvira.ge-ზე გამოქვეყენებული სტატიის ტექსტში არსებული ინფორმაცია სათაურს არ შეესაბამება. ტექსტში ნათქვამია, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადების თანახმად, ლეიბორისტული პარტიის მხოლოდ ის 400-500 წარმომადგენელი, რომელთა დაკვირვების უბნებზეც ლეიბორისტულმა პარტიამ ნული ხმა დააგროვა, ხელფასს არ მიიღებს.

აღნიშნული განცხადება შალვა ნათელაშვილმა 26 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის ბრიფინგზე გააკეთა: „პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ ესეც მოისყიდა, ეს ნაძირალა, ვინც გაგზავნილი გვყავდა. ახლა ამას ხელფასს ხომ არ გადავუხდით. ამიტომ უარი ვუთხარით მათ ხელფასებზე, განვუცხადეთ, რომ წავიდნენ და სასამართლოში იჩივლონ, თუ რამე პრეტენზია აქვთ და იქ დავუმტკიცებთ ვინ არიან ისინი. საუბარია ასეულებით ადამიანზე, დაახლოებით 400-500. მე მგონი სწორი გავაკეთეთ და ჭკუის სასწავლებელი იქნება. მოღალატეებს, არამზადებს, გამყიდველებს, უქნარებს არავითარი ხელფასი ბიუჯეტიდან არ უნდა მივცეთ. რატომ, რისთვის? ეგენი შემოუშვა უშიშროებამ პარტიაში, რათა ნული ხმა გამოეტანათ უბნებიდან და საჩივრები არ დაეწერათ“

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩანს რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება, პარტიის დამკვირვებლების ხელფასების შესახებ, 400-500 დამკვირვებელს ეხებოდა და არა 3 700 უბანზე, ლეიბორისტული პარტიის ყველა დამკვირვებელს.

შესაბამისად, „მედიაჰოლდინგი კვირას“ მიერ Facebook-ზე გაზიარებულ სტატიაში შალვა ნათელაშვილის განცხადება ზუსტად არის ციტირებული. თუმცა როგორც სტატიის, ისე პოსტის სათაური მანიპულაციური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაზე გადასვლისას მკითხველი სიმართლეს ეცნობა, სტატიის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

რაც შეეხება „სექტას“ მიერ გაზიარებულ სურათს, რომელიც kvira.ge-ის მიერ მანიპულაციურ სათაურს ასახავს, მკითხველისთვის კიდევ უფრო შეცდომაში შემყვანია, რადგან kvira.ge-ისგან განსხვავებით, მას დამატებითი ინფორმაცია და შალვა ნათელაშვილის განცხადების ზუსტი ციტირება არ ახლავს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი