ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: 2020-ში, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით ვალი უნდა აგვეღო 3 მლრდ ლარი. რეალურად ავიღეთ 8 მლრდ ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით საგადასახადო შემოსავლები უნდა გვქონოდა 10 მლრდ ლარი, ამის ნახევარი ვალად ავიღეთ. წელს დაგეგმილია დამატებით 5.3 მლრდ ლარის ვალის აღება.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

რეზიუმე:საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდა, 3 მლრდ ლარით, 2019 წლის მიწურულს, პირველადი (პანდემიასთან დაკავშირებულ ცვლილებებამდე) ბიუჯეტის დამტკიცებისას, განისაზღვრა, ხოლო მოგვიანებით, ივნისის თვეში, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდის გეგმა დაახლოებით 5 მლრდ ლარით, 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. საგადასახადო შემოსავლების გეგმა კი 10 მლრდ-იდან დაახლოებით 9 მლრდ-მდე შემცირდა.

2021 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდა, დაახლოებით, 5.3 მლრდ ლარამდეა განსაზღვრული, რაც პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება. აგრეთვე, პოსტში წარმოდგენილი ფრაზა - „რეალურად ავიღეთ 8 მლრდ ლარი“, ტექნიკურად ზუსტი არ არის, რადგან საბიუჯეტო ვალის 8 მლრდ ლარით ზრდა გეგმას წარმოადგენს და როგორც ფაქტი, განცხადების გაკეთების მომენტში არ დამდგარა. 11 თვის, ანუ 2020 წლის ნოემბრის მონაცემით, საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდამ - 6.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც არსებული გეგმის 84.7%-ს წარმოადგენს. 9 თვის მონაცემებით, საბიუჯეტო ვალდებულებები 4.96 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის 95.1%-ს წარმოადგენდა. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, წლის განმავლობაში საბიუჯეტო ვალდებულებები რამდენით გაიზარდა.

შესაბამისად, ერთი მხრივ დასახელებული მონაცემები რეალობასთან ძირითადად თანხვედრაშია, მეორე მხრივ, პოლიტიკოსი პანდემიამდე დაგეგმილ ვალის გეგმიურ მაჩვენებელს პანდემიის შედეგად დამდგარ მაჩვენებელს ადარებს, რაც ფეისბუქ-პოსტში მკაფიოდ არ ჩანს. პოსტის მიზნის (სავარაუდოდ პანდემიის პირობებში ხელისუფლების მოქმედების ანალიზი და არა ვალის ცვლილების ტენდენციის შეფასება) დაკონკრეტების გარეშე, განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია, ცალკეულ უზუსტობებს შეიცავს და რეალურ სურათს არასრულად ასახავს. უშუალოდ ტენდენციის ანალიზის თვალსაზრისით პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ დამდგარი გეგმიური მაჩვენებლების შედარება ვიწრო მიზნის (მაგ. უშუალოდ პანდემიაზე რეაგირების ანალიზი) არ არსებობისას არარელევანტურია. შესაბამისად, განცხადება რიცხვებით მანიპულირების ელემენტებსა და ფაქტობრივ უზუსტობებს ერთდროულად მოიცავს და „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით განსაზღვრული არცერთი ვერდიქტი სრულფასოვნად არ შეესაბამება. აღნიშნულიდან გამომდინარე „ფაქტ-მეტრი“ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და მხოლოდ ანალიზით შემოიფარგლება.

განცხადების დანარჩენი ნაწილი საბიუჯეტო ხარჯვის სპეციფიკის კრიტიკას ეთმობა, რაც სუბიექტურ შეფასებებს წარმოადგენს და, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებდეს, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, განცხადების ვერდიქტზე არსებულს გავლენა ვერ ექნება.

ანალიზი

პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ფეისბუქ-გვერდზე პოსტი განათავსა: „შარშან, 2020-ში, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით ვალი უნდა აგვეღო 3 მლრდ ლარი რეალურად ავიღეთ 8 მლრდ ლარი ანუ დაგეგმილზე 5 მლრდ ლარით მეტი 5,000,000,000 - აი ამდენით მეტი. შარშან, 2020-ში, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით საგადასახადო შემოსავლები უნდა გვქონოდა 10 მლრდ ლარი ამის ნახევარი ვალად ავიღეთ. წელს დაგეგმილია დამატებით 5.3 მლრდ ლარის ვალის აღება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებლები ცხრილ 1-შია ასახული. საბიუჯეტო შემოსულობები საბიუჯეტო შემოსავლების, არაფინანსური აქტივების ცვლილების (პრივატიზაციის), ფინანსური აქტივების კლების და ვალდებულებების ზრდის ჯამს წარმოადგენს. ხოლო, თავის მხრივ, შემოსავლები გადასახადების, გრანტების და სხვა შემოსავლების მუხლებისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდა, 3 მლრდ ლარით, 2019 წლის მიწურულს განისაზღვრა, პირველადი ბიუჯეტის დამტკიცებისას, ხოლო მოგვიანებით, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდის გეგმა დაახლოებით 5 მლრდ ლარით, 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2021 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ვალდებულებების ზრდა დაახლოებით 5.3 მლრდ ლარამდეა განსაზღვრული. შესაბამისად, პოლიტიკოსი პანდემიამდე დაგეგმილ ვალის გეგმიურ მაჩვენებელს ადარებს პანდემიის შედეგად დამდგარ მაჩვენებელს, რაც პოსტში მკაფიოდ არ ჩანს. ასევე, 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაში გეგმიური საგადასახადო შემოსავალი დაახლოებით 10 მლრდ ლარს შეადგენდა, რამაც კორექტირების შემდეგ დაახლოებით 1 მლრდ-ით ნაკლები, 9 მლრდ ლარამდე შეადგინა.

ცხრილი 1: შემოსულობების გეგმიური მაჩვენებლები 2020-2021 წლებში, ათასი ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პანდემიის შედეგებთან გამკლავების კონტექსტში, საბიუჯეტო ვალის და დეფიციტის მკვეთრი ზრდა, მსოფლიო მასშტაბით, მთელ რიგ ქვეყნებში დაფიქსირდა. თეორიულად, ეკონომიკური აქტივობის გაჩერების ფონზე, ვალის აღებითა და დეფიციტური ხარჯვის საშუალებით, პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და შემცირებული ერთიანი მოთხოვნის სტიმულირება ხდება. თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნულს უარყოფითი შედეგებიც ახლავს, მაგ: ინფლაცია, დანაზოგების შემცირება, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიმდინარე დეფიციტით გამოწვეულ ეფექტი, ისე, როგორც საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები, შემდგომ წლებში დადგება.

აგრეთვე, პოსტში წარმოდგენილი ფრაზა - „რეალურად ავიღეთ 8 მლრდ ლარი“, ტექნიკურად, არაზუსტია, რადგან საბიუჯეტო ვალის 8 მლრდ ლარით ზრდა გეგმას წარმოადგენს და როგორც ფაქტი, განცხადების გაკეთების მომენტში არ დამდგარა. 11 თვის, ანუ 2020 წლის ნოემბრის მონაცემით, საბიუჯეტო ვალდებულებების ზრდამ 6.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც არსებული გეგმის 84.7%-ს წარმოადგენს. 9 თვის მონაცემებით, საბიუჯეტო ვალდებულებები 4.96 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის 95.1%-ს წარმოადგენდა. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, წლის განმავლობაში საბიუჯეტო ვალდებულებები რამდენით გაიზარდა.

უშუალოდ, სახელმწიფო ვალი, [1] რომელიც მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჯამს წარმოადგენს, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 9.5 მლრდ ლარით გაიზარდა და 30.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მოსალოდნელი მშპ-ს 61%-ს წარმოადგენს. 2019 წელს, სახელმწიფო ვალის პროცენტული მაჩვენებელი 41.8%-ზე ნარჩუნდებოდა, ფარდობითი მაჩვენებელი დაახლოებით ( დამრგვალებულად) 19.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის სტატისტიკა, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

განცხადების დანარჩენი ნაწილი საბიუჯეტო ხარჯვის სპეციფიკის კრიტიკას ეთმობა, რაც სუბიექტურ შეფასებებს წარმოადგენს და, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებდეს, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, განცხადების ვერდიქტზე არსებულს გავლენა ვერ ექნება.

[1] საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/ დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი