ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებს ძირითადად ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს. როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, 2020 წელს სამმართველომ 73 363 787 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. შესყიდვების ნაწილი 2021 წელს უნდა დასრულდეს. აქედან გამომდინარე, სახელშეკრულებო ღირებულების ჯამური მოცულობიდან, 2020 წლის ბიუჯეტიდან მხოლოდ 48 565 768 ლარი უნდა გაიხარჯოს. ბათუმის მერიის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, ათვისებული თანხის ჯამური რაოდენობა 33 590 167 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით არის გაფორმებული. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში, სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გვიან ცხადდება, არის ფაქტები, როცა გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, არ შედგა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვისთვის, შესაძლოა, ტენდერი რამდენჯერმე არ შედგეს, ან უარყოფითი შედეგით დასრულდეს. ასეთ დროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ცვლილებას საჭიროებს ხოლმე და ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად: ასე მოხდა ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის დროს, როცა ტენდერი ოთხჯერ ჩავარდა, ხოლო დოკუმენტაციას გაახლება დასჭირდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერი შეწყდა, არ შედგა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. რამდენიმე პროექტის განხორციელების მიზნით, შესყიდვა ორჯერ და სამჯერ გამოცხადდა და ყველა შემთხვევაში - უშედეგოდ. მაგალითად, რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ხიმშიაშვილის ქუჩამდე დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია ბუნებრივი ქვაფენილის გამოყენებით - აღნიშნული სამუშაოების შესყიდვაზე სამმართველომ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულება 174 557 ლარს შეადგენდა. ტენდერი არც ერთხელ არ შედგა. ბოლოს ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს წერილით მიმართა (დანართი 1) და გამარტივებული შესყიდვის ნებართვა სთხოვა. შემსყიდველმა თანხმობა მიიღო. (დანართი 2) სააგენტოს გვერდზე ატვირთულია აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანხმობის განკარგულებაც. (დანართი 3) შედეგად, 173 592-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გზებთან“ (დანართი 4), თუმცა დაკორექტირდა და საბოლოოდ შემსყიდველმა მიმწოდებელს 89 287 ლარი გადაუხადა. (დანართი 5)

უარყოფითი შედეგით დასრულდა წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენითი სამუშაოების ტენდერი. განმეორებით ტენდერში კი ერთადერთი მონაწილე შპს „გზები“ იყო და 1 979 946-ლარიანი ხელშეკრულება მას ერგო.

საერთოდ, „გზები“ არაერთ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და მსხვილ პროექტებს ახორციელებს. 2020 წელს სამმართველოსა და კომპანიას შორის ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 10 მლნ ლარს აჭარბებს.

ინფორმაციისთვის, შპს „გზები“ ირაკლი აბაშიძეს ეკუთვნის. 2017 წელს მან „ქართულ ოცნებას“ 35 000 ლარი შესწირა.

თუ ჯამურად ვიანგარიშებთ, შეწყვეტილი ტენდერების სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარს აჭარბებს. დაახლოებით ამდენი ლარის ღირებულების ტენდერები არ შედგა, ხოლო 6 მლნ ლარზე მეტი სავარაუდო ღირებულების ტენდერები უარყოფითი შედეგით დასრულდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სამმართველომ არაერთი პროექტი შეწყვიტა, როცა ხელშეკრულება გაფორმებული იყო. მიზეზად პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება სახელდება, რომელიც რიგი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს.

ამ მიზეზით შეწყვეტილი პროექტების სახელშეკრულებო ღირებულებები ჯამში, დაახლოებით, 5 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, გათვალისწინებული იყო რამდენიმე სკვერის, პანდუსის, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და მოწყობა; სვიშევსკის ქუჩის, შესახვევებისა და ჩიხების მოწესრიგება; სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების შესყიდვა; ატრაქციონების შესყიდვა, მონტაჟი და ექსპლუატაცია; სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობა; ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია; ერთი სახლის სარემონტო სამუშაოები; ცენტრალური პარკის გარე განათების მოწყობა და სხვა.

ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვაზე სამმართველომ განმეორებითი ტენდერები გამოაცხადა. სამუშაოების ნაწილი დაწყებულია, თუმცა მათი დასრულება უკვე 2021 წელს იგეგმება.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტებს, მათ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1. ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც წლის ბოლომდე დასრულდა

წყარო: ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო

ცხრილიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მილიონიან ტენდერებს იგებს, არის შპს „ბონდი 2009“. მისი 25%-იანი წილის მფლობელი ნუკრი დოლიძე 25%-იან წილს ფლობს შპს „მონოლითი 2005-შიც“, რომელიც ასევე არაერთი შესყიდვის გამარჯვებულია. 2020 წელს სამმართველოსთან ორივე კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება (იგულისხმება ის პროექტებიც, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ცხრილში შეტანილი არ არის) 13 659 000 ლარს აჭარბებს.

10 მილიონ ლარს აღემატება შპს „ზიმო-7-სა“ და სამმართველოს შორის 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება. საინტერესოა, რომ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს შპს „ზიმო“, რომლის დირექტორ ზურაბ კიკნაძესაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ გადარიცხული აქვს ჯამში 85 000 ლარი 2019-2020 წლებში, ხოლო 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ – 5 000 ლარი. ამავე კომპანიაში წილის მფლობელმა ილია ქავთარაძემ კი, 2020 წელს მმართველ პოლიტიკურ გუნდს თანხა ორჯერ გადაურიცხა, მთლიანობაში, 13 000 ლარი და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე 2012 წელს 5 000 ლარი. იმავე პარტიებს კომპანიის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 5 000-5 000 ლარი შესწირა, ჯერ 2012 წელს და მერე - 2020 წელს. ოთხი შემოწირულობა განახორციელა გია უროტაძემ, ჯამში - 32 000 ლარი, ხოლო ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა 5 000 ლარი. 10 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს „ზიმო -7-ის“ 1%-იანი წილის მფლობელმა ამირან ბერიძემ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი