ბიძინა ივანიშვილი: საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენ მიერ 8 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი ორჯერ აღემატება ცხრა წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯს, ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტი ავტობანი გავაკეთეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ( 2003-2012 წლებში) ჯამში 3 044 880 838 ლარი დაიხარჯა. ამავე მიზნებისთვის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში (2013-2020 წლებში) გაწეულმა ხარჯმა 6 411 839 425 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად „ქართული ოცნების“ მიერ 8 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი ნაციონალების 9-წლიან პერიოდს მართლაც 2.1-ჯერ აღემატება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ ორმაგი ბიუჯეტით სამჯერ მეტი ავტობანი გააკეთა. მართალია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე თითქმის სამჯერ მეტი გზა აშენდა, ვიდრე „ნაციონალების“ დროს, თუმცა ამისთვის 3.5-ჯერ მეტი თანხა დაიხარჯა. თანაც ავტობანის ზოგიერთი მონაკვეთის და მთლიანად ავტომაგისტრალის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და 2022 წლამდე გახანგრძლივდა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელი შეაჯამა. წერილს თან დანართი ერთვის, სადაც ქართული ოცნების საქმიანობა უფრო დაწვრილებით არის შეფასებული. „ეკონომიკის ზრდა სათანადო ინფრასტრუქტურული მშენებლობების მასშტაბით გახდა შესაძლებელი. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენს მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს. წინა ხელისუფლებამ, 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტი გავაკეთეთ“,-აღნიშნულია დანართში.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ( 2003-2012 წლებში) ჯამში 3 044 880 838 ლარი დაიხარჯა. ამავე მიზნებისთვის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში (2013-2020 წლებში) გაწეულმა ხარჯმა 6 411 839 425 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად „ქართული ოცნების“ მიერ 8 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი ნაციონალების 9-წლიან პერიოდს მართლაც 2.1-ჯერ აღემატება. თუმცა აღნიშნული თანხა მთლიანად საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დახარჯული თანხაა, კონკრეტულად განცხადებაში დასახელებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტი ცალკეა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისი-სენაკი-ლესელიძის) მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო. აღნიშნული ავტომაგისტრალი E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტი წლების განმავლობაში შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტი 2006-2012 წლებში (გეგმა, ფაქტი, შესრულება)

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ცხრილი 2: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტი 2013-2020 წლებში (გეგმა, ფაქტი, შესრულება)

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც ცხრილი 1 და 2-დან ჩანს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხარჯი 2013-2019 წლებში ჯამში 3 005 464 582 ლარი იყო , რაც 2006-2012 წლის ხარჯს (859 454 900) 3. 5-ჯერ აღემატება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, მოძრაობა 266.15 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე გაიხსნა, 2013 წლიდან დღემდე კი - 198 კილომეტრზე. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე თითქმის 3-ჯერ მეტი გზა ააშენა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა 3.5-ჯერ და არა 2-ჯერ გაზრდილი დაფინანსების პირობებში, როგორც განცხადებაშია ნათქვამი. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა (42.3 კმ) 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც შეიცვალა და 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. ასევე ავტობანის ყველაზე რთული მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის, მშენებლობის ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. მონაკვეთის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო მონაცემით, დასახელებული გზის მონაკვეთი სავარაუდოდ, 2022 წელს, დაგეგმილზე 6 წლის დაგვიანებით დასრულდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი