სოციალურ ქსელში პორტუგალიელი ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი:

სოციალურ ქსელში Pfizer-ით ვაქცინირებული პორტუგალიელი ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება. 41 წლის სონია ასევედო კორონავირუსის ვაქცინის მიღებიდან 48 საათში მოულოდნელად დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნულ სიახლეს შემდეგი სათაურებით აქვეყნებენ: „პორტუგალიელი ექიმი ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა“, „პორტუგალიელი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის წარმოების კორონავირუსის ვაქცინა მიიღო, გარდაიცვალა“. აღნიშნული სათაურები მკითხველისთვის დამაბნეველია და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ქალის სიკვდილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

სინამდვილეში, პორტოს ონკოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სონია ასევედომ, 2021 წლის 30 იანვარს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer ვაქცინა გაიკეთა. 1 იანვარს ის მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა მისი სიკვდილის მიზეზი დადგენილი არ იყო. 5 იანვრის აუტოფსიის შედეგებმა დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის ვაქცინა არ ყოფილა.

ქალის გარდაცვალებამ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ეჭვები წარმოშვა, რომ მისი სიკვდილი კორონავირუსის ვაქცინასთან იყო დაკავშირებული. გარდაცვალების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენამდე მსგავსი სიახლე 4 იანვარს საინფორმაციო სააგენტო Daily Mail-იმაც გამოაქვეყნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქალის გარდაცვალების კორონავირუსთან კავშირი გამოირიცხა, სააგენტომ ინფორმაცია განაახლა.

აღნიშნული ინფორმაცია ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა Daily Mail-იდან პირველად 5 იანვარს გაავრცელეს, თუმცა დღემდე (14 იანვარი) უცვლელი სახით ვრცელდება - არცერთ სტატიაში ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ქალი კორონავირუსის ვაქცინის მიღების გამო არ გარდაცვლილა, განახლებული არ არის. შესაბამისად, მკითხველს აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციასთან წვდომა არ აქვს, სათაურით კი რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქალის გარდაცვალება კორონავირუსის ვაქცინამ გამოიწვია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი