შეთქმულების თეორიები ალან დალესის გეგმის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალურ ქსელში „ალან დალესის მასონურ გეგმასთან“ დაკავშირებით უსაფუძვლო შეთქმულების თეორიები სხვადასხვა წყაროს მიერ სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3 და სხვა). მოცემული თეორია 2021 წელს კვლავ აქტუალური გახდა. „დალესის გეგმა“ ან „დალესის დოქტრინა“ რუსული პროპაგანდის ნაწილი და საერთაშორისოდ აღიარებული შეთქმულების თეორიაა. მის თანახმად, დალესმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი შემადგენელი ერების კულტურული დეგრადაციისთვის გეგმა შეიმუშავა.

ალან დალესი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) პირველი არასამხედრო დირექტორი (1953-1961 წწ.) და კენედის მკვლელობის საპრეზიდენტო საგამოძიებო კომისიის წევრი იყო. ის CIA-ის შექმნის პროცესებში აქტიურად მონაწილებდა, 1951 წელს კი დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. დალესის საქმიანობა კენედის ადმინისტრაციის დროს კრიტიკის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით, 1961 წელს CIA-ის ღორების ყურეში შეჭრისას. პრეზიდენტმა კენედიმ ინციდენტში პასუხისმგებლობა დალესს დააკისრა, რის შემდეგაც მან თანამდებობა დატოვა. ალან დალესის სახელთან დაკავშირებით არაერთი კონსპირაციის თეორია ვრცელდება, ყველაზე აქტუალური კი მისი ე.წ. გეგმის ან დოქტრინის არსებობაა.

კონსპირაცია 1: ალენ დალესმა II მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის სამოქმედო, იგივე მასონური სამოქმედო გეგმა, შეიმუშავა. გეგმა ადამიანთა გარყვნას, გახრწნას, სულიერებისგან დაცლასა და ზნედაცემას ისახავს მიზნად: „დავთესავთ რა ქაოსს, ჩვენ შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვჰყოფთ, რათა ირწმუნონ ეს მცდარი ფასეულობანი...“.

სინამდვილეში, აღნიშნული და სხვა გავრცელებული ციტატები არა დალესის გეგმიდან, არამედ 1971 წელს გამოქვეყნებული რუსულენოვანი რომანი - „მარადიული ძახილიდანაა“ (რუსულად, Вечный зов). რომანი საბჭოთა მწერალს, სოციალისტური შრომის გმირს, ანატოლი ივანოვს, ეკუთვნის. წიგნი მრავალ ისტორიულ პერიოდს მოიცავს, მათ შორის, ოქტომბრის რევოლუციას, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას ფაშისტების დამარცხების შემდგომ. ციტატები, რომლებიც კონსპირაციის თეორიების თანახმად, თითქოს, დალესის გეგმიდანაა, ამ წიგნის ერთ-ერთ პერსონაჟს, ლახანოვსკის ეკუთვნის. მაგალითისთვის,

ციტატა #1:

ქართულად: „დამთავრდება ომი, ყველაფერი ჩაწყნარდება და ჩვენ ყველაფერს ვისვრით, რაც გაგვაჩნია, მთელ ოქროს, მატერიალურ დახმარებას და რესურსებს ადამიანების გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ცნობიერება ცვლილებების უნარის მქონეა.“

რუსულად: „Окончится война – все как-то утрясется, устроится. И мы бросим все, что имеем, чем располагаем… все золото, всю материальную мощь на оболванивание и одурачивание людей! Человеческий мозг, сознание людей способно к изменению.“ (წიგნის ონლაინ ვერსია, გვ.34).

ციტატა #2:

ქართულად: „დავთესავთ რა ქაოსს, ჩვენ შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვჰყოფთ, რათა ირწმუნონ ეს მცდარი ფასეულობანი...“

რუსულად: „Посеяв там хаос, мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности поверить!“ (წიგნის ონლაინ ვერსია, გვ.34).

აღნიშნული რომანიდან ციტატების ე.წ. დალესის გეგმასთან გაიგივება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. პირველად ის 1993 წელს სანტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა, იოანემ (სნიჩოვი), გამოაქვეყნა და მას შემდეგ, დღემდე, სისტემატურად ვრცელდება.

კონსპირაცია 2: 1948 წელს ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტი (NSC 20/1), რეალურად, საბჭოთა კავშირის დაშლისთვის დალესის მიერ შემუშავებული გეგმაა.

აღნიშნული კოსპირაციის ავტორი საბჭოთა ისტორიკოსი ნიკოლაი იაკოვლევია, რომელმაც თეორია პირველად 1983 წელს გამოცემულ წიგნში - „CIA სსრკ-ს წინააღმდეგ“ (რუსულად, ЦРУ против СССР) - განავითარა. იაკოვლევი წიგნში 1948 წელს ამერიკის მიერ გამოცემულ დოკუმენტს CIA-ისა და ალან დალესის გეგმებთან აკავშირებს, რომელთა საბოლოო მიზანი სსრკ-ს დეგრადაცია და განადგურება იყო.

სინამდვილეში, 1948 წელს გამოცემულ დოკუმენტს არც CIA-ისთან და არც დალესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კონსპირაციული თეორიის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ გეგმასთან აღნიშნულ დოკუმენტს ტექსტუალური მსგავსებაც კი არ გააჩნია. 1948 წლის 18 აგვისტოს ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭომ მოხსენება გამოაქვეყნა, სახელწოდებით, U.S. Objectives With Respect to Russia (აშშ-ის მიზნები რუსეთთან მიმართებით). მოხსენება ომისა და მშვიდობის პირობებში საბჭოთა კავშირთან მიმართებით ზოგად ამოცანებს მოიცავს - მოსკოვის ძალისა და გავლენის შემცირებას იმ დონემდე, რომ ის საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და სტაბილურობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. მასში CIA და ალან დალესი საერთოდ არაა ნახსენები. შესაბამისად, მტკიცება, რომ დოკუმენტი NSC 20/1 დალესის გეგმაა, რომელიც სსრკ-ის განადგურებასა და მისი მოსახლეობის დეგრადირებას ისახავს მიზნად, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ყალბი ამბავია.

დალესის გეგმის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს დეზინფორმაციული და პრორუსული პროპაგანდისტული სააგენტოები საქართველოს კონტექსტშიც ავრცელებენ. მაგალითად, კრემლისტური მედიის, „საქართველო და მსოფლიოს“, სტატიის თანახმად, საქართველოში მოვლენები დალესის გეგმის მიხედვით ვითარდება: სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განიხილება. არგუმენტად კი კვლავ ზემოხსენებული რომანის ციტატებია მოყვანილი.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი