დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნანორობოტებს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

2021 წლის 11-12 იანვარს, Facebook-სივრცეში კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებული მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა. პოსტების თანახმად, ვიდეოში მკვლევარი და კომპიუტერების სპეციალისტი, იანის ბიძარაკი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „ნანორობოტებს“ შეიცავს, რაც 5G ინტერნეტის სიხშირეების საშუალებით ადამიანების გაკონტროლების საშუალებად იქცევა. პოსტებში გაჟღერებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს და ყალბი ამბავია.

წყარო: youtube.com

კორონავირუსის პანდემიის შესახებ კონსპირაციული თეორიები ბილ გეითსის სახელთან დღემდე არაერთხელ დაუკავშირებიათ ( ბმული 1, ბმული 2). აღნიშნული პოსტის თანახმად კი, ბილ გეითსი ერთ-ერთ ვიდეოში ვაქცინებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი ნანორობოტებს შეიცავს და ადამიანის დნმ-ს ცვლის. რეალურად, ბილ გეითსი ვიდეოში მართლაც საუბრობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, ასევე ხსნის, თუ როგორ მუშაობს mRNA ვაქცინები, თუმცა ის არსად ამტკიცებს, რომ ვაქცინებს დნმ-ის შეცვლა შეუძლიათ. mRNA ვაქცინების მოქმედების მექანიზმისა და ვაქცინის მიერ დნმ-ის ცვლილებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნანორობოტებს შეიცავს, განსაკუთრებით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ გააქტიურდა.

მტკიცებების თანახმად, ვაქცინებში ლიპიდური ნანონაწილაკებია, რომლებიც „პატარა კომპიუტერებს ფარავს“. ბუნებრივია, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ნანონაწილაკები მინიმალური ზომის, 100 ნანომეტრზე ნაკლები მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ნანოკომპიუტერებთან კავშირი არ აქვს. Griffith University-ის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნაიჯელ მაკმილანმა, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციასთან, AFP FactCheck-თან განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რობოტებს ან კომპიუტერებს საშუალებას მისცემს ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით მოხვდეს ვაქცინაში, არ არსებობს. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა mRNA-ზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ადამიანის უჯრედებს მითითებებს უგზავნის იმ ცილის წარმოსაქმნელად, რომელიც COVID-19-ის შემადგენელი ერთ-ერთი ცილის მსგავსია. ორგანიზმში ერთგვარი კოპირების გზით წარმოქმნილ ცილებზე იმუნური სისტემა ანტისხეულების წარმოქმნით რეაგირებს, რაც მომავალში ადამიანს ნამდვილი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს. ფაქტობრივად, ამ გზით იმუნური სისტემა სწავლობს, თუ როგორ ამოიცნოს პროტეინი და მის წინააღმდეგ ანტისხეულები როგორ წარმოქმნას. ასევე, ნაიჯელ მაკმილანის თქმით, Pfizer-BioNTech-ის mRNA ვაქცინებში არსებული ლიპიდური ნაწილაკები ვაქცინის უჯრედებში შესვლისას მის დამცველ მექანიზმს წარმოადგენს. აღნიშნული ლიპიდური ნანოწალაკები ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ცხიმებისგან (მაგ. ქოლესტერინი) ან მცენარეული ცხიმებისგან (მაგ. მარგარინი) შედგება. კანადური ბიოტექნოლოგიური კომპანია Acuitas Therapeutics-ის თანახმად კი, ეს ლიპიდური ნანონაწილაკები ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ mRNA-ის დანიშნულების ადგილამდე მისვლას უზრუნველყოფს. ვინაიდან და რადგანაც, რეალურად ვაქცინები ნანორობოტებს ან სხვა სახის ტექნოლოგიურ ნაწილაკებს არ შეიცავს, მტიკება, რომ მათი საშუალებით ადამიანებში პროგრამების ჩატვირთვა მოხდება და შესაბამისი სიხშირეებით მათი გაკონტროლება იქნება შესაძლებელი, ასევე ტყუილი. ვაქცინის საშუალებით ადამიანებში მიკროჩიპების მოთავსებისა და ამ გზით მათი გაკონტროლების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში გაეცნოთ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ამასთანავე, პოსტის თანახმად, პანდემიისას ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა იმიტომ არის სავალდებულო, რომ 5G ანტენების ამოქმედების შემდგომ, ადამიანებში ვაქცინის გზით მოხვედრილი ნანორობოტების სიხშირეებმა ერთმანეთი არ გადაფარონ. აღნიშნული მტკიცება ტყულია. კორონავირუსთან და 5G ინტერნეტთან დაკავშირებით დღემდე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთის თანახმად ვაქცინაში არსებული ნაწილაკები ადამიანებში ანტენების როლს შეასრულებენ, რომლებიც 5G ანტენების საშუალებით ადამიანებს კრიპტოვალუტასთან მიაერთებს, ზოგიერთის თანახმად კი, ანტენები კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. თუმცა, სინამდვილეში, არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G სრულიად უსაფრთხო ტექნოლოგიად მიიჩნია, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვითაც, 5G მობილური ქსელები COVID-19-ს არ ავრცელებს. რაც შეეხება ორმეტრიან სოციალურ დისტანციას, სინამდვილეში მისი დაცვის რეკომენდაცია CDC-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის გავრცელებისა და დაინფიცირების რისკების შემცირების მიზნით არის გაცემული და მას ნანორობოტებთან და ნაწილაკებთან კავშირი არ აქვს.

პოსტის ბოლოს აღნიშნულია, რომ ვაქცინის შემოტანის მცდელობაში უამრავი ადამიანია ჩართული, მათ შორის პოლიტიკოსები, ექიმები, ჯარი და პოლიციელები, რითაც ისინი მასიურ გენოციდს უწყობენ ხელს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის დადასტურებულმა BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებმა პრეკლინიკური ტესტირება და სამივე საფეხური გაიარეს, შესაბამისად ისინი ყველა აუცილებელ სტანდარტს აკმაყოფილებენ. ასევე, აღნიშნული პოსტის მსგავსად, დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის სავალდებულო ვაქცინაციისა და ამ პროცესის საკანონმდებლო აქტით დარეგულირების შესახებ, არაერთხელ გავრცელდა. თუმცა საყოველთაო და იძულებით ვაქცინაციაზე ჯერჯერობით არცერთ სახელმწიფოს განცხადება არ გაუკეთებია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი