დეზინფორმაცია: ქართველი ტრამპისტი ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით ყალბ ამბებს ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლის, ბექა ვარდოსანიძის მიერ სხვადასხვა ყალბი ამბავი ვრცელდება. 7 იანვარს ჩაწერილ ვიდეოში Facebook-მომხმარებელი აშშ-ის საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ მცდარ და დაუსაბუთებელ ცნობებს იმეორებს და სოციალური ქსელის მომხმარებლები, 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების არასწორი გაშუქებით, შეცდომაში შეჰყავს. „ფაქტ-მეტრი“ ვიდეო მასალაში გაჟღერებული ინფორმაციის ანალიზს გთავაზობთ:

მტკიცება #1: 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრილ პირებს შორის, ძირითადად BLM-ის და „ანტიფას“ წევრები იყვნენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ ტრამპის მხარდამჭერი აქციის შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის პროვოცირება, 45-ე პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით, ტრამპის მოწინააღმდეგე რადიკალი მემარცხენე ძალების, „ანტიფასა“ [1] და BLM-ის [2] მიერ მოხდა. ვარდოსანიძე აცხადებს, რომ მართალია, კაპიტოლიუმში ტრამპის რეალური მომხრეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა კონგრესის შენობაში შეჭრილ პირთა ძირითად ნაწილს ტრამპის მოწინააღმდეგეები წარმოადგენდნენ. ამასთან, მისი ცნობით, FBI-ის ყოფილი თანამშრომლის ცნობით, რომელიც კაპიტოლიუმის მიმდებარედ იმყოფებოდა, „ანტიფას“ წევრები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ავტობუსით მივიდნენ, რაც ვიდეოს ავტორს შეთქმულების თეორიის მხარდასაჭერად მოჰყავს.

მსგავსი დაუსაბუთებელი ინფორმაცია, ისევე როგორც ყალბი ამბები, თითქოს, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქცია მემარცხენე „ანტიფას“/BLM-ის მოწყობილია, ხოლო პოლიციელები მათ სათანადო წინააღმდეგობას არ უწევდნენ, უცხოელი მომხმარებლების Twitter და Facebook-გვერდებზეც გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), რასაც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

საკითხის მნიშვნელობის გამო, ბრალდებებთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა - უწყების თანახმად, არანაირი სამხილი არ არსებობს იმისა, რომ აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარ ქაოსში „ანტიფას“ რაიმე წვლილი მიუძღვის.

რაც შეეხება ვიდეოს ავტორის კიდევ ერთ მტკიცებას, რომ პოლიციამ აქტივისტები კაპიტოლიუმში დაუბრკოლებლად შეუშვა, რეალურ საფუძველს მოკლებულია. ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact აქტივისტების შეჭრას კაპიტოლიუმში დეტალურად აღწერს. მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის კიბეებამდე მიაღწიეს, მათ პოლიციის ოფიცრების მიმართულებით ქიმიური ნივთიერებების გაშვება და ფიზიკური ძალადობა დაიწყეს, რამაც კაპიტოლიუმის პოლიციას სწრაფი რეაგირების საშუალება შეუზღუდა, მომიტინგეებს კი, შენობაში შეღწევა გაუადვილა. აქტივისტების დაუმორჩილებლობამ პოლიცია იძულებული გახადა, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, პოლიციის ოფიცრები მომიტინგეებთან დალაპარაკებას თუ როგორ ცდილობდნენ, თუმცა ამ ტაქტიკის უშედეგობამ ოფიცრებს აჯანყებულების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისკენ უბიძგა, რასაც რამდენიმე აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა. მოცემული ფაქტები, ფოტო და ვიდეო-მასალები ცხადყოფს, რომ კაპიტოლიუმის პოლიცია ტრამპის მხარდამჭერების აგრესიული ქმედებების თავიდან არიდებას და შენობის დაცვას მაქსიმალურად ცდილობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აქტივისტებმა კაპიტოლიუმში შეჭრა მაინც მოახერხეს.

მტკიცება #2: რქებიანი ბეწვის ქუდით წარმოდგენილი მომიტინგე რამდენიმე თვის წინ პოლიციელების საწინააღმდეგო აქციაშიც მონაწილეობდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მოწინააღმდეგე რადიკალი მემარცხენეების შეჭრის თეორიის მხარდასაჭერად, ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ აქტივისტი, რომელიც საკუთარი ჩაცმულობის გამო 6 იანვრის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და მიტინგზე რქებიანი ბეწვის ქუდით იყო წარმოდგენილი, რამდენიმე თვის წინ მემარცხენეების მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ აქციაშიც მონაწილებდა. მოგვიანებით, ვიდეოს ავტორმა აღნიშნული პირის ამსახველი ფოტოსურათიც გაავრცელა, რაც „ფაქტ-მეტრმა“ უკვე გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არსებული სახეშეღებილი ადამიანი რქებიანი ბეწვის ქუდით, 6 იანვარს საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობის დროს ნამდვილად ფიქსირდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვის წინ გადაღებული ფოტომასალა არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, მისი შინაარსი იკარგება. კერძოდ, ფოტოზე წარმოდგენილ მამაკაცს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც 32 წლის მსახიობი ჯეიკ ანჯელი, ხელში უჭირავს პოსტერი წარწერით: “Q sent me” – “Q-მ გამომგზავნა“. წარწერაში მოცემული ასო - „Q“ კი, QAnon-ის შეთქმულების თეორიის აღსანიშნავადაა გამოყენებული.

როგორც ირკვევა, ჯეიკ ანჯელი სწორედ QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიმდევარია, თავს შამანს უწოდებს და QAnon-ის ღონისძიებებს ესწრება. QAnon-ის თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში ბავშვების ექსპლუატაციის გლობალური სქემა არსებობს, რომელშიც სატანის მორჩილი ზოგიერთი დემოკრატი ლიდერიც არის ჩართული. იდეის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტრამპი სწორედ ამ სქემის გამჟღავნებას აპირებს. გავრცელებულ „მამხილებელ სურათზე“ ჩანს, რომ ჯეიკ ანჯელი BLM-ის საპროტესტო მსვლელობაზე წარმოდგენილი იყო როგორც BLM-ის მომიტინგეთა მოწინააღმდეგე მემარჯვენეთა ფლანგიდან და არა მისი წევრი, როგორც ამას კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მომხრეების მხარდამჭერი თეორიის ადვოკატები ამტკიცებენ. სინამდვილეში, ჯეიკ ანჯელი ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, რაც მისი Facebook-პოსტებიდანაც ჩანს (ბმული 1). 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ მან ტრამპის მომხრეთა მიტინგის აუცილებლობაზეც ისაუბრა და არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მტკიცება #3: „ანტიფა“ უკვე ტერორისტული ორგანიზაციად არის შეფასებული, ოფიციალურად გამოცხადებული“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

„ანტიფაზე“, ანუ მემარცხენე იდეოლოგიის „ანტიფაშისტურ“ მოძრაობაზე საუბრისას, ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ მოძრაობა აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურადაა გამოცხადებული. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, „ანტიფას“ სახელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში არ ფიგურირებს, ხოლო ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ამერიკული ორგანიზაციის, PolitiFact-ის მიხედვით, აშშ-ის კანონმდებლობა ადგილობრივი ჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების პროცედურებს საერთოდ არ ითვალისწინებს. სწორედ ამის შედეგად უნდა მივიჩნიოთ ფაქტი, რომ 2020 წლის 31 მაისს, პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდგომ გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, პრეზიდენტი ტრამპის მიერ „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების დაანონსების მიუხედავად, „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი დღესაც არ აქვს.

მტკიცება #4: „[კენოშაში მიმდინარე მოვლენების დროს, ძალადობრივი დემონსტრანტების წინააღმდეგ] ბაიდენს არავითარი დაგმობითი განცხადება არ გაუკეთებია“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

2020 წლის აგვისტოში ვისკონსინის ქალაქ კენოშაში პოლიციელების მიერ შავკანიანი მამაკაცის, ჯეიკობ ბლეიკის დაჭრის ფაქტს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელმაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო. მომიტინგეებმა კომერციული და სამთავრობო შენობები დაწვეს, სამართალდამცავებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ვიდეოს ავტორი ჯო ბაიდენს უმოქმედობაში სწორედ აღნიშნული მოვლენების კონტექსტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბაიდენს დემონსტრანტების წინააღმდეგ „არავითარი დაგმობითი განცხადება არ გაუკეთებია“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ჯო ბაიდენმა საკითხთან დაკავშირებით შეფასება 31 აგვისტოს გააკეთა და დემონსტრანტების ძალადობრივი ქმედებები დაგმო. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი უწესრიგობის გამოწვევა და მოროდიორობა პროტესტის გამოხატვის სახეს სულაც არ წარმოადგენს.

[1]

„ანტიფა“ (ANTIFA) არის მემარცხენე იდეოლოგიის, „ანტიფაშისტური“ მოძრაობა, რომელიც ნეო-ნაცისტების, ფაშიზმის, რასიზმისა და მემარჯვენეების წინააღმდეგ სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით გამოდის. მოძრაობის მონაწილეების დიდი ნაწილი რასიზმს და სექსიზმს, ხოლო ამერიკაში ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ნაციონალისტურს და ანტიმუსულმანურს უწოდებენ. „ანტიფას“ წარმომადგენლები თავს, ძირითადად, ანარქისტებს ან სოციალისტებს მიაკუთვნებენ და კაპიტალიზმის წინააღმდეგ გამოდიან. არეულობის მოწყობის დროს მათ ხშირად შავი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. 25 მაისს აშშ-ში პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაციების მოწყობაში პრეზიდენტმა ტრამპმა მოძრაობა „ანტიფა“ და სხვა მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა. მოგვიანებით კი ტრამპმა Twitter-ზე დაწერა: „შეერთებული შტატები „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს“.

[2]

Black Lives Matter (BLM) არის გლობალური სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. მოძრაობა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, შავკანიანთა დისკრიმინაციისა და თეთრკანიანთა უპირატესობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. მოძრაობის ბოლოდროინდელი აქტივობებიდან 6 ივნისს აშშ-ში მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციები მიიჩნევა, რომელშიც აშშ-ის მასშტაბით, 550 სხვადასხვა ადგილიდან მილიონამდე ადამიანი ჩაერთო.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი