გიგლა მიქაუტაძე: „2016 წელს დაპირებული 200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შეიქმნა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 27 000-ით შემცირდა“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგლა მიქაუტაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2019 წელს 2016 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 1.4 ათასით გაიზარდა, რაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. 2016 წლის შემდეგ, ქვეყანაში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2017-2019 წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 26.4 ათასით შემცირდა.

ანალიზი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძე ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, წერილში არ არის საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე, მათ შორის „არ შეიქმნა 2016 წელს დაპირებული 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. პირიქით, ჯერ კიდევ პანდემიამდე, სამუშაო ადგილების რაოდენობა 27 000-ით შემცირდა კერძო სექტორში“.

200 ათასს სამუშაო ადგილის შექმნა 2016 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 1.4 ათასით გაიზარდა, რაც თავის მხრივ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. საჯარო სექტორში დასაქმების ზრდა ბიუროკრატიულ ხარჯების ზრდის და ის პოზიტიურ მოვლენად არ ჩაითვლება. 2017-2019 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27.8 ათასით გაიზარდა. ამავე პერიოდში, არასახელმწიფო, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 26.4 ათასით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ, ქვეყანაში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 83.7 ათასით გაიზარდა. ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, 2016-2017 წლებში შემცირდა, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდის ხარჯზე დასაქმების საერთო მაჩვენებელი გაიზარდა, 2019 წელს კი კვლავ შემცირდა.

გრაფიკი 1: დასაქმებულთა რაოდენობა საკუთრების ფორმების მიხედვით, 2012-2020 წლებში (ათასი კაცი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქართული ოცნების წარმომადგენლები დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლებზე საუბრისას ხშირად მანიპულირებენ და ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების შექმნაზე მიუთითებენ. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2).

საქსტატი ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს.

საქსტატის მონაცემებით, 2017-2019 წლებში, ბიზნეს სექტორში ჯამში 90.1 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2020 წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სამუშაო ადგილები მცირდება, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, ერთ წელიწადში 110 ათასამდე სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლისთვის სამუშაო ადგილებზე მიცემული დაპირება იმას ნიშნავს, რომ მას დასაქმებას ჰპირდები. 2016 წლიდან კი ქვეყანაში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდა. 2009-2012 წლებში 185.2 სამუშაო ადგილი შეიქმნა, 2013-2016 წლებში 132.4 ათასი, 2017-2019 წლებში კი 90.1 ათასი.

გრაფიკი 3: ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, 2008-2019 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული სტატია საქსტატის განახლებული მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა [1] . თუმცა აღსანიშნავია, რომ საქსტატის ძველი მონაცემებითაც, მტკიცება, რომ ქართული ოცნების დაპირება სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით არ შესრულდა, სიმართლეს შეესაბამება (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2).

[1] იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი