დეზინფორმაცია: 2021 წლის ახალი მსოფლიო წესრიგის გეგმის შესრულება დაიწყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში 2021 წლისთვის, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება. Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, 2021 წლის მარტში ახალი ვირუსი - კოვიდ-21 - ჩნდება, ივნისში - მაღაზიებში მარაგები იწურება, საყოველთაო პროტესტი იწყება და ყველა ქალაქში ჯარის შენაერთები დგება, სექტემბერში - ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, ყველა ვალი უუქმდება, ვინც უარს იტყვის, საკუთრება ჩამოერთმევა, 2021 წლის ბოლოს კი კოვიდ-პასპორტი ჯანმრთელობის ბარათს ანაცვლებს, რაც ნორმალური ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი საშუალება ხდება.

აღნიშნული ყალბი გეგმა ისეთ დეზინფორმაციულ ჯგუფებში გავრცელდა, როგორებიცაა: „შევაჩეროთ 5G საქართველოში“, „ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი“, „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“.

საინტერესოა, რომ მოცემული გეგმა საერთაშორისო მასშტაბით, ცალკეულ ქვეყნებში, სხვადასხვა სახით გავრცელდა. მაგალითად, ფოტო 2021 წლისთვის ახალი მსოფლიო წესრიგის გეგმის შესახებ ისე გამოქვეყნდა, თითქოს ის ბრიტანეთის, აშშ-ის, ფილიპინების, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ გამოცემული გეგმის გაჟონილი ვერსია იყო.

რაც შეეხება პირველად ვერსიას, ის სოციალურ ქსელში 2020 წლის 14 ოქტომბერს ვებ-გვერდზე The Canadian Report გავრცელდა, სათაურით, „Is this leaked info really Trudeau’s crazy COVID plan for 2021? You decide …“. წერილი შინაარსობრივად ზემოაღნიშნული გეგმის ანალოგიურია, თუმცა მისგან განსხვავებით, იმეილის ფორმა აქვს. სტატიის ავტორი ირწმუნებოდა, რომ მას კანადის მმართველი პარტიის წევრისგან საერთაშორისო ეკონომიკური კოლაფსის საწინააღმდეგო სტრატეგიის შესახებ გაგზავნილი წერილი ჩაუვარდა ხელთ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებით ფაქტების გადამოწმების არაერთი საერთაშორისო პლატფორმა დაინტერესდა (Reuters.com, Snpes.com, Factcheck.afp.com, Rappler.com). მათი გამოძიებით კი დადგინდა, რომ დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ, ყალბია.

Canadian Report-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში იმეილის გამგზავნად “Strategic Planning Committee“-ის წევრია მითითებული, რომელიც პრემიერ-მინისტრის კაბინეტს ექვემდებარება. კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის სპიკერმა Reuters-ს განუცხადა, რომ მსგავსი კომიტეტი მათ კაბინეტში საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება გეგმას ვალების გაუქმების შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (Covid-19 და Covid-21 ვაქცინები) გაკეთების შემთხვევაში, აღნიშნული მხოლოდ წერილის ავტორის წარმოსახვის ნაწილია. Covid-21-ის შესახებ ინფორმაცია კი მხოლოდ ამავე სახელწოდების 2020 წელს გადაღებულ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმში გვხვდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმღვანელმა კანადაში კი Reuters-სთან დაადასტურა, რომ გავრცელებული წერილი IMF-ის პოლიტიკის არც ნაწილია და არც რაიმე კავშირი აქვს მასთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ 2021 წლისთვის წინასწარ გაწერილი გეგმის (The New World Order Plan) შესრულება დაიწყო, ყალბია.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

--------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი