დეზინფორმაცია: AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხოლოდ 8%-ია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული მედიის ცნობით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხოლოდ 8%-ია. აღნიშნული ინფორმაცია, გერმანულ პრესაში მართლაც გავრცელდა, თუმცა ის სიმართლეს არ შეესაბამება.

გერმანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ბრიტანული კომპანია AstraZeneca გამოეხმაურა, „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ AstraZeneca / Oxford ვაქცინის ეფექტურობა 8% -ზე დაბალია 65 წელს გადაცილებულ მოზრდილებში, არასწორია“, - ნათქვამია განცხადებაში.

AstraZeneca-ს განმარტებით, „ვაქცინის კვლევის შედეგები, ნოემბერში ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, რომ ხანდაზმულებს ძლიერი იმუნური რეაქცია აქვთ ვაქცინაზე, ხოლო ხანდაზმულების 100%-ისთვის სპეციფიკური ანტისხეულები მეორე დოზის შემდეგ წარმოიქმნება“. ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, დეკემბერში გამოქვეყნებული მონაცემებით, 70%-ზე მაღალია.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ ხანდაზმულებში AstraZeneca-ს ვაქცინის დაბალ ეფექტურობაზე გერმანული პრესის ცნობები ასევე უარყო. მათი ინფორმაციით, პრესას მონაცემები აერია, 8% გარკვეული ასაკის მოხალისეების რაოდენობას აღნიშნავდა, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ და არა ეფექტურობის მაჩვენებელს. „AstraZeneca-ს ეფექტურობის კვლევებში მოხალისეთა დაახლოებით 8% იყო 56-დან 69 წლამდე, ხოლო 3-4% 70 წლის ზემოთ... ეს არ ნიშნავს, რომ ის ეფექტურია მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების 8%-ში“ ,- ნათქვამია გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა. AstraZeneca-ს ვაქცინა ასევე გამოიყენება ბრაზილიაში, მექსიკასა და ინდოეთში. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში AstraZeneca-ს ვაქცინა ევროპის მარეგულირებლის (EMA) მიერ დამტკიცდება. ევროპის მარეგულირებლის (EMA) ცნობით, შესაძლოა, ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებისთვის იყოს დაშვებული, რადგან ეფექტურობის კვლევებში ხანდაზმულთა მცირე ნაწილი იყო ჩართული. ამ ეტაპზე, EMA სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნული ვაქცინის შედეგებს სწავლობს. თუმცა ეს ასაკოვან მოსახლეობაში ვაქცინის დაბალ ეფექტურობაზე არ მიუთითებს. AstraZeneca-ს ინფორმაციით, შეზღუდული მონაცემების მიუხედავად, ვაქცინის ეფექტურობა ასაკოვან მოსახლეობაში ისეთივე მაღალია, როგორც ახალგზარდებში.

საქართველოში Pfizer-BioNtech-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა განიხილება, სამივე ვაქცინა მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლებისაგან არის დამტკიცებული. პირველ ეტაპზე, საუბარია Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაზე, თუმცა, ფართომასშტაბიანი აცრებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინა განიხილება, რადგან არსებული ანალოგებისგან განსხვავებით ის განსაკუთრებულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს და მისი ტრანსპორტირება და შენახვა შედარებით ადვილია.

მტკიცება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხოლოდ 8%-ია, მცდარია. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება კი ვაქცინაციისადმი მოსახლეობის უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი