ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები - 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წელს საქართველოს ელექტროსისტემაში 21 ახალ ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, 162 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, რაც წელიწადში 682 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. 2019 წელს 5 ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა ჯამური 56.57 მგვტ სიმძლავრით. 2021 წლისთვის 27.25 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. შესაბამისად, 2019-2020-2021 წლებში აშენებული და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე ჯამში 468.57 მგვტ-ია. ასევე აღსანიშნავია 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბოსადგური „მარნეული 2“, რომლის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ია. რადგან თბოსადგური პანდემიის წელს ამოქმედდა, სავარაუდოდ, განცხადებაში მინისტრი აღნიშნულსაც გულისხმობდა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, აშენებული და დაგეგმილი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 698.57 მგვტ-ია.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებს, ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულებამ 72.43% შეადგინა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს დაგეგმილი ენერგოპროექტების განხორციელებაში გარკვეული შეფერხება მაინც იყო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა. ვებინარი კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. გამოსვლაში ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ენერგეტიკული პროექტები არ შეჩერებულა. მისი თქმით, საუბარია როგორც პანდემიამდე, ისე 2020 წლის განმავლობაში დაწყებულ პროექტებზე. ნათია თურნავას განცხადებით, 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტოსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე“.

ელექტროენერგიის წარმოებას დღეის მდგომარეობით 89 ჰიდროსადგური და 3 თბოსადგური ახორციელებს. ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები წარმოადგენს. მათი წილი მთლიან გამომუშავებულ ენერგიაში 79%-ზე მეტია, თბოსადგურების წილი დაახლოებით 20%-ია, ქარის ენერგიის წილი კი ამ ეტაპზე უმნიშვნელოა.

როგორც აღვნიშნეთ, ელექტროენერგიის გამომუშავების თითქმის 80% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გამომუშავება ზამთარში მცირდება და თბილ პერიოდში, წყლის რესურსის მატების პარალელურად, იზრდება. შესაბამისად, წლის ცივ პერიოდში ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი, ხოლო ზაფხულში სიჭარბე აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ელექტროენერგიის დაგროვება შეუძლებელია, თბილ პერიოდში ქვეყანა ელექტროენერგიას ყიდის (ძირითადად თურქეთში), ცივ პერიოდში კი, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჰიდროელექტრო სადგურებს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რადგან განცხადებაში მინისტრი აზუსტებს, რომ პანდემიამდე პროექტებსაც გულისხმობს, ამიტომ ათვლას 2019 წლიდან დავიწყებთ.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის (2020-2030) მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში 5 ჰირდოელექტროსადგური: არაგვიჰესი 2 (დადგმული სიმძლავრე -1.95), მესტიაჭალა1 (20 მგვტ), მესტიაჭალა 2 (30 მგვტ), ავანიჰესი (3.5მგვტ), ოროჰესი (1.12) შევიდა, ჯამური 56.57 მგვტ სიმძლავრით.

2020 წელს საქართველოს ელექტროსისტემაში 21 ახალ ჰიდროელექტროსადგური გაეშვა, 162 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, რაც წელიწადში 682 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. ყველაზე მეტი დადგმული სიმძლავრის მტკვარი (53 მგვტ), სტორი 1 (20 მეგავატი), ლახამი 2 (10 მეგავატი) და სხალთაა (10 მეგავატი). ამ მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში ჯამში 26 ჰიდროელექტრო სადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 218.57 მგვტ-ია. 2021 წელს 27 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ-ია. შესაბამისად, 2019-2020-2021 წლებში ექსპლუატაციაში შესული და დაგეგმილი ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 468.57 მგვტ-ია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დასაწყისში დასრულდა და 17 იანვარს ექსპლუატაციასი შევიდა 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“. თბოსადგურის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა. აქტიური სამშენებლო ფაზა კი 2017 წლის ზამთარში დაიწყო. ახალი თბოელექტროსადგური ე.წ. „ნულიდან“ გაშვების ფუნქციით არის აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს. თბოელექტოსადგურის მუშაობა კლიმატურ პირობებზე არ არის დამოკიდებული და ელექტოენერგიის წარმოება მთელი წლის განმავლობაში შეუძლია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზამთრის პიკური მოხმარების პერიოდშია. ასევე აღსანიშნავია, რომ თბოსადგური გარემოს დაცვითი მიმართულებითაც ეფექტურია, მისი ოპერირებისას, მავნე ემისიები, გარდაბნის ძველ ბლოკებზე იმავე რაოდენობის ენერგიის წარმოების შემთხვევასთან შედარებით, დაახლოებით 250 000 ტონით მცირდება. მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდა, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რადგან დასახელებული თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2020 წლის დასწყისში შევიდა, სავარაუდოა, რომ ეკონომიკის მინისტრმა განხილულ განცხადებაში აღნიშნული პროექტიც იგულისხმა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, ექსპლუატაციაში შესული და დაგეგმილი ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 698.57 მგვტ-ია.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებს, მთლიანმა წლიურმა ასიგნებამ 41.5 მლნ ლარი შეადგინა.

ცხრილი 1: 2020 წლის ენერგოპროექტების ბიუჯეტის გეგმა და შესრულება

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც ცხრილიდან ჩანს, სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების წლიური ასიგნება 41 500 000 ლარი იყო, ფაქტობრივად კი 30 062 477 ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, რადგან ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების ბიუჯეტის შესრულებამ მხოლოდ 72.43% შეადგინა, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში გარკვეული შეფერხება მაინც იყო. 2019 წელს ანალოგიური მიზნისთვის 15 294 245 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო ბიუჯეტის ფაქტობრივმა ხარჯმა 21 046 690 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2019 წელს ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების წლიური ბიუჯეტი გადაჭარბებით, 137.61%-ით შესრულდა. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადება ზუსტია, თუმცა ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი