გიგლა მიქაუტაძე: კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო ვალი და მშპ-ის 60%-იან ზღვარს გადასცდა. დღეს საქართველოს ერთ მოქალაქეზე 3-ჯერ მეტი სახელმწიფო ვალი მოდის, ვიდრე 2012 წელს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ გიგლა მიქაუტაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: 2012 წელთან შედარებით, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ერთ სულზე სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მონაცემი 3.6-ჯერ გაიზარდა, რაც პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ რიცხვზე 0.6-ით მეტია. ამავდროულად, მშპ-სთან ფარდობითი მაჩვენებელი გაორმაგებულია, რაც პანდემიის ეფექტის შედეგად გაზვიადებულია, თუმცა პრეპანდემიური პარამეტრებითაც ზრდა სოლიდურია.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მონაცემები ბუკვალურად გაგების შემთხვევაში რეალობას ძირითადად შეესაბამება, განცხადებაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია უგულებელყოფილია, რომლის ხსნებასაც შესაძლოა, განსხვავებული შთაბეჭდილება შეექმნა. კერძოდ:

1. უგულებელყოფილია წარსულში აღებული საგარეო ვალის ახალი კურსით გადაანგარიშების ეფექტი, თავის მხრივ კურსის ცვლილება კი სრულად საქართველოს მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება.

2. ერთ სულზე გაანგარიშებულ ვალზე საუბრისას უგულებელყოფილია, რომ პარალელურად ერთ სულზე მშპ-ც (შემოსავალი) გაზრდილია.

ამავდროულად, განცხადება მანიპულაციის ელემენტებს შეიცავს, რადგან 2012 წლის მონაცემი 2020 წლის შოკური პერიოდის მონაცემს დარდება, რაც ზრდის სიდიდის გაზვიადებას განაპირობებს.

შედეგად, განცხადება შინაარსობრივ ხარვეზებს და მანიპულაციის ელემენტებს ერთდროულად შეიცავს და „ფაქტ-მეტრის“ მიერ განსაზღვრულ არცერთ ვერდიქტს სრულყოფილად არ შეესაბამება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს. თავის მხრივ „ფაქტ-მეტრი“ შესაძლოა, აღებული ვალის ხარჯვის ეფექტიანობის ნაწილში გამოთქმულ კრიტიკას იზიარებდეს, თუმცა განცხადების მოცემული ნაწილი ვერდიქტზე გავლენის მატარებელ ფაქტორად არ განიხილება.

ანალიზი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გიგლა მიქაუტაძემ, „ქართული ოცნების“ 8-წლიანი საქმიანობის ეკონომიკური ასპექტების შეფასებისას განაცხადა: „კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო ვალის მოცულობა და მისი ნიშნული დაწესებულ მშპ-ის 60%-იან ზღვარს გადასცდა. დღეს საქართველოს ერთ მოქალაქეზე 3-ჯერ მეტი სახელმწიფო ვალი მოდის ლარში, ვიდრე 2012 წელს“.

საქართველოს სახელმწიფო ვალი [1] საქართველოს მთავრობის მთლიანი ვალის (მთავრობის შიდა და საგარეო ვალის ჯამი) და საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჯამს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი ვალის ეროვნული ვალუტით გამოსახულ ნაწილს მოიცავს, ხოლო საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს განცხადების კონტექსტი, განცხადება მთავრობისადმი მიმართულ კრიტიკას წარმოადგენს და არა მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციას, რომლის შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ვერდიქტიც განსხვავებული იქნებოდა, ხოლო კრიტიკას, დასაბუთების შესაბამისი სტანდარტი ესაჭიროება.

აღსანიშნავია, რომ ვალის დინამიკაზე მსჯელობისას, მათ შორის სხვადასხვა პერიოდის სტატისტიკის შედარებისას, რელევანტურია, არა მხოლოდ აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, არამედ ფარდობითი მაჩვენებლისაც და ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. თეორიულად, როცა განვიხილავთ, თუ რამდენით მეტი სახელმწიფო ვალი მოდის ერთ სულზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2020 წლის მდგომარეობით, მშპ ერთ სულზეც გაზრდილია. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელია მიღებული. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მონაცემი 3.6-ჯერ, ხოლო ფარდობით მაჩვენებელი 96%-ით არის გაზრდილი, ანუ გაორმაგებულია. აქვე, საჭიროა დაკონკრეტება ვალის ფარდობითი მაჩვენებლის 60%-ან ზღვართან დაკავშირებით, რომელზეც პოლიტიკოსი საუბრობს. კერძოდ, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, მთავრობის ვალის [2] (და არა სახელმწიფო ვალის) მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს.ნოემბრის მონაცემებით, მთავრობის ვალი მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის 59.2%-ს შეადგენდა, თუმცა, ბუნებრივია მოგვიანებით აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის ფარდობა მშპ-თან

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის მდგომარეობას ერთ სულზე, შესაბამისი მონაცემები ცხრილ 2-შია წარმოდგენილი. 2012 წელთან შედარებით, ერთ სულზე სახელმწიფო ვალი დაახლოებით 3.6-ჯერ არის გაზრდილი, 2012 წელს სახელმწიფო ვალი ერთ სულზე იყო 2257 ლარი, ხოლო 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ერთ სულზე 8110 ლარს შეადგენს. თუმცა, მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი შედარებით ნაკლებად, 98.2%-ით არის გაზრდილი, ანუ თითქმის გაორმაგებულია, რაც ასევე, ბუნებრივია, სოლიდურ ზრდას წარმოადგენს.

ცხრილი 2: ერთ სულზე სახელმწიფო ვალის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლების პროცენტული ცვლილება 2012 წელთან შედარებით

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია მოცემულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). სახელმწიფო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია. მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. გრაფიკ 3-ზე, წარმოდგენილია საგარეო სახელმწიფო ვალი, გამოსახული როგორც ლარში, ასევე დოლარში, ვალუტის კურსით გამოწვეული მერყეობის საილუსტრაციოდ. მეორეს მხრივ, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 3: სახელმწიფო საგარეო ვალი, გამოსახული ლარში და დოლარში, 2012-2020 (ნოემბრის) მდგომარეობით

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს ვალის მაჩვენებლების მკვეთრი მატება Covid-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). თავდაპირველად, 2020 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-თან 45%-ს შეადგენდა. 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 9.4 მლრდ ლარით გაიზარდა, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი 19.2 პროცენტული პუნქტით. პანდემიისას, ისევე როგორც, მაგალითად ომის ან სხვადასხვა ბუნებრივი/ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების კონტექსტში, ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება წინა წლებთან მანიპულირების ნიშნებს შეიცავს, ვალის 8-წლიანი დინამიკის ანალიზისას, მეტად მიზანშეწონილი და გამართლებული იქნებოდა 2019 წლის მაჩვენებლისა და 2020 წლის პანდემიამდე დაგეგმილი მაჩვენებლის განხილვა. პანდემიის შედეგებთან გამკლავების კონტექსტში, საბიუჯეტო ვალის და დეფიციტის მკვეთრი ზრდა, მსოფლიო მასშტაბით, მთელ რიგ ქვეყნებში დაფიქსირდა. თეორიულად, ეკონომიკური აქტივობის გაჩერების ფონზე, ვალის აღებითა და დეფიციტური ხარჯვის საშუალებით, პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და შემცირებული ერთიანი მოთხოვნის სტიმულირება ხდება. თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნულს უარყოფითი შედეგებიც ახლავს, მაგ: ინფლაცია, დანაზოგების შემცირება, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიმდინარე დეფიციტით გამოწვეულ ეფექტი, ისე, როგორც საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები, შემდგომ წლებში დადგება.

[1]საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა.

[2] მთავრობის ვალი, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით, არ მოიცავს ეროვნული ბანკის ვალს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი