სულიკო თებიძე: ეს [ადგილი, სადაც „ამბასადორი ბათუმი“ თექვსმეტსართულიან ობიექტს აშენებს] არ არის ბულვარი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სულიკო თებიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბათუმის ბულვარში, იქ, სადაც ადრე ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა მდებარეობდა, ოთხსართულიანი (სამი მიწისქვეშა სართულით) შენობის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს კომპანიამ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საბჭოს კვლავ მიმართა და თხუთმეტსართულიანი შენობის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინა. ადგილი, სადაც კომპანიამ მაღლივი კორპუსის აშენების სურვილი გამოხატა, ბათუმის მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ, შადრევნის გასწვრივ მდებარეობს. 2007 და 2017 წლებში ჩატარებული კვლევების თანახმადაც, ის ბულვარის საზღვრებშია მოქცეული, ბულვარს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მსგავსი ჩარევებისგან კანონი იცავს. ტერიტორია, რომელზეც „ამბასადორი ბათუმს“ თავისი შორსმიმავალი გეგმები აქვს, სწორედ ბულვარის ფარგლებშია მოქცეული და ამიტომაც დასჭირდა მას აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის პროექტის წარდგენა.

თუმცა, როცა 2019 წელს სააგენტოსგან 15-სართულიანი შენობის ჩადგმაზე უარი მიიღო, შპს „ამბასადორი ბათუმმა“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მისწერა, რომ მისთვის საინტერესო ტერიტორია ბათუმის ბულვარის საზღვრებიდან ამოეღო. ამაზე ეროვნულმა სააგენტომ უპასუხა, რომ საზღვრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნით დააკორექტირეს და თუ კომპანია ითხოვს მის ამოღებას ამ საზღვრებიდან, ეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია.

კომპანიის აღნიშნული მოთხოვნა და სააგენტოს პასუხი, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დასამტკიცებლად, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“ ექსპერტების ჩართვით მოამზადა, ადასტურებს, რომ ტერიტორია, რომელზეც „ამბასადორი ბათუმი“ 15-სართულიან კორპუსს აშენებს, ძეგლის საზღვრებშია მოქცეული. ეს არსებულ რუკებზეც კარგად ჩანს. მართალია, ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა დღემდე საპროექტო დოკუმენტაციის სახით არსებობს და საკრებულოს ის ჯერაც არ დაუმტკიცებია, მაგრამ ფაქტია, რომ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია მოქცეული. ამასთანავე, ბათუმის საკრებულო თვითონ არის ვალდებული, რომ ქალაქის განაშენიანებასთან, მისი ისტორიული და კულტურული ნაწილის დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეითანხმოს, გენერალური განაშენიანების გეგმა დაამტკიცოს. როცა ქალაქის თვითმმართველობა, უკვე წლებია, შესაბამის დოკუმენტაციას არ ამტკიცებს, მოქალაქეების ნაწილს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერია და საკრებულო შეგნებულად ტოვებენ სამართლებრივ „ხვრელებს“, რათა ბიზნესისა და პირადი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თვლის, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ტყუის, როცა „ამბასადორი ბათუმისთვის“ სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიას ბათუმის ბულვარის საზღვრებს არ აკუთვნებს.

ანალიზი:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ განაცხადა: „ეს [ადგილი, სადაც „ამბასადორი ბათუმი“ თექვსმეტსართულიან ობიექტს აშენებს] არ არის ბულვარი“.

შპს „ამბასადორი ბათუმს“ თავდაპირველად ბათუმის ბულვარში, ე. წ. ყოფილი საკურორტო პოლიკლინიკის ადგილას ოთხსართულიანი (სამი მიწისქვეშა სართულით) ობიექტის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა. კომპანიის მიერ მშენებლობის დაწყების მომენტშივე არსებობდა ეჭვი, რომ ის შეთანხმებული პროექტის მასშტაბებს არ დასჯერდებოდა და მოკლე დროში მაღალსართულიანი კორპუსის აშენების ნებართვას მოითხოვდა.

2019 წელს „ამბასადორი ბათუმმა“ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან 16-სართულიანი შენობის პროექტი წარუდგინა. თუმცა მაშინ სააგენტომ პროექტი არ შეითანხმა. მის ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ პროექტი მოეწონა, მაგრამ უნდა იმსჯელონ, ის ბულვარის განაშენიანებას რამდენად შეესაბამება. სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა კი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სტატუსიც გამოაქვეყნა, რომელშიც გადაჭრით აცხადებდა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 15-სართულიანი შენობა აღარ აშენდება.

კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი პროექტის განსახორციელებლად მხარდაჭერა დედაქალაქში მოეპოვებინა. გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს წერილით მიმართა და მისთვის სასურველი ტერიტორიის ბათუმის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება სთხოვა. ეროვნული სააგენტო არ დასთანხმდა და ჩათვალა, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. ერთი სიტყვით, ბათუმის ბულვარის საზღვრები უცვლელი დარჩა. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი იცავს.

აღსანიშნავია, რომ 2007 და 2017 წლებში, საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის, ასევე ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დასამტკიცებლად საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა. აღნიშნული კვლევები ცხადყოფს, რომ ბათუმის ბულვარი მოქცეულია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში. ეს სწორედ ის პროექტია, რომლიდანაც ლაშა კომახიძემ რამდენიმე ლოკაცია თვითნებურად ამოიღო და საკრებულოს შესათანხმებლად ისე წარუდგინა. „ფაქტ-მეტრი“ ამის შესახებ უკვე წერდა. საკრებულომ მაშინ ის პროექტი მოიწონა და შეითანხმა, მაგრამ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელსაც დასამტკიცებლად გაეგზავნა, დაახარვეზა, სწორედ იმიტომ, რომ პროექტში დაცვის ზონის საზღვრები შეცვლილი იყო.

დოკუმენტის პროექტი დღემდე დამტკიცებული არ არის. საზოგადოების ნაწილი და არასამთავრობოები, რომლებიც ბათუმის ბულვარში მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ზოგადად, ბათუმის ისტორიული ნაწილის შენარჩუნების მოთხოვნით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ, მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებები კანონს, გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ, ხშირად არღვევენ. მათი აზრით, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დოკუმენტი რომ არ დამტკიცებულა და ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა აქამდე არ აქვს, ეს მიზანმიმართულად კეთდება, რათა მავანთა მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებას ხელი არ შეეშალოს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი