ვახტანგ გომელაური: ვინ თქვა, რომ მოღალატეები არიან?! ვინმე ოფიციალურად გამოვიდა და გამოაცხადა?! მითხარით სახელი და გვარი!

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა, ვახტან გომელაურმა, არ/ვერ გაიხსენა, ვინ უწოდებდა საქმეზე დაკავებულ პირებს მოღალატეებს, „ქართული ოცნების“ რიგებიდან, „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით სახელმწიფო ღალატზე საუბარი მუდმივად ისმის. მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ბრალდებულების პირდაპირ დამნაშავედ გამოცხადების ფაქტებიც ვიხილეთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადებები, თითქოს მან არ იცის, თუ ვინ უწოდა „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს მოღალატეები, რაც მისი რიტორიკული კითხვებიდან გამომდინარეობს, არის ტყუილი.

ანალიზი

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლეს. პროკურატურამ გირაოს სახით მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გათავისუფლებულებთან დაკავშირებით შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დაარქმევს. „ვინ თქვა, ვინ მონათლა, რომ მოღალატეები არიან?! - ვინმე ოფიციალურად გამოვიდა და გამოაცხადა?! მითხარით სახელი და გვარი!“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ილიჩოვასა და მელაშვილის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა არ/ვერ გაიხსენა, საქმეზე დაკავებულ პირებს „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოღალატეებს ვინ უწოდებდა, „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით სახელმწიფო ღალატზე საუბარი მუდმივად ისმის. მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ბრალდებულების პირდაპირ დამნაშავედ გამოცხადების ფაქტებიც ვიხილეთ. შესაბამისად, მინისტრის განცხადებები, თითქოს მან არ იცის, „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს ვინ უწოდა მოღალატეები, რაც მისი რიტორიკული კითხვებიდან გამომდინარეობს, არის ტყუილი.

თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის მიმართვაც „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოძიების დაწყების საბაბი გახდა, მმართველი გუნდიდან ყველაზე მკვეთრი განცხადებები აქვს გაკეთებული. „ისინი, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, კოლექტიური სააკაშვილები არიან“, - განაცხადა მან TV IMEDI-ს ეთერში დავით გარეჯის დელიმიტაცია-დემარკაციაზე საუბრისას და აღნიშნა, რომ ღალატი ჩაიდინა, ვინც 2006-2007 წლებში საზღვრის თემაზე მუშაობდა.

„ქართულ არხზე“ გადაცემა „კიდობანში“ საუბრისას ღარიბაშვილმა კარტოგრაფების საქმეს სახელმწიფოს ღალატის საქმე უწოდა. „კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი,“ - აღნიშნა მან.

გამოძიების დასრულებამდე ალაპარაკდა ტერიტორიის გასხვისებაზე და სამშობლოს ღალატზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი: „არა აქვს არანაირი გამართლება ქვეყნის გაყიდვას, სამშობლოს ღალატს, ტერიტორიის გადაცემასა და გასხვისებას“. გარდა ამისა, მან ბრალდებულთა წრის ზრდაც იწინასწარმეტყველა: „ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს ყორღანაშვილებისა და მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. 2 ადამიანს ბრალი აქვს წარდგენილი. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან სხვებიც და თვითონვე აღიარეს თავისი რეაქციებითა და წამოცდენებით, რომ 70-80 მილიონზეა ლაპარაკი და მე არ მესმის, რა ფულზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ერთ გოჯ შენს მიწაზეა საუბარი“.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის (სახელმწიფო ღალატის შესახებ) კოდექსიდან ამოღება სწორედ გარეჯის კომისიის მუშაობას დაუკავშირა.

გასული წლის ოქტომბერში ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისთვის დამაჯერებელი არ არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უბრალო დამთხვევაა, რომ სწორედ მაშინ გაუქმდა ეს მუხლი, როდესაც ექსპერტულ დონეზე საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. „პარლამენტმა 2007 წელს სახელმწიფო ღალატის მუხლი მას შემდეგ გააუქმა, რაც ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა“, - განაცხადა მდინარაძემ დავით გარეჯის საქმეზე.

მდინარაძის მსგავსი შეფასება დღეისთვის უკვე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - თეა წულუკიანსა და შალვა პაპუაშვილსაც ჰქონდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი გუნდის შეფასებები სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით მანიპულაციურია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი, რომელიც კოდექსიდან 2007 წლის აპრილში იქნა ამოღებული, განსაზღვრავდა, ამავე თავით გათვალისწინებული რომელი მუხლები ითვლებოდა სახელმწიფოს ღალატად. ცალკე 307-ე მუხლი არ აწესებდა სისხლისსამართლებრივ სასჯელს და მხოლოდ ჩამოთვლიდა, თუ რომელი დანაშაული მიიჩნეოდა სახელმწიფოს ღალატად. შესაბამისად, კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებით მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა, იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია.

29 იანვარს შეურაცხმყოფელი სტატუსითა და ბრალდებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ივერი მელაშვილის გამოსვლას გადაცემა „რეაქციაში“.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალი უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელებისთვის ედებათ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი