დეზინფორმაცია: ვენაში გამართულ Covid-19-ის აკრძალვების საწინააღმდეგო დემონსტრაციას პოლიციაც შეუერთდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქართულ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენაში გამართულ Covid-19-ის აკრძალვების საწინააღმდეგო დემონსტრაციას პოლიციაც შეუერთდა, ვირუსულად ვრცელდება. ქართულ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის ძირითადი წყარო Facebook-მომხმარებელი Nero Tsulaia გახდა, რომელმაც დემონსტრაციის ვიდეო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „ავსტრიაში პოლიცია ხალხის მხარეს გადავიდა. კორონა აფიორას პირამიდა იმსხვრევა“. Nero Tsulaia-ს მიერ პირველ თებერვალს გაზიარებულ პოსტს დღემდე ორი ათასი გაზიარება აქვს. ვიდეო პერსონალური Facebook-პროფილების გარდა, ისეთ ჯგუფებში გაზიარდა, როგორიცაა: „ერთად ყოფნით სიყვარულით გადავარჩენთ საქართველოს“; ქართველები პოლონეთში/Georgians in Poland; საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!; ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი და ა.შ.

აქციაზე გადაღებული სხვა ვიდეოჩანაწერი მსგავსი შინაარსის წარწერით Facebook-მომხმარებელმა ხათუნა ხათუნამ ასევე გამოაქვეყნა. მის მიერ 2 თებერვალს გასაჯაროებულ ვიდეოს დღემდე 190 გაზიარება აქვს.

სინამდვილეში, Covid-19-ის აკრძალვების საწინააღმდეგო დემონსტრაციას, რომელიც ვენაში გაიმართა, პოლიცია არ შეერთებია. ვენის პოლიციის დირექტორატის განცხადებით, პროტესტანტების უმრავლესობა დამცავ ნიღაბს არ ატარებდა და დისტანციას არ იცავდა. ამასთან ერთად, იქიდან გამომდინარე, რომ 850 ადამიანის დაჯარიმებისა და 10 ადამიანის დაკავების შემდეგ სიტუაცია პროტესტანტებსა და პოლიციას შორის დაიძაბა, დირექტორატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოსახლეობის სვლა კანონის შესაბამისად და ჯანმრთელობის ნორმების მაქსიმალური დაცვით გაეფანტა და ეკონტროლებინა. შესაბამისად, პოლიციის რიგები პროტესტანტების რიგებს, პროტესტანტთა სვლის უსაფრთხოების კონტროლის ნორმების მაქსიმალური დაცვის მიზნით შეერია. ამასთან ერთად, პოლიციის ამ ქმედებით, შესაძლებელი გახდებოდა, ყოფილი სამეფო პალასის, პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენის ოფისისა და კანცლერი სებასტიან კურცის ოფისების მიმდებარე ტერიტორიებიდან, მთავარ გზა - რინგშტრასეზე ხალხის მასის შედინების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ვიდეოზე დაკვირვებითაც თვალსაჩინოა, რომ პოლიცილები პროტესტანტებისგან განსხვავებით, უბრალოდ მიყვებიან ხალხის ნაკადს და რაიმე სახის საპროტესტო მესიჯებს არ სკანდირებენ.

ავსტრიაში გამოსვლები 26 დეკემბრიდან არსებულ მესამე ეროვნულ ლოქდაუნს მოჰყვა. დემონსტრანტების მობილიზებაში, რომელთა რიცხვიც სხვადასხა წყაროებით 5000-დან 10 000-მდე მერყეობს, დიდი როლი რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიის „ავსტრიის თავისუფლების პარტიამ“ (Freiheitliche Partei Österreichs) ითამაშა. პარტია ბოლო თვეების განმავლობაში Covid-19-თან, ტესტირებასთან და ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით პოპულისტური და დეზინფორმაციის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი პარტიის გენერალური დირექტორის, მაიკლ შნედლიცის გამოსვლა იყო, სადაც მან კოკა-კოლაზე არასწორად ჩატარებული ტესტით, იმის დამტკიცება სცადა, რომ Covid-19-ის ტესტები არ მუშაობს. რეალურად კი, მან ტესტი არასწორად გამოიყენა. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი