დეზინფორმაცია: კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ბერძენი ონკოლოგის ინტერვიუს გამოყენებით

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

2021 წლის 4 თებერვალს, Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბერძენი ონკოლოგის დიმიტრი ანტონიუსის რადიო-ინტერვიუდან ამონარიდებია მოყვანილი. პოსტს ინტერვიუ ვიდეოს სახით აქვს დართული. ექიმი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები არ არის უსაფრთხო, ისინი ადამიანებს დაინფიცირებისგან არ დაიცავს და ადამიანებს ვირუსის მატარებლებს გახდის. მისივე მტკიცებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმში ცოცხალი ვირუსები შეჰყავთ, რომელიც დნმ-ს უკავშირდება. ბერძენი ექიმის ინტერვიუ სხვადასხვა დეზინფორმაციას შეიცავს.

მტკიცება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში ვირუსის სხვისთვის გადადების საშიშროება უფრო მაღალია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბერძენი ექიმის მტკიცებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში სხვისთვის ვირუსის გადაცემის საშიშროება უფრო დიდია, რადგან ამ დროს ადამიანს ვირუსის სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, ვაქცინაციას აზრი არ აქვს. ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებისა და სხვა მოსალოდნელი შედეგების შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხშირად ადამიანები ასიმპტომური პაციენტები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ აცრის შემთხვევაშიც კი, ადამიანს შეიძლება ვირუსი შეხვდეს, ვირუსის მატარებელი იყოს, თუმცა ამ ვირუსს ადამიანის იმუნური სისტემა მარტივად მოერიოს, ტემპერატურა და კორონავირუსის სხვა ნიშნები არ გამოვლინდეს, რადგან ის უკვე აცრილია, თუმცა ეს ინფექცია სხვას გადასდოს და იყოს გამავრცელებელი. ანალოგიური მდგომარეობაა კორონავირუსით ინფიცირებულ ასიმპტომურ პაციენტებშიც, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული. ამ პაციენტებს შეიძლება ვირუსი შეხვდეთ, მარტივად გადაიტანონ ის, თუმცა ამავდროულად ინფექციის გამავრცელებლები იყვნენ. აქედან გამომდინარე, როგორც ვაქცინირებული, ისე უბრალოდ ასიმპტომური პაციენტები შესაძლოა, ინფექციის გამავრცელებლები თანაბრად გახდნენ. დღეისათვის დამტკიცებული Pfizer-ის ვაქცინებისთვის ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ ის ადამიანს ინფექციის მტარებლობისგან როგორ დაიცავს. შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას რისკების შესამცირებლად რეკომენდაციის სახით პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებენ. AstraZeneca-ს ვაქცინას ვირუსის მტარებლობისგან დაცვა 76%-ით შეუძლია, რაც მაღალი მაჩვენებელია.

ამასთანავე, ვაქცინაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ვაქცინა ადამიანს სიკვდილისგან 100%-ით, ხოლო 90%-ის შემთხვევაში - კორონავირუსის შემდგომ მძიმე დაავადებების განვითარებისგანაც დაიცავს. შესაბამისად, პანდემიის პირობებში საკუთარი თავის თუ სხვა ადამიანების დაცვის საუკეთესო საშუალება ისევ და ისევ ვაქცინაციაა.

მტკიცება: ბერძენმა ექიმებმა პრეზიდენტს ვაქცინაციის შეწვეტის მიზნით მიმართეს, რადგან ვაქცინა სახიფათოა და მისი გამოცდა წინასწარ არ მომხდარა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანტონიუსის მტკიცებით, ბერძენი ექიმები პრეზიდენტს მოთხოვნით მიმართავენ, რომ ვაქცინაცია არ ჩატარდეს, რადგან ვაქცინა სახიფათოა და მისი გამოცდა წინასწარ არ მომხდარა. ექიმის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. ბერძენ ექიმებს პრეზიდენტისთვის მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავთ. ამასთანავე, კორონავირუსის დღეისთვის დადასტურებული ვაქცინები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებმა პრეკლინიკური ტესტირება და სამივე ფაზა გაიარეს.

Facebook-პოსტში mRNA ვაქცინების მოქმედებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციაცაა გაჟღერებული, რომლის თანახმადაც, ადამიანის ორგანიზმში ე.წ ტექნიკური ვირუსის შეყვანა ხდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. „ფაქტ-მეტრი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მუშაობის პრინციპზე აქამდეც აქტიურად წერდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ორი ავტორიზებული ვაქცინა, Pfizer/BioNTech და Moderna, გენეტიკურ მასალა რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებს წარმოადგენს. აღნიშნული ვაქცინების ძირითადი სტრუქტურული ერთეული ინფორმაციული რნმ-ია (ი-რნმ). Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ადამიანის ორგანიზმში ი-რნმ-ის მოლეკულის შეყვანით მუშაობს. მოლეკულის შეყვანა იმ პროტეინის გამომუშავებას იწვევს, რომელიც SARS-CoV-2-ის შემადგენელ ერთ-ერთ ვირუსულ ცილას ჰგავს. ორგანიზმში ერთგვარი კოპირების გზით წარმოქმნილ ცილებზე იმუნური სისტემა ანტისხეულების წარმოქმნით რეაგირებს, რაც მომავალში ადამიანის ნამდვილი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, უჯრედები იშლება და რნმ-ის მოლეკულისგან თავისუფლდება. ფაქტობრივად, ამ გზით იმუნური სისტემა სწავლობს, თუ პროტეინი როგორ ამოიცნოს და მის წინააღმდეგ ანტისხეულები როგორ წარმოქმნას. შესაბამისად, არც Moderna- Pfizer/BioNTech-ის და არც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელოვნურ, ე.წ ტექნიკურ ვირუსს არ შეიცავს.

ხოლო რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოებას, საჭიროა, ითქვას, რომ ი-რნმ (ინფორმაციული რნმ) ვაქცინების ადამიანის უჯრედებში შეყვანა დნმ-ის ცვლილებას არ იწვევს და ამ უჯრედების გამრავლების შემთხვევაში, ი-რნმ არ შედის ახალი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციაში. შესაბამისად, ი-რნმ, ადამიანის დნმ-ზე არც გავლენას ახდენს და არც რაიმე სახით მოქმედებს.

ი-რნმ ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ. მომავალში, ი-რნმ ვაქცინის ტექნოლოგიის საშუალებით, ერთი ვაქცინით რამდენიმე დაავადების პრევენცია შეიძლება იყოს შესაძლებელი, რაც ვაქცინით პრევენცირებადი ძირითადი დაავადებებისგან დასაცავად საჭირო აცრების რაოდენობას შეამცირებს. ამასთან ერთად, ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, ვაქცინის დამზადების უფრო სწრაფი მეთოდია. ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება.

2 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (BNT162b2) გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დაამტკიცა. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, პრეპარატმა კლინიკური კვლევის სამივე ფაზა წარმატებით გაიარა და 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. მოგვიანებით Pfizer / BioNTech-ის ეფექტურობა და COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მისი გამოყენების უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტომაც (EMA) დაადასტურეს. გარდა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისა, კლინიკური კვლევების დროს მაღალი ეფექტიანობა (94%) ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამაც აჩვენა, რომელსაც FDA-მ 18 დეკემბერს, ხოლო EMA-მ 6 იანვარს მიანიჭა ავტორიზაცია. შესაბამისად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის ჯანრთელობისთვის საფრთხის შემცველია, სიმართლედ არ შეესაბამება.

მტკიცება: საბერძნეთმა ევროკავშირისგან ვაქცინაციის პროცესზე დაკვირვების ნებართვა ითხოვა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დიმიტრი ანტონიუსის თქმით, საბერძნეთმა ევროკავშირისგან ვაქცინაციის პროცესზე დასაკვირვებლად დროებითი ნებართვა მიიღო. ამ ნებართვის თანახმად, თუ დაკვირვების პერიოდში ვაქცინაციის შემდეგ ბევრი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაშინ საბერძნეთი ვაქცინაციის პროცესს შეაჩერებდა. თუმცა, აღნიშნული მტკიცება ტყუილია, რადგან საბერძნეთს მსგავსი ნებართვისთვის ევროკავშირისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, ის არც მიუღია. საბერძნეთის მთავრობამ ევროკომისიას მხოლოდ ე.წ. „ვაქცინაციის პასპორტების“ შემოღების ინიციატივით მიმართა, რაც მსოფლიოს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთ-ერთ მექანიზმად ესახებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატიავა საბერძნეთში მოგზაურობის მსურველთათვის ვაქცინაციას სავალდებულოს არ ხდიდა, უბრალოდ მსგავსი სერტიფიკატების არსებობა ვაქცინირებულ პირებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემდა. ცნობითვის, საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესი Pfizer / BioNTech 2020 წლის 27 დეკემბერს დაიწყო სამედიცინო პერსონალით, პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის და სხვა პოლიტიკოსებით. საბერძნეთის მთავრობის გეგმის მიხედვით 2021 წლის მარტისთვის 2 მილიონი ადამიანი უნდა იყოს აცრილი.

მტკიცება: მსოფლიო ბანკის დადგმული სცენარი 2025 წლამდე გასტანს, ხოლო ვაქცინების გამოცდა ადამიანებზე 2023 წლამდე გაგრძელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ამასთანავე, პოსტის თანახმად, მსოფლიო ბანკის მიერ დადგმული სცენარი 2025 წლამდე გასტანს, ხოლო ვაქცინების გამოცდა ადამიანებზე 2023 წლამდე გაგრძელდება. აღნიშნული მტკიცებები არ შეესაბამება სიმართლეს. დეზინფორმაცია პანდემიის მსოფლიო ბანკის მიერ დადგმის შესახებ ინტერნეტ-სივრცეში უკვე დიდი ხანია ვრცელდება. მსოფლიო ბანკს პანდემიის ვადების განსაზღვრა ბუნებრივია, არ შეუძლია, რადგან ვირუსის მომაკვდინებელი ეფექტის და გავრცელების შემცირება ვაქცინების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის მიზანი 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ბანკი 15 თვის განმავლობაში 150-160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს, რათა ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს პანდემიისგან მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას. ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ის მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტემპით განხორცილდება და დიდი ნაწილის ვაქცინაცია სავარაუდოდ 2023 წლისთვის დასრულდება. ბუნებრივია ეს ვადებიც დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტემპით მოხდება ვაქცინების წარმოება და შემდეგ მათი განაწილება, თუმცა ამ პროცესს „მოსახლეობის საექსპერიმენტო“ ცხოველად გამოყენებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება მტკიცებას, რომლის თანახმადაც კაცობრიობის ისტორია ეკონომიკური მოგებიდან გამომდინარე იწერება, შესაბამისად, ვაქცინაციაც და პანდემიაც ეკონომიკური სარგებლის მიღებით არის განპირობებული, პანდემიის დაწყებიდან აქტიურად გავრცელებული დეზინფორმაციაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი „ფაქტ-მეტრი“ სხვადასხვა სტატიაში წერდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბერძენი ონკოლოგის დიმიტრი ანტონიუსი დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებაში აქამდეც არის შემჩნეული. მისი ერთ-ერთი ინტერვიუ ბერძნულმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა Elenika Hoaxes-მა გადაამოწმა და ყალბად შეაფასა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი