ირაკლი კიკნაველიძე: ჩვენ გვაქვს რეგულაციები და შეზღუდვები, ისეთი როგორიც აქვს მსოფლიოში 7 ქვეყანას. ყველა ჩვენზე მდიდარია, თან ძალიან მდიდარი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კიკნაველიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ინდექსის(Government Response Stringency Index) მიხედვით, საქართველო, 1 თებერვლის მდგომარეობით, მე-9 ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორებიც არის: ნიდერლანდები, ირლანდია, ისრაელი, ჰონდურასი და ა.შ

რაც შეეხება ამ ქვეყნებს შორის მშპ-ს (ერთ სულ მოსახლეზე) შედარებას, მიზანშეწონილია, დასახელებული მონაცემი ეკონომიკის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით(PPP) იქნას დათვლილი. ამ ნაწილში, პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ ქვეყნებს შორის,საქართველოს მხოლოდ ირლანდია, ნიდერლანდები და ისრაელი უსწრებს.

ანალიზი:

2021 წლის 1 თებერვალს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა: „ჩვენ გვაქვს რეგულაციები და შეზღუდვები, ისეთი როგორიც აქვს მსოფლიოში 7 ქვეყანას. ყველა ჩვენზე მდიდარია, თან ძალიან მდიდარი“.

Ourworldindata.org-ის 2021 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ამ სიაში საქართველოს ნიდერლანდები, ლებანონი, ერითრეა, ჰონდურასი, ვენესუელა, ირლანდია, ზიმბაბვე და ისრაელი უსწრებს.

ცხრილი1: მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ინდექსი

წყარო: Ourworldindata.org

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ამ სიაში მყოფი ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენზე წინაა, ჩვენზე მდიდარი ნამდვილად არ არის. იმისთვის, რომ შედარება უფრო რეალური იყოს მიზანშეწონილია ამ ქვეყნის ეკონომიკები ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით დავთვალოთ. შესაბამისად, საქართველოზე მდიდარი მხოლოდ ირლანდია, ნიდერლანდები და ისრაელია, ხოლო ყველა დანარჩენი ქვეყანა, მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე (PPP) დათვლით, ჩვენ ჩამოგვრჩება.

გრაფიკი1: მშპ ერთ სულ მოსახლეზე

წყარო: მსოფლიო ბანკი statista.com

საბოლოო ჯამში, ირაკლი კიკნაველიძის განცხადების პირველი ნაწილი, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ინდექსში საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, მეტწილად სიმართლეა. რაც შეეხება, ქვეყნების სიმდიდრესთან დაკავშირებით გაკეთებულ აღნიშვნას, კიკნაველიძის განცხადების ეს ნაწილი არაზუსტია. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ინდექსში საქართველოზე მაღალი პოზიცია აქვთ, მხოლოდ 3 ქვეყანაა ჩვენზე მდიდარი, ხოლო 5 ჩვენზე ღარიბი. შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კიკნაველიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ფაქტ-მეტრმა, საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრისა და ამ შეზღუდვების ეკონომიკური ზეგავლენის შესახებ სტატია უკვე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული საკითხი მეტად დეტალურად არის განხილული (იხილეთ ანალიზი).

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი