ანა დოლიძე: სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 73 020-ია და ეს მონაცემი ბოლო რვა წლის მაქსიმუმია. სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, ბოლო წლების განმავლობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2020 წელი, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, 76 000-ია“.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით (იხილეთ დანართი 1) სამინისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში -15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის ახორციელებს. 2013 წლიდან მოყოლებული, სამინისტრო ბაზის ასლებს ინახავს და ინფორმაციას სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ მხოლოდ ამ თარიღის შესაბამისად ან მიმდინარე თარიღით გასცემს. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ 2013 წლიდან ინახავს, ჩვენ 2013 წლამდე არსებული მდგომარეობის შეფასება არ შეგვიძლია.

კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს: სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით (იხილეთ დანართი 2), 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სტატუსი 73 020 სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათგან 29 306 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული, რაც საერთო რაოდენობის 40.1%-ია. რაც შეეხება გასულ წლებს, ნოემბრის თვის მონაცემით, 2019 წელს სტატუსი 70 239 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, ხოლო 2018 წელს - 64 898 სტუდენტს. 2013 წლიდან სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა და მათ შორის ფინანსური დავალიანების გამო სწავლაშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირია:

ცხრილი1: სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 2013-2020 წლებში (01.11 მდგომარეობით)

წყარო: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

როგორც ცხრილიდან ჩანს, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, ბოლო წლების განმავლობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა დრამატული ზრდა 2018 წელს მოხდა, როცა წინა წელთან შედარებით, სატატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 19 717-ით გაიზარდა. ამავე წელს, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობაც გაორმაგდა. ზოგადად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობაც მზარდია. ეს რაოდენობა რიცხობრივად ყველაზე მეტი 2019 წელს იყო და მათმა წილმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში 42% შეადგინა, ხოლო სტატუსშეჩერებული სტუდენტების წილი ყველაზე მაღალი 2018 წელს იყო - 45%. როგორ აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 73 020-ია და ეს მონაცემი, როგორ ანა დოლიძე აცხადებს, მართლაც ბოლო რვა წლის მაქსიმუმია.

27 იანვარს პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადასახადის განახევრება იყო.

ჯერჯერობით, დასახელებულ აქციას სამინისტროს მხრიდან, გამოხმაურება არ მოჰყოლია.

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამას თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები ფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 1000-ით გაიზარდა, ხოლო დაფინანსებულ მაგისტრანტთა რაოდენობა გაორმაგდა და მათი რაოდენობა 600 იქნება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და ყოველ წელს წინა წლის მაჩვენებელს აღემატება. ამასთან, მაღალია ამ ადამიანებს შორის ისეთი სტუდენტების რიცხვი, რომელთაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული. „ფაქტ-მეტრი“ ითვალისწინებს იმ კონტექსტს, რომ პრობლემა მწვავეა და თითქმის ყოველ მესამე სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, თუმცა ვინაიდან 2020 წლის მონაცემებში დრამატული ზრდა არ გვაქვს, ამასთან არ ვფლობთ ინფორმაციას 2013 წლამდე არსებულ ვითარებაზე, ანა დოლიძის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი