ანალიზი:

Facebook-მომხმარებელი Lasha Modebadze სოციალურ ქსელში მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს. პოსტს თან ფოტო ახლავს, რომელზეც კორონავირუსის პატენტის დოკუმენტია გამოსახული. Facebook-მომხმარებელი მკითხველს განუმარტავს, რომ მხოლოდ ისეთი რამის დაპატენტებაა შესაძლებელი, რაც ადამიანის მიერაა შექმნილი.

აღნიშნული დოკუმენტი, დეზინფორმაციულ წყაროებში საერთაშორისო მასშტაბით, 2020 წლის იანვარშივე აქტიურად გავრცელდა. როგორც დეზინფორმატორები აცხადებდნენ, კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია, რომელიც მკვლევრებმა 2015 წელს შექმნეს. ინფორმაცია იმის შესახებაც ვრცელდებოდა, რომ ბრიტანული Pirbright Institute, რომელიც პატენტის მფლობელია, კორონავირუსის პატენტისთვის დაფინანსებას ბილ და მელინდა გეითსის ფონდისგან იღებდა.

ამჟამად, მსგავს ინფორმაციას Facebook-მომხმარებელი Lasha Modebadze ავრცელებს. მისი პოსტი მანიპულაციური ხასიათისაა და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ლაშა მოდებაძე მკითხველს დოკუმენტის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდის. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო COVID-19-ის პატენტის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს და COVID-19 ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია.

სინამდვილეში, კორონავირუსი არა ერთი კონკრეტული ვირუსის, არამედ ვირუსთა ჯგუფის სახელწოდებაა. ამ ტიპის ვირუსი პირველად 1930 წელს აღმოაჩინეს. მათ როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა დაინფიცირება შეუძლიათ. კორონავირუსის ჯგუფის ვირუსებს შორის Sars-Cov-2 (რომელიც Covid-19-ის ინფექციას იწვევს), აქამდე კარგად ცნობილი SARS და MERS და სხვა ტიპის კორონავირუსებია.

Lasha Modebadze-ის მიერ გავრცელებული ფოტო არა COVID-19-ის, არამედ კორონავირუსის ჯგუფის სხვა ვირუსის - ინფექციური ბრონქიტის ვირუსის (IBV) - შესახებაა, რომელსაც შინაური ფრინველის ინფიცირება შეუძლია. როგორც ფაქტების გადამმოწმებელი საერთაშორისო პლატფორმა FullFact წერს, აღნიშნული პატენტი კორონავირუსის ჯგუფის ვირუსის „ცოცხალი შესუსტებული“ ვარიანტისთვის შექმნეს. 2015 წელს პატენტის მფლობელი ბრიტანული Pirbright Institute გახდა. შესუსტებული ვირუსის დაპატენტების მიზანი კი - სამომავლოდ ამ დასუსტებული ვირუსისგან, ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება იყო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ კორონავირუსს, რომელიც დოკუმენტზეა გამოსახული, COVID-19-თან, რომელიც 2019 წელს ჩინეთში გამოვლინდა, არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ბილ და მელინდა გეითსების ფონდს, ამ ფონდისგან ბრიტანულმა Pirbright Institute-მა დაფინანსება რამდენჯერმე ნამდვილად მიიღო, თუმცა არა ზემოაღნიშნული დაპატენტებული ვირუსის კვლევისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ Pirbright Institute კვლევებსა და სამუშაოებს ადამიანის კორონავირუსის ირგვლივ ამჯერად საერთოდ არ ატარებს.

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქყვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი