გიგა ბოკერია: არავინ არ დასჯილა ძალის გამოყენებისთვის მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 20 ივნისის მოვლენებიდან 19 თვეზე მეტია გასული, თუმცა ამ დრომდე არცერთი ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მანიფესტაციის შესაძლო დისპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლაზე, დაკავებული/პასუხისგებაში მიცემული არააა. ამ დრომდე, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ 3 რიგითი თანამშრომლის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და სასამართლომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

ანალიზი:

2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

სასამართლო პორცესის პარალერულად, ნიკა მელიას მხარდაჭერის მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელები და ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებენ, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად პარტიის ოფისში მისულ სამართლდამცავებს, არ დაემორჩილონ.

ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ, 2021 წლის 18 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, „მოუწოდებს როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში“.

შსს-ს განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. „მთავარ არხთან“ საუბრისას პოლიტიკოსმა განაცხადა: „ქვეყანაში, სადაც ეს კრიზისი შექმნილია წელიწად-ნახევარია, ორი წელიწადია გავრილოვის ღამის პოლიტიკური შემოქმედებისგან და სამართლებრივი დამნაშავეების ხელისუფლებისგან, სადაც არავინ არ დასჯილა ძალის გამოყენებისთვის მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, დაკავება ოპონენტის და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერის არის სერიოზული განაცხადი ავტორიტარიზმის შემდეგ ხარისხზე გადასვლის“.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ გაიმართა. ასამბლეის მსვლელობისას რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში სპიკერისთვის განკუთვნული ადგილი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. 20 ივნისს, 19:00 სთ-ზე, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დაიწყო. მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პარალელურად კი მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. ღამის 12 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრემლმდენი გაზისა და კინეტიკური ჭურვების (რეზინის ტყვიების) გამოყენებით პარლამენტის წინ გამართული მანიფესტაცია, გაუფრთხილებლად დაშალა. ოფიციალური მონაცემებით, აქციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 40-მდე ჟურნალისტი. მოქალაქეების ნაწილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ორმა მათგანმა კი, მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო, თვალი დაკარგა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი საქმის გამოძიება დაიწყო. ერთი საქმე ჯგუფურ ძალადობას, მეორე კი, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ეხება.

ამ დრომდე, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ 3 რიგითი თანამშრომლის მიმართ დაიწყო. საყურადღებოა, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ, სასამართლომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

20 ივნისის მოვლენებიდან 19 თვეზე მეტია გასული, თუმცა ამ დრომდე არცერთი ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მანიფესტაციის ძალის გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშლის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაზე, დაკავებული არაა. ასევე არც ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ კონკრეტული რიგითი სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების პრევენცია/აღკვეთაზე, პასუხისგებაში მიცემულნი არ არიან. 20 ივნისის აქციის ძალისმიერი გზით დაშლისას უამრავი მოქალაქე დაზიანდა, მეტიც აქციის რამდენიმე მონაწილეს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. შესაბამისად, გამოძიების მიერ შსს-ს 3 რიგითი თანამშრომლის დაკავება და შემდგომში მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, არ შეიძლება სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ეფექტურ გამოძიებად შეფასდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი