სოციალურ ქსელში, საქართველოს განათლების სისტემასთან დაკავშირებით ყალბი და მანიპულაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინტერნეტ სივრცეში, Facebook-მომხმარებლები და ვებგვერდი qartuliazri.reportiori.ge საქართველოს განათლების სისტემის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. აღნიშნული სტატია qartuliazri.reportiori.ge-მ 2019 წლის 13 თებერვალს გამოაქვეყნა. qartuliazri.reportiori.ge-ის თანახმად, სტატიის იდენტური პოსტი მერაბ ჯიბლაძემ პირად Facebook-პროფილზე გამოაქვეყნა. თუმცა „ფაქტ-მეტრმა“ უშუალოდ მერაბ ჯიბლაძის Facebook-ზე მსგავსი ან იდენტური შინაარსის პოსტი ვერ მოიძია. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი ძველია, ბოლო კვირების განმავლობაში პოსტის აქტუალობის გამო, „ფაქტ-მეტრს“ გადამოწმების მიზნით მომხმარებელმა მიმართა.

მტკიცება 1: ამერიკაში, საქართველოსგან განსხვავებით, საჯარო სკოლებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს საშუალო, მაღალი და აკადემიური სკოლები, რაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე განათლების მიღების საშუალებას იძლევა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მსგავსი სახელწოდების ან ტიპის საშუალო, მაღალი ან აკადემიური სკოლები ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემაში არ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სპეციალური სკოლები (Magnet Schools) არსებობს, სადაც მოსწავლეებს, მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე, სკოლაში მოსახვედრად კონკურსის გავლა დიდი კონკურენციის პირობებში უწევთ. კონკრეტული სკოლები ხშირ შემთხვევაში, რაიმე ისეთ კონკრეტულ სფეროში სპეციალიზდება, როგორიცაა: ტექნიკური ან ჰუმანიტარული საგნები. მსგავსი ტიპის საჯარო სპეციალიზებული სკოლები, მაგალითად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, საქართველოშიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ის მაღალი აკადემიური ან სპეციალიზებული სკოლები, რომლებზეც პოსტის ავტორი საუბრობს, ამერიკაში საჯარო სკოლებისგან განცალკევებულად არ ფუნქციონირებს. სკოლები, სადაც კონკრეტული დისციპლინები ინტენსიურად, სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით მაღალ დონეზე ისწავლება, საჯარო სკოლების ერთ-ერთი სახეობაა და არა განცალკევებული ერთეული. ამასთან ერთად, ეს არ წარმოადგენს ამერიკულ ფენომენს და სპეციალიზებული სკოლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, მერაბ ჯიბლაძის მტკიცება, თითქოს ამერიკაში საჯარო სკოლებისგან განცალკევებულად მაღალი აკადემიური მოსწრების სკოლები ფუნქციონირებს, საქართველოში კი მსგავსი რამ არ არსებობს, ყალბი ამბავია.

მტკიცება 2: ამერიკულ სკოლებში სასწავლო პროცესი სამი ტიპის - A, B და C პროგრამებით მიმდინარეობს, ქართულ საჯარო სკოლებში კი, ყველაზე დაბალი დონის პროგრამა - A ფუნქციონირებს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

A,B და C ტიპის სასწავლო პროგრამები არ არსებობს.

მტკიცება 3: ქართველ მოსწავლეს, რომელიც A დაბალი დონის პროგრამით არის მომზადებული, აკრძალული აქვს მაღალი დონის განათლების მიღება მაშინ, როცა ამერიკელ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალი დონის B ან C პროგრამებით სწავლობენ სკოლაში, შეუძლიათ სხვადასხვა დონის უნივერსიტეტებში ჩააბარონ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პირველ რიგში, როგორც მტკიცება 3-ში აღვნიშნეთ, A, B და C პროგრამები არ არსებობს. 2005 წლის მაისში, ბერგენის სამიტის შემდეგ, საქართველო ბოლონიის პროცესშია ჩართული და არის ლისაბონის კონვენციის მონაწილე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სისტემა (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება) განათლების ევროპულ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება. სრული ზოგადი განათლების ატესტატი, პროფესიული კოლეჯის დიპლომი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი აღიარებულია ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 2004-2007 წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სტრუქტურა და ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა. სრული ზოგადი განათლება კი საქართველოში სამ საფეხურს მოიცავს: დაწყებითი ( I-VI კლასები); საბაზო ( VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები).

გრაფიკი 1: წყარო

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ქართველ მოსწავლეებს, ქართული სასკოლო განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დონის უნივერსიტეტებში ჩაბარება არ შეუძლიათ. საქართველოს განათლების სისტემის სტრუქტურა, იძლევა იმის საშუალებას, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი განათლება და ასევე სწავლა საზღვარგარეთ უმაღლესი დონის, მაგალითად ამერიკის ყველაზე პრესტიჟული „აივი ლიგის“ (Ivy League) ისეთ უნივერსიტეტებში განაგრძონ, როგორიცაა: ჰარვარდის, პრინსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები.

მტკიცება 4: სახელმძღვანელოების შედგენა ხდება A პროგრამის მიხედვით, რაც არ უზრუნველყოფს შესაბამისი დონის განათლებას.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პირველ რიგში, A პროგრამის განათლება ან სახელმძღვანელოს სტანდარტები არ არსებობს. საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლებში, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ხორციელდება. გრიფირების შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო დონეზე გამოყენებული სახელმძღვანელოები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან არის თანხვედრაში და გამართულია სამინისტროს მიერ დადგენილი შინაარსობრივი, მეთოდური თუ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

მტკიცება 5: 2003 წელთან შედარებით, დღეისათვის სკოლების რიცხვი 1,5-ჯერაა შემცირებული

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაცემების თანახმად, საქართველოში 2002/2003 წლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომელიც 3 305 ერთეულს შეადგენდა, 2018/2019 წლებში (პოსტის დაწერის დროს) 2, 313 ერთეულამდეა დაყვანილი. კონკრეტული მონაცემების თანახმად, სკოლების რაოდენობა 2003 წელთან შედარებით, სტატუსის დაწერის მომენტისთვის 1.42 -ჯერ იყო შემცირებული, რაც საკმაოდ ახლოსაა ავტორის მიერ დასახელებულ 1.5-თან. ამის მიუხედავად, ინფორმაცია ნეგატიურ კონტექსტშია მოწოდებული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სკოლების რაოდენობის შემცირება განათლების ხარისხზე ნეგატიურად აისახა. რეალურად, აღნიშნული შემცირება გამოიწვია საჯარო სკოლების ოპტიმიზაციამ (ძირითადად სოფლად) და კერძო სკოლებისთვის ავტორიზაციის მოთხოვნის შემოღებამ, რაც ზოგიერთი კერძო სკოლის დახურვის მიზეზი გახდა, რომლებმაც ისეთი სტანდარტების დაკმაყოფილება ვერ შეძლეს, როგორიცაა: სათანადო ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათებისა და გათბობის საშუალებები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და ა.შ.

მტკიცება 6: საქართველოს ბიუჯეტიდან მთელი განათლების სისტემისათვის გამოყოფილია 7,5 %. ამ დროს რუსეთმა განათლებისათვის ბიუჯეტიდან 20% გამოყო.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მსოფლიო ბანკის ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაციამ 2017 წელს განათლების სფეროსთვის მთელი ბიუჯეტის 13.4 %, საქართველოს მთავრობამ კი 12.5% გამოყო. ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2000-2017 წლებში, ბიუჯეტიდან განათლების სფეროსთვის გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალი წილი რუსეთში 2017 წელს დაფიქსირდა - 13.4%, ხოლო საქართველოში 2004 წელს - 15%. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაციიდან გამომდინარე, მერაბ ჯიბლაძის მიერ მოყვანილის სტატისტიკა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, მცდარია.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი