სოციალურ ქსელში გიგი წერეთლისა და სერგეი გავრილოვის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 16 თებერვალს „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი წერეთლისა და რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ფოტო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა. გავრცელებულ ფოტოებში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, ჩამოჭრილია. ორიგინალი ფოტოს დამახინჯება Facebook მომხმარებლებში იმ განწყობის შექმნას ემსახურება, თითქოს საქართველოში გავრილოვის სტუმრობა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ფოტოს მანიპულაციური ვერსია პირველად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა Facebook გვერდმა - ლიდერი 41 - გამოაქვეყნა, აღწერით: „გიგი წერეთელი და სერგეი გავრილოვი. გავრილოვის საქმე იყო ნაცების დაგეგმილი პროვოკაცია. შეხვედრა ეუთოს ფარგლებში, 2019 წლის 22 აპრილი“. აღნიშნული ფოტო, რითაც მოხმარებელი გავრილოვისა და წერეთლის კავშირს ამტკიცებდა, გამოქვეყნდა Facebook ჯგუფში - წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ჯგუფია.

მანიპულაციური ფოტოს გავრცელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყალბმა Facebook ანგარიშებმა (Irma Lekiashvili და Anna Kiladze) და სამთავრობო პროპაგანდისრტულმა გვერდებმაც (ქვეყნის მტრები). ყოველი მათგანი ფოტოს ერთნაირი შინაარსის გზავნილით აზიარებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

სინამდვილეში, ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი - ზაქარია ქუცნაშვილიცაა - გამოსახული.

ორიგინალ ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ) მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრს - ზაქარია ქუცნაშვილს, ასამბლეის პრეზიდენტს - სერგეი გავრილოვს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს - გიგი წერეთელს, ასამბლეის გენერალურ მდივანს - ანდრეას მიქაილისიდისა და საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველს - კოსტას მეგდალისის ვხედავთ. ფოტოზე ასახული შეხვედრა 2019 წლის 22 თებერვალს ვენაში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი - სერგეი გავრილოვი - და მისი წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გიგი წერეთელს და გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას, შეხვდნენ.

საინტერესოა, რომ ფოტოს ორიგინალ ვერსიას 2021 წლის 5 იანვარს შექმნილი Facebook გვერდი - ნაცები, შმაცები და შმაცუნები - ავრცელებს. თუმცა აღწერაში აქცენტი მხოლოდ გიგი წერეთლისა და გავრილოვის შეხვედრაზეა გაკეთებული, ზაქარია ქუცნაშვილი კი საერთოდ არაა ნახსენები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული პოსტი დასპონსორებულია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავრცელებული ფოტოს მეშვეობით, სერგეი გავრილოვის ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირება, ხელოვნური და მანიპულაციურია. გიგი წერეთელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა, შეხვედრის ორიგინალ ფოტოზე კი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიცაა, გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ მანიპულაციური ფოტოს გამოქვეყნება „ნაციონალური მოძრაობისა“ და სერგეი გავრილოვის კავშირის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებს ემთხვევა. 2021 წლის 16 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კობახიძემ, განაცხადა, რომ „სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია... გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა“. სერგეი გავრილოვისა და ოპოზიციის კავშირის შესახებ კომენტარები სახელისუფლებო პირებისგან მანამდეც კეთდებოდა.

ცნობისთვის, 2021 წლის 17 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა მელიას ბრალად 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი